ყულევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყულევი – სოფელი საქართველოში, სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობისწყლის შესართავთან, შავი ზღვის ნაპირას. ზღვის დონიდან 2 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ხობიდან დაშორებულია 18 კილომეტრით, ფოთიდან 15 კმ-ით. ისტორიული ქალაქი რედუტ-კალე.


სპეციალისტთა ერთი ნაწილის მიერ ხულევი მიჩნეულია ისეთ სახელად, რომელშიც თითქოს ასახული იყოს საქართველოს ბედუკუღმართი ეპოქა, როცა ჩვენს ქვეყანაში ტყვეებით ვაჭრობა იყო გაჩაღებული. იმავე დროის ანარეკლად არის მიჩნეული სოფლის სახელი საყულიაც (წყალტუბოს რ-ნი): „ტყვედ გაყიდული ქართველები აქედან გემებით მიჰყავდათ უცხოეთშიო“

აღნიშნული თვალსაზრისი არსებითად ემყარება იმ ენობრივ ფაქტს, რომ აღმოსავლური წარმოშობის სიტყვა ყული ქართულად „ტყვეს“ „მონას“ ნიშნავს. მაგრამ ყულის ეს მნიშვნელობა მაინცადამაინც ქართველი ტყვეების წასაყვანი ადგილის არსებობას არ უნდა გულისხმობდეს. საქმე ისაა, რომ ქართულ ენაში ყული გეხვნება როგორც რელიგიურ-სარწმუნოებრივი ტერმინი. მართალია, იგი მონას, ტყვეს ნიშნავს, მაგრამ აქ უნდა ვიგულისხმოთ არა გასაყიდად შეპყრობილი ადამიანი, არამედ ღვთის მიერ „დაჭერილი“ მონა, მსახური, ყმა, მორჩილი, ტყვე… ეს რომ ასეა, ამას აღმოსავლური (მუსლიმანური) ონომასტიკის მონაცემებიც ადასტურებს. გავიხსენოთ: იმამ-ყული-ხანი, ალი-ყული-ხანი, შაჰ-ყული; ჟულიაშვილი, ჟულიჯანაშვილი… და სხვ. ეს ნიშნავს იმამის (ალის, შაჰის…) ყმა, მონა, ერთგული მსახური და მისთ. საგულისხმოა თვით ის ფაქტიც, რომ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც თურქული ენა მეტ-ნაკლებ გავლენას ახდენდა (აჭარა, გურია, სამეგრელო, ქვემო ქართლი), შემორჩენილია არაერთი გეოგრაფიული ობიექტის სახელი, რომელშიც სიტყვა ყული მონაწილეობს. აქაც, ამ სახელებშიც, აღნიშნულია არა ტყვეების გასაყიდად წაყვანის ადგილი, არამედ რაღაც რიტუალური ნაგებობის ოდინდელი არსებობის დამადასტურებელი ფაქტი.

შეიძლება დავასკვნათ რომ ყულევი (ყულე-ევ-ი) ნიშნავს: „ციხესიმაგრიანი ადგილი“. მას ტყვეების გაყიდვასთან საერთო არაფერი არ უნდა ჰქონდეს.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები