სიმსუქნე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმსუქნე - არის მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს სხეულის ჭარბი ცხიმიანობა. სიმსუქნის დიაგნოზი მაშინ დაისმის, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (სმი = სხეულის წონა(კგ)/სიმაღლე(მ2) აღემატება 30-ს.

ბრიტანეთის ზრდასრული მოსახლეობის 20% ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მატულობს. სიმსუქნე ასოცირებულია ლეტალობის მაღალ მაჩვენებელთან, ხოლო მძიმე შემთხვევებში (სმი >40) 25-35 წლის ასაკობრივ პოპულაციაში ლეტალობის რისკი 12-ჯერ იზრდება. ითვლება, რომ ყოველწლიურად აშშ-ში 300 000 ლეტალური შემთხვევის მიზეზი სიმსუქნეა, რის გამოც ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, პრევენციის თვალსაზრისით, თამბაქოს მოხმარების შემდეგ, რიგით მეორე პრობლემას წარმოადგენს (Zohrabian, 2005).

სარჩევი

ეტიოლოგია

სიმსუქნის ახსნა შეიძლება გენეტიკური ფაქტორით. ამას აძლიერებს სოციალური ფაქტორებიც, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მაგ., მაღალკალორიული საკვების გადამეტებული რაოდენობით მიღებას და არასაკმარის ფიზიკურ ვარჯიშს. ფსიქოლოგიური მიზეზები, ძირითადად, ნაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ, რიგ შემთხვევებში, როდესაც გადამეტებული ჭამა, სავარაუდოდ, ემოციური ფაქტორებით არის განპირობებული, საჭიროა ფსიქიატრის კონსულტაცია. ფსიქიატრს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ფსიქოტროპული პრეპარატი ხელს უწყობს წონის მატებას და მასთან ასოცირებულ მეტაბოლურ დარღვევებს.

ფსიქოლოგიური შედეგები

მიუხედავად იმისა, რომ აფექტური აშლილობების დიაგნოზი ხშირად დაესმით ჭარბწონიან ადამიანებს, მრავალმა კვლევამ, რომელთა დროსაც შეადარეს გუნებ-განწყობის აშლილობების სიხშირე ჭარბი წონის მქონე პირებსა და ზოგად პოპულაციაში, უმნიშვნელო განსხვავება აჩვენა. ჭარბწონიანობის საკითხი ყველაზე მეტად მაღალი და საშუალო სოციო-ეკონომიკური კლასის თინეიჯერ და ახალგაზრდა ქალებს აწუხებთ. ისინი ისეთ სოციალურ გარემოში ცხოვრობენ, რომელშიც დისკრიმინაცია და წინასწარგანწყობებია გავრცელებული.

მსუქანი ადამიანების ფსიქოპათოლოგიის დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მათ საკუთარ სხეულზე დამახინჯებული წარმოდგენა აქვთ, საკუთარ თავს გროტესკულად აღიქვამენ და სწამთ, რომ გარშემო მყოფი პირები აგდებულად უყურებენ მათ. ეს დარღვევა დაკავშირებულია გარკვეული სახის თვითცნობიერებასთან და სოციალურ შეზღუდვებთან. ის აღენიშნება მსუქანი ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილს, რომელსაც ბავშვობიდან ჭარბი წონა და დაბალი თვითშეფასება ახასიათებს (Stunkard and Waddon, 2000).

მიმდინარეობა

სიმსუქნე ქრონიკული, მუდმივი პრობლემაა. მსუქანი ბავშვები და მოზარდები ამ პრობლემას მკურნალობის გარეშე ვერ უმკლავდებიან. ზრდასრული ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომელსაც არ გაუვლია მკურნალობა, აგრძელებს წონაში მატებას და ყოველწლიურად დაახლოებით 1 კგ-ს იმატებს.

მკურნალობა

დღესდღეობით საყოველთაოდ მიღებულია, რომ მკურნალობის მიზანია წონის 5-10 %-ით შემცირება. იდეალური წონის მიღწევის მცდელობები რეალურ შედეგებს არ იძლევა, რადგან ძნელი მისაღწევი და შესანარჩუნებელია. ზომიერი მიზნის დასახვას კი მოაქვს სამედიცინო სარგებელი და, ასევე, სხეულის ხატისა და გუნებ-განწყობის გაუმჯობესება. აგრეთვე, საჭიროა, რომ პაციენტს შეეძლოს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე წონის მართვა.

მკურნალობის ძირითადი ვარიანტებია:

  • ქცევის მოდიფიკაცია. ამ შემთხვევაში გამოყენებული ინტერვენციის სამიზნეა კვების პატერნები და მოხმარებული საკვების თავისებურება. ამავე დროს, ასეთ ინტერვენციას მოსდევს მიღებული კალორიების რაოდენობის ზომიერი შემცირება. ქცევის მოდიფიკაციის მეთოდის გამოყენებისას, თანდათანობით ზრდიან ფიზიკურ აქტივობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა ეფექტურია ხანმოკლე პერიოდში გამოყენების დროს, მოგვიანებით წონის თანდათანობითი აღდგენა ხდება.
  • ფარმაკოლოგიური მკურნალობა. ბრიტანეთში სადღეისოდ მკურნალობის ორი საშუალება გამოიყენება: ორლისტატი - ლიპაზას ინჰიბიტორი, რომელიც აქვეითებს ცხიმების აბსორბციას და სიბუტრამინი, რომელიც შერეული მონოამინების უკუმიტაცების ინჰიბიტორია და მადას აქვეითებს. ორივე წამალი ზომიერი სარგებლის მომტანია, იწვევს წონაში კლებას და შესაძლებელია

მიღებული შედეგის ერთ წლამდე შენარჩუშენარჩუნება (Padwal et al., 2003). ანტიდეპრესანებთან და ანტიფსიქოზურ წამლებთან ერთად არ არის რეკომენდებული სიბუტრამინის დანიშვნა

ნებისმიერი ფორმის მკურნალობის გრძელვადიანი შედეგი არადამაკმაყოფილებელია, განურჩევლად იმისა, იმყოფებოდა პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, თუ - არა. ქცევის მოდიფიკაციის პრინციპებზე დაფუძნებულ ჯგუფურ თერაპიას და თვითდახმარების ჯგუფებს აქვს მოკლევადიანი სარგებელი, მაგრამ გრძელვადიან შედეგს ვერ აუმჯობესებენ. იგივე შეიძლება ითქვას ისეთ მეთოდებზე, როგორიცაა მადის დათრგუნვა და ბიჰევიორული მეთოდი (Eckel, 2002).

ქირურგიული მკურნალობა

ქირურგიული ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მძიმე სიმსუქნის დროს (სმი>40), როდესაც სხეულის მასის ინდექსი აღემატება 35-ს, და ისეთი სერიოზული სამედიცინო გართულებების დროს, რომლებსაც წონაში კლება ამსუბუქებს.

სიმსუქნის დროს ორი ტიპის ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ: პირველია კუჭის შევიწროება, რაც გულისხმობს დამჭერების გამოყენებით კუჭის ზომის შემცირებას და, აქედან გამომდინარე, ზრდის კუჭის ავსების შეგრძნებას. მეორე მეთოდი გულისხმობს ნაწლავების შუნტირებას. ასეთ დროს მოკლდება ის ნაწლავები, რომლებიც საკვების შეწოვაში მონაწილეობენ. ეს ორი ოპერაცია სერიოზული რისკის შემცველია და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები უშედეგოა (National Institute for Clinical Excellence, 2002).

მართვა

მკურნალობა ძირითადად ტარდება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სამედიცინო კლინიკებში. ფსიქიატრებმა კარგად უნდა იცოდნენ, თუ როგორი სტანდარტული მკურნალობა ტარდება სიმსუქნის დროს და რა როლი ენიჭება თვითდახმარებისა და კომერციულ პროგრამებს, მაგ., პროგრამა Weight Watcher. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის ეფექტურობა ბუნდოვანია, გასათვალისწინებელია, რომ ესა და სხვა მსგავსი პროგრამები კვებისა და ფიზიკური აქტივობის მკაფიო და ვალიდურ პრინციპებზეა დაფუძნებული, რის გამოც, ისინი, სავარაუდოდ, სასარგებლო უნდა იყოს ზომიერი ხარისხის გაცხიმოვნებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის შემთხვევაში. მსუბუქი ჭარბწონიანობის მქონე პირების დახმარება შესაძლებელია მარტივი რჩევის მიცემით დიეტისა და ვარჯიშის შესახებ; ხოლო უფრო მძიმე შემთხვევები კი საჭიროებს უფრო მეტად სტრუქტურირებულ ბიჰევიორულ პროგრამებს თანმხლები ფარმაკოლოგიური მკურნალობით, თუ წინა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. პაციენტს უნდა ვურჩიოთ, შეზღუდოს კვების რაციონში რაფინირებული შაქარი და ცომეული და მიიღოს ბოჭკოს შემცველი ნახშირწყლები. ჩვეულებრივ, დღეში მიღებული კალორიების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს 500კკალ-ით, რათა წონაში კლება კვირაში ერთ გირვანქას (დაახლოებით, 0.45 კილოგრამს) შეადგენდეს. ასევე, უნდა გაიზარდოს ფიზიკური აქტივობა, რაც ხელს შეუწყობს წონაში კლებას და გააუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული აზრის თანახმად, დიეტის დაცვას არასასურველი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური გვერდითი მოვლენები ახლავს თან, ეს, წესით, არ უნდა იყოს პრობლემა იმ ჭარბწონიანი პირებისთვის, რომლებიც ზომიერ დიეტას იცავენ (Hitchcock and Pugh, 2002).

მძიმე ჭარბწონიანობის მქონე ადამიანებს სჭირდებათ გამოკვლევა და მკურნალობა სპეციალიზირებულ კლინიკებში.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები