ქურდიანი სოლომონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოლომონ ქურდიანი

ქურდიანი სოლომონ ზაქარიას ძე (1867, საგარეჯო - 1937) - ქართველი მეტყევე-სელექციონერი, თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, დენდროლოგი.

სწავლობდა ნოვოალექსანდრიის (პოლონეთი) სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტში, რომელიც 1900 დაამთავრა. მუშაობდა ამავე ინსტიტუტში მეტყევეობის კათედრაზე ასისტენტად. 1903-1904 წლებში კითხულობს დენდროლოგიის კურსს სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტზე. რამდენიმეჯერ ჩამოიყვანა თავისი სტუდენტები საქართველოში სასწავლო პრაქტიკისათვის ბორჯომ-ბაკურიანის ტყეებში. 1912 პეტერბურგში გამოაქვეყნა დენდროლოგიის სახელმძღვანელო.

1918 წლის 17 აგვისტოს, თბილისი ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მოიწვიეს უნივერსიტეტის პროფესორად ბოტანიკის კათედრაზე, მის ასისტენტად კი მოგვიანებით ზაქარია ყანჩაველი შეირჩა.

სოლომონ ქურდიანის აქტიური მონაწილეობით (1930) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა აგრონომიული ფაკულტეტი და მის ბაზაზე დაარსდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. იყო ინსტიტუტის დენდროლოგიის, სატყეო ტაქსაციისა და სატყეო მეურნეობის კათედრის გამგე და სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის დეკანი. 1929 დაინიშნა ცენტრალური სატყეო საცდელი სადგურის დირექტორად. შრომებს აქვეყნებდა ქართულ და უცხოურ ენებზე. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა საქართველოს ტყეების არაერთი აღწერა. ბიჭვინთის, ტევრის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ყორუღის, ნაღვარევის, ელდარის, ბაწარას და მარიამჯვრის ნაკრძალის ტყეებს ქურდიანის სახელი ეწოდა. ებრძოდა ტყის დაუდევრად ჩეხვას, ამ ბრძოლას კი სიცოცხლე შესწირა.

1937 წელის დიდი ტერორის დროს „ხალხის მტრად” გამოაცხადეს, დააპატიმრეს და სასჯელის უმკაცრესი ზომა, დახვრეტა შეუფარდეს. მისი ნაშრომები კი აიკრძალა. დასაფლავების ადგილი უცნობია.

მანანა ლილუაშვილი


ლიტერატურა

ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბ., 2006.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები