ღამბაშიძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღამბაშიძე დავით (დათიკო) (დ. - 1884 - გ. - 1963) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, მეცენატი.

ბიოგრაფია

დაიბადა ცნობილი სასულიერო პირისა და საზოგადო მოღვაწის, დეკანოზ დავით (დარისპან) ღამბაშიძის (1841-1910) ოჯახში. დედა ალექსანდრე ყაზბეგის მამიდაშვილი - ოლღა (გურანდუხტ) ყაზბეგი იყო. იგი მამით რუსი იყო, გვარად ოტრეპიევა, თუმცა დედის გვარს - ყაზბეგს ატარებდა. დავით ღამბაშიძეს და ო. ყაზბეგს 4 შვილი შეეძინათ: ვახტანგი, ქსენოფონტე, მიხეილი და დავითი. ქსენოფონტე მამის გზას გაჰყვა. მეორე ვაჟი - ვახტანგი (1872-1951) საქვეყნოდ ცნობილი ექიმი, კურორტ ცემის დამაარსებელი და შემდგომში საფრანგეთში ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე იყო, რომლის ხელშიც დალია სული მისმა მეგობარმა - ქაქუცა ჩოლოყაშვილმა. მიხეილი ახალგაზრდა გარდაიცვალა. რაც შეეხება უმცროს დათიკოს, ის 1920 წლამდე დიდ ბრიტანეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი ელჩი იყო. ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, რუსეთის იმპერიის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი და ანტანტის სახელმწიფოთა პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი პიროვნება იყო. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში უშუალო კავშირი ჰქონდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დაზვერვის დეპარტამენტთან. საქართველოს დამოუკიდებლობით ინგლისის პოლიტიკური წრეების დაინტერესებას აქტიურად ცდილობდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აკაკი ჩხენკელმა, 1918 წლის 28 ნოემბერს დავით ღამბაშიძეს რწმუნების სიგელი გაუგზავნა და პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკება დაავალა, რის საფუძველზეც შემდეგში იგი დიდ ბრიტანეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ელჩი გახდა. რაც შეეხება პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მის მოღვაწეობას, ერთ-ერთი საარქივო დოკუმენტის თანახმად, როგორც დელეგაციის თავმჯდომარე კ. ჩხეიძე წერს: „ერთ-ერთ კრებაზე (ეს იყო 1919 წლის 7 მაისს) დელეგაციამ დაადგინა შეავსოს თავისი შემადგენლობა ახალი წევრებით. ამნაირად მოქცევის უფლება ჩვენ წინასწარ წამოვიღეთ მთავრობისგან. ასე რომ, ამ მომენტიდან დელეგაციის წევრებად ითვლებიან სხვებთან ერთად: ზ. ავალიშვილი, კ. გვარჯალაძე და დავით ღამბაშიძე. აქვე უნდა მოვიხსენიოთ, რომ ეს უკანასკნელი თითქმის იმ დღესვე გაემგზავრა ლონდონში და შემდეგ ის საქართველოში წავიდა. ასე რომ, ის არ დასწრებია დელეგაციის არც ერთ კრებას და მისი პარიზში არ ყოფნის დროს (6 თვის განმავლობაში) არც ტელეგრამა და არც წერილი არ მოუწოდებია დელეგაციისათვის და ამნაირად სრულად შეწყვიტა ჩვენთან კავშირი და დამოკიდებულება. როცა ჩვენ გავიგეთ, რომ (ეს იყო 1919 წლის ნოემბერში) მას მთავრობა ამერიკაში გზავნისო, დელეგაციამ სხდომაზე დასკვნა გამოიტანა, რომ დავით ღამბაშიძე, ფაქტობრივად, საქართველოს პარიზში მყოფი დელეგაციის წევრად არასოდეს ყოფილა. დავით ღამბაშიძე, ცოტა ხნის შემდეგ, ინგლისში იქნა გაგზავნილი საქართველოსთვის სხვადასხვა საქონლის შესაძენად (როგორიც არის სამეურნეო მანქანები, ქიმიური და ფარმაცევტული ნაწარმოები და სხვა) და ინგლისის ბანკირებსა და საკრედიტო დაწესებულებებთან ამის თაობაზე მოსალაპარაკებლად“.

1918 ლონდონში გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი: „კავკასიის ნავთობ ინდუსტრია და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ ევროპისა და აზიისათვის“; იმავე წლის გაზაფხულზე, 24-გვერდიანი ბროშურა სათაურით: „კავკასია: მისი ხალხი, ეკონომიკა და თანამედროვე მდგომარეობა“, სადაც ოსმალეთის ხელისუფლების გეოპოლიტიკური ზრახვები წარმოაჩინა, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა დიდი ბრიტანეთის ინტერესებს; 1919 კვლავ გამოაქვეყნა ლონდონში 200-გვერდიანი ნაშრომი „საქართველოსა და კავკასიის მინერალური რესურსები - მარგანეცის ინდუსტრია საქართველოში“.

დავით ღამბაშიძემ ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისი უდიდებულესობის დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ რწმუნების სიგელი ჯერ კიდევ 1919 წლის 14 მარტს გაუგზავნა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - ლორდ კერზონის სახელით მას აცნობეს, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მას ოფიციალურად ვერ მიიღებდა, რადგან პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი გადაწყვეტილი არ იყო. იმავე მოთხოვნით 1920 წლის 14 იანვარს, საქართველოს დე ფაქტო დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, კიდევ ერთხელ მიმართა ინგლისის ხელისუფლებას, მაგრამ 29 იანვარს მან კვლავ უარი მიიღო იმ მოტივით, რომ „დე ფაქტო“ აღიარება ოფიციალურად აკრედიტებული დიპლომატის ქვეყანაში ყოფნას არ ითვალისწინებდა; თუმცა ქართველ დიპლომატს პირობა მისცეს, რომ მას არაოფიციალურად ყოველთვის მიიღებდნენ, როგორც დიდ ბრიტანეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელს. ინგლისელი დიპლომატები მას „პრობრიტანული ორიენტაციის პოლიტიკოსად“ მოიხსენიებდნენ.

მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა დავით ღამბაშიძეს, როგორც სანდო და ამასთანავე დასავლურ წრეებში ცნობილ პიროვნებას, მათთან შესახვედრად ხშირად იწვევდა. მან უმასპინძლა გენერალ ჯეიმს ჰარბორდის ამერიკულ მისიას; ასევე დახვდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ხმელთაშუა ზღვის საზღვაო ძალების სარდალს - ადმირალ დე რობეკს; 1920 წლის 11 ივნისს სწორედ დავით ღამბაშიძე დაიბარა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - ლორდ კერზონმა, რათა მისთვის ბათუმიდან დიდი ბრიტანეთის ჯარების ევაკუაციასთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება ეცნობებინა. 1920 წლის 5 ივლისს თბილისში ჩამოვიდა ბრიტანეთის მთავრობის რწმუნებული პოლკოვნიკი სტოუქსი, რომელსაც ჩამოჰყვა დავით ღამბაშიძე. 28 ივლისს ბათუმის საკითხზე სტოუქსსა და ჩვენი მთავრობის წარმომადგენელს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის შედეგად ბათუმი თავისი ოლქით საქართველოს ხელში გადმოვიდა.


1921 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტია. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, გერმანიასა და ინგლისში. წერილებს ბეჭდავდა გაზეთ „თეთრი გიორგის“ ფურცლებზე. გაზეთი 1926-1939 წლებში პარიზსა და ბერლინში გამოდიოდა. 1933 წლის 10 ივნისს ბერლინში დაარსდა „ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაცია გერმანიაში“, რომლის წევრიც დავით ღამბაშიძე იყო, თუმცა მან 1938 წელს დატოვა ორგანიზაციის რიგები. დავით ღამბაშიძე იტალიაში გარდაიცვალა.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ჰარვარდის უნივ. მიკროფ. ასლები, საქ. 1483, საქ. 704;
  • D. Gambashidze, The Caucasian petroleum industry and its importance for easter Europe and AsIa, London: Anglo-Georgian Society, 1918; Charles à Court Repington, „The First World War, 1914-1918“, Vol. II, ed. Constable & Co, London, 1920;
  • ზ. ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, თბ., 1929;
  • გ. გელაშვილი, რამდენიმე წერილი ოლივერ უორდროპის კოლექციიდან, კრ. „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“, თსუ, ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თბ., 2009;
  • ლ. ცომაია, მინიმუმ გრიგოლ დიასამიძის წერილები შალვა ამირეჯიბს, მასალები ქართული ემიგრაციის ისტორიის კვლევისათვის, ჟურ. „ქართული ემიგრაცია“, თბ., 3(6)/2015;
  • ბ. კობახიძე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიის უცნობი მხარეები - დავით ღამბაშიძე, კრ. „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“, თსუ, ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თბ., 2013.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები