ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი - ამ სინდრომის აღწერისთვის, რომლის წამყვანი ნიშანი ქრონიკული, დამაუძლურებელი დაღლილობაა, მრავალ ტერმინს იყენებენ, როგორიცაა: ვირუსის შემდგომი დაღლილობის სინდრომი, ნევრასთენია და მიალგიური ენცეფალომიელიტი. ამჟამად უპირატესობა ენიჭება ტერმინს - „ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.“ ამ დიაგნოზის მიხედვით, ავადმყოფობა უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ ექვსი თვე და უნდა გამოირიცხოს დაღლილობის სხვა მიზეზები (Fukuda et al., 1994).

ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ხანგრძლივი ისტორია აქვს. მეცხრამეტე საუკუნეში ის დიაგნოსტირებული იყო, როგორც ნევრასთენია (Wessely, 1990). ICD-10-ში ეს სინდრომი კვლავ ასეთი სახელწოდებითაა შესული. ჩინეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც ამავე სახელითაა ცნობილი. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ნაწილობრივ ემთხვევა სხვა ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, დეპრესიის, შფოთვის და სომატოფორმული აშლილობის ჩათვლით.

სარჩევი

კლინიკური ნიშნები

სინდრომის ძირითადი ნიშანია დაღლილობის შეგრძნება დასვენებისას და ქანცგამოლეულობის გახანგრძლივებული განცდა უმნიშვნელო ფიზიკური და ფსიქიკური ძალისხმევის შემდეგ. ამას თან ახლავს კუნთების ტკივილი, ცუდი კონცენტრაცია და სხვა სიმპტომები, რომლებიც მოცემულია (ცხრილში). ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, უპირველეს ყოვლისა, აწუხებთ აქტივობისთვის თავის არიდების საკითხი. ფრუსტრაცია, დეპრესია და ცუდ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა ყველაზე გავრცელებული მახასიათებლებია.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის შემთხვევის განსაზღვრა (Fukuda et al., 1994)
კრიტერიუმები, რომლებიც სინდრომის არსებობაზე მიუთითებს
კლინიკურად შეფასებული, სამედიცინო თვალასაზრისით აუხსნელი დაღლილობა, რომელიც მინიმუმ 6 თვე გრძელდება:
  • ახალი დაწყებული (არ აღინიშნება მთელი ცხოვრების მანძილზე)
  • არ წარმოადგენს ამჟამად გაწეული ფიზიკური ან სხვა სახის ძალისხმევის (დაძაბულობის) შედეგს
  • მნიშვნელოვნად არ მცირდება დასვენების შედეგად
  • აქტივობის ჩვეული დონე მნიშვნელოვნად დაწეულია
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან 4 ან მეტი სიმპტომის არსებობა:
  • ინდივიდი თვლის, რომ მეხსიერება გაუუარესდა
  • ყელის ტკივილი
  • მგრძნობიარე ლიმფური ჯირკვლები
  • კუნთების ტკივილი
  • სახსრების ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • ძილი, რომელსაც არ მოსდევს ძალების განახლება
  • ძალისხმევის გაწევის შემდეგომი დისკომფორტი, რომელიც 24 საათზე მეტ ხანს გრძელდება
კრიტერიუმები, რომლებიც გამორიცხავს სინდრომის არსებობას
  • ამჟამინდელი დაავადება; დაავადება, რომელიც არ განიკურნა; ეჭვი დაავადების არსებობაზე
  • ფსიქოზური, მელანქოლიური ან ბიპოლარული დეპრესია (მაგრამ არა დიდი დეპრესია გართულებების გარეშე)
  • ფსიქოზური აშლილობა
  • დემენცია
  • ნერვული ანორექსია ან ბულიმია
  • ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების ავადმოხმარება
  • მძიმე სიმსუქნე

ეპიდემიოლოგია

ზოგადი პოპულაციის გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ პერსისტენტულ დაღლილობას უჩივის ყოველ გამოკითხვაში მონაწილე პოპულაციის ერთი მეოთხედი. ამ ტიპის ჩივილები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებს აკითხავენ. თუმცა, იმ ადამიანებიდან, რომლებიც უჩივიან განსაკუთრებულად ინტენსიურ დაღლილობას, მხოლოდ მცირე ნაწილი აკმაყოფილებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის კრიტერიუმებს. გავრცელების სიხშირე ზოგად პოპულაციაში 0.3-1%-ს შეადგენს (Jason et al., 1999).

ეტიოლოგია

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ეტიოლოგია წინააღმდეგობრივი ხასიათისაა. სინდრომის გამომწვევად ითვლება შემდეგი ფაქტორები:

  • ბიოლოგიური მიზეზები. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზად ასახელებენ ქრონიკულ ინფექციას, იმუნურ დისფუნქციას, კუნთური სისტემის დარღვევებს, ნეიროენდოკრინულ დისფუნქციასა და ცუდად განსაზღვრულ ნევროლოგიურ დარღვევას. არც ერთი ამ მიზეზთაგანი არ დასტურდება საკმარისი მტკიცებულებით, გარდა ინფექციისა, რომელიც შეიძლება პრეციპიტატული ფაქტორის როლს ასრულებდეს.
  • ფსიქოლოგიური და ქცევითი ფაქტორები. ესენი, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ფაქტორებია, განსაკუთრებით, წუხილი სიმპტომის მნიშვნელოვნების გამო, რის შედეგადაც ხდება სიმპტომებზე ყურადღების კონცენტრაცია და ფიზიკური და ფსიქიკური აქტივობისთვის

თავის არიდება, რაც აუარესებს მისი შესრულების ხარისხს. მრავალი პაციენტი დეპრესიულია და/ან შფოთვას განიცდის.

  • სოციალური ფაქტორები. სამუშაო ადგილზე მიღებული სტრესი ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. რწმენა, რომლის თანახმად, მიზეზი წესით ფიზიკური ხასიათისა უნდა იყოს, შეიძლება განპირობებული იყოს ფსიქიატრიულ დიაგნოზებთან დაკავშირებული სტიგმით და, აგრეთვე, პაციენტებისგან და პრაქტიკოსებისგან მიღებული ინფორმაციით.

ეტიოლოგიის მიმართ ალტერნატიული მიდგომა გულისხმობს პრედისპოზიციური, პრეციპიტატული და შემანარჩუნებელი ფაქტორების როლის დადგენას:

  • პრედისპოზიციურ ფაქტორებში შედის დიდი დეპრესიული აშლილობის წარსული ისტორია და, ალბათ, ისეთი პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა პერფექციონიზმი;
  • პრეციპიტატულ ფაქტორებში შედის ვირუსული ინფექცია და ცხოვრებისეული სტრესული მოვლენა;
  • შემანარჩუნებელ ფაქტორებში შეიძლება შედიოდეს ნეიროენდოკრინული დისფუნქცია, ემოციური აშლილობა, არსებული დარღვევის მთლიანად ფიზიკურ დაავადებასთან დაკავშირება, განრიდების დაძლევის სტრატეგიის გამოყენება, ქრონიკული პიროვნული და სოციალური სიძნელეები, მედიისა და სხვა წყაროების მიერ მოწოდებული მცდარი ინფორმაცია.

მიმდინარეობა და პროგნოზი

გრძელვადიანი პროგნოზი, ჩვეულებრივ, დადებითი არ არის. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ პროგნოზის შემსწავლელ გამოკვლევათა უმეტესობაში მონაწილე პაციენტებს, სამედიცინო ცენტრებში მოხვედრამდე, ალბათ, ბევრად უფრო ადრე აღენიშნებოდათ დაღლილობის სინდრომი. გარდა ამისა, გამოკვლევათა უმრავლესობა პროგნოზის პრობლემას შეისწავლიდა იქამდე, სანამ ფართოდ დამკვიდრდებოდა მკურნალობის ახალი მეთოდები.

მკურნალობა

ქრონიკული დაღლილობის სინდრომს მრავალი მეთოდით მკურნალობენ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანია ეფექტური. ჩატარდა რამდენიმე რანდომიზებული კონტროლირებადი გამოკვლევა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიისა და გრადუირებული ვარჯიშის რეჟიმის გამოყენებით. აღმოჩნდა, რომ ეს პროცედურები უფრო ეფექტურია სამედიცინო პროცედურებთან და რელაქსაციის თერაპიასთან შედარებით, იმ შემთხვევაში, თუ მათ დამოუკიდებლად იყენებენ (Whiting et al., 2001).

მართვა

გამოკვლევა

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის სამედიცინო თვალსაზრისით აუხსნელი ვითარების შემთხვევაში, აქაც გამოკვლევის შედეგად უნდა გამოირიცხოს ქრონიკული დაღლილობის განკურნებადი სომატური და ფსიქიკური მიზეზები. მნიშვნელოვანია, პაციენტს საგულდაგულოდ გამოვკითხოთ დეპრესიული სიმპტომების შესახებ, რადგან მან შეიძლება საკუთარი სურვილით არ მოინდომოს მათი გამჟღავნება. მიუხედავად იმისა, რომ აზრი არ აქვს მრავალმხრივი სომატური გამოკვლევის ჩატარებას, ასეთი პაციენტების გამოკვლევისას ფსიქიატრს შეუძლია ზოგადი პროფილის ექიმთან ითანამშრომლოს. შემთხვევის ნებისმიერი სახით ფორმულირება შესაბამის ეტიოლოგიურ ფაქტორზე უნდა მიუთითებდეს.

მკურნალობის დაწყება

გასავლელია ექვსი ძირითადი საფეხური:

  1. პაციენტის სიმპტომების რეალურობისა და მათთან დაკავშირებული უუნარობის გათვალისწინება;
  2. პაციენტისა და მისი ოჯახისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სინდრომის ბუნების შესახებ;
  3. ეტიოლოგიური ფორმულირების წარდგენა სამუშაო ჰიპოთეზის სახით, რომელიც კამათის საგნად კი არ უნდა იქცეს, არამედ საფუძვლიანად უნდა გადამოწმდეს;
  4. დადგენილი დეპრესიისა და შფოთვის მკურნალობა;
  5. ხელის შეწყობა პაციენტისთვის, რათა იგი თანდათანობით დაუბრუნდეს ფუნქციონირების ნორმალურ დონეს, განრიდების დაძლევისა და ფიზიკური აქტივობის უნარის აღდგენის გზით;
  6. დახმარების გაწევა, რათა პაციენტმა შეძლოს სამუშაოსთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა სახის პრაქტიკული პრობლემების მოგვარება.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები