ყურულიშვილი სერგო
ყურულიშვილი სერგო - (დ. - 1894 - გ. - 1925) - დიპლომატი. 1918-1924 წლებში ვარშავაში (პოლონეთი) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსული. განათლებით ინჟინერ-ტექნიკოსი, ჟურნალისტი და პოეტი ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში აქტიურ საზოგადო მოღვაწეობას ეწეოდა.
სარჩევი |
ბიოგრაფია
საჩხერეში დაიბადა. მამა - ვანო ყურულიშვილი, ხოლო დედა - ეკატერინე ნაზარიშვილი. ძმა იან (ვანო) ყურულიშვილი პოლონეთის რკინიგზის თანამშრომლად მუშაობდა. პოლონეთში 1918 წელს გაემგზავრა, მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. პოლონეთში იგი თავის მეუღლე მარიასთან ერთად ჩავიდა. საქართველოს საკონსულო ნოვი შვიატის ქუჩაზე №17-ში მდებარეობდა.
ვარშავაში მისმა მოღვაწეობამ ქართველი ემიგრანტების მუშაობა გამოაცოცხლა. ქალაქ ბიალისტოკში 1920 წელს პოლონეთში მცხოვრები ქართველების ყრილობა მოაწყო, სადაც ქართული სახალხო საბჭო აირჩიეს. მისი მიზანი ურთიერთდახმარება, საქართველოსა და პოლონეთს შორის მეგობრული, პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერა იყო. კრებამ პირველ რიგში მისალმება გაუგზავნა სეიმს. 1920 წლიდან პოლონეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩის - სიდამონ-ერისთავის, ს. ყურულიშვილის, ა. გოძიაშვილის ინიციატივით პოლონეთში ქართველთა თვითგადარჩენის კომიტეტი შეიქმნა, რომელიც 1921 წლამდე არსებობდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ პოლონეთის სამხედრო სკოლებში ქართველების მომზადება გადაწყდა. საბოლოო გადაწყვეტილება 1921 წლის 1 სექტემბერს მიიღეს, როდესაც გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადისლავ სიკორსკიმ, თანხმობა განაცხადა 25 ქართველის ვარშავის პოდხორონჟთა სკოლაში მიღებაზე, სადაც სწავლება 1921 წლის დეკემბერში დაიწყო.
სერგო ყურულიშვილი პოლონეთში საქართველოს სასარგებლოდ დიდ აგიტაციას ეწეოდა. 1921 წელს ქართულ-პოლონური კლუბი შეიქმნა, რომლის დამფუძნებელი საბჭოს თავმჯდომარედაც აირჩიეს. საზოგადოების ძირითადი მიზანი „ქართველი და პოლონელი ხალხების ეკონომიკური და კულტურულ-საზოგადოებრივი დაახლოება“ უნდა ყოფილიყო. გამოუშვეს ერთჯერადი ჟურნალი „ამირანი“, რომელიც ქართველი და პოლონელი ხალხების ისტორიას ეძღვნებოდა. ჟურნალის რედაქტორი სერგო ყურულიშვილი გახდა. 1921 წელს საქართველოზე პოპულარული გამოცემების სერიას ჩაუყარა საფუძველი. აღსანიშნავია მისი ნაშრომი „გრუზია“ პოლონურ ენაზე, რომელიც 1924 ლ. კულჩიცკიმ ცალკე ბროშურად გამოაქვეყნა. 1922 წლის პირველ ნახევარში ვარშავაში პოლონეთის ქართული კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომლის პირველი თავმჯდომარე სერგო ყურულიშვილი გახდა. კომიტეტი მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართველ ემიგრანტებს და მათ ოჯახებს, ორგანიზებას უკეთებდა ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნას და მეგობრულ შეხვედრებს, ეწეოდა საგამომცემლო საქმიანობას, რომელიც ფინანსური სიძნელეების გამო საკმაოდ შეზღუდული იყო. დაიბეჭდა ერთჯერადი ჟურნალი „პრო ჯეორჯია“ (1922 წელს) და „პრო პატრია“ (1923 წელს). 1923 წლის ოქტომბერში ვარშავაში გამოიცა „კურიერ სტოლეჩნის“ პირველი ნომერი. ჟურნალის გამომცემელი ვალენტინა სასვოიჩიცკა, ხოლო რედაქტორი და მისი გამოცემის ინიციატორი - სერგო ყურულიშვილი იყო.
1925 წლის 25 მარტს ტრაგიკულად გარდაიცვალა. ვარშავის ერთ-ერთ კაფეში მას ტყვია ესროლეს. მისი გარდაცვალების შესახებ იმდროინდელი ვარშავის პრესა აქტიურად წერდა. 1925 წლის მაისში „აღმოსავლეთის ხმის“ 30-ე ნომერში განთავსდა ნეკროლოგი, რომელსაც ხელს აწერდა პოლონეთის ქართველ სტუდენტთა წრე.
ლელა სარალიძე
ლიტერატურა
- საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ჰარვარდის უნივ. მიკროფ. ასლები, საქ. 988;
- ა. ვოჟნიაკი, ქართული ემიგრაციის საზოგადოება და ორგანიზაციები პოლონეთში, ვარშ., 2001;
- ვარშავის ქართული ემიგრაცია, ჟურ. „ქართული ემიგრაცია“, 2014, №2.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი