ტაბაწყურის ტბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაბაწყურის ტბა

ტაბაწყურის ტბა – ტბა სამსრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში, ზღვის დდონიდან 1991 მ სიმაღლეზე.

ზედაპირის ფართობია 14.2 კმ2,
აუზის ფართობი – 83.1 კმ2,
უდიდესი სიღრმე – 40.2 მ (უღრმესი ტბა ჯავახეთში),
წყლის მოცულობა – 221 მლნ მ3 (უდიდესი საქართველოში).

ტბის ქვაბული წარმოიქმნა ვულკანური ლავის ნაკადით მდინარის ხეობის გადაკეტვის შედეგად. ტბა გამდინარეა მხოლოდ მიწისქვეშა გზით. ზამთარში წყალი იყინება სამი თვით. წყალი მტკნარია და მდიდარია თევზით, განსაკუთრებით კალმახით. იგი საკმაოდ მაღალპროდუქტიული ტბაა. კალმახის საშუალო წლიური მოპოვებაა 300-400 ტ. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „ტბა ტბისყურისა არს წყალი ანკარა, სასმელად ტკბილი და შემრგო, გარემო ნაძოვანი, ტყიანი, ბალახ-ყვავილიანი, წყაროიანი და კალმახითა სავსე, დიდწვრილთა და ფრიად გემრიელითა“. როგორც ჩანს, ტბის მიდამოები იმდროისათვის ტყეებით (ნაძვნარი) ყოფილა შემოსილი. შემდეგ იგი, გაუჩეხიათ”. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვითაც, ტბის მიდამოები ტყიანი ყოფილა. დღეს კი მთელი ჯავახეთი უტყეოა. ტყის მცირე მასივები (არყის ხე, ვერხვი, ცირცელი, ნეკერჩხალი) მხოლოდ აქა-იქ არის შემორჩენილი. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, იგი თამარ მეფის დროს ტბად შეუქმნიათ: “... თამარ მეფემან ჰყო ტბად, ვინათგან ჩანს ნარუალი, რომელი გაიტანაო ქციიდამ – და აწ უქმი არს”. ნეოლითურ ხანაში აქ არსებობდა პირველყოფილი ადამიანის ხიმინჯებიანი სამოსახლო. ამის დასტურია ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირას მდებარე კუნძულისა და მასთან მისასვლელი წყალქვეშა ბილიკის ნაშთები.

თქმულება

სადაც ახლა ტბაა, იმ ადგილას ხმელეთი ყოფილა, ხმელეთზე სოფელი ყოფილა გაშენებული, სოფელში ცხოვრობდა ერთი ქალი, რომელსაც ჰყავდა პატარა ბავშვი აკვნით, ერთ ხარება დღეს ეს ქალი საქსლეში იჯდა და ქსოვდა. მას გამოეცხადა იესო ქრისტე და უთხრა: ქალო, რა დღეა დღესო? – რა დღეა და ხარებაო, – უპასუხა ქალმა. ქრისტემ კიდევ გაუმეორა: ქალო, რა დღეა დღეს? – ხარებაო, – კვლავ უპასუხა ქალმა, ქრისტე მესამეჯერაც შეეკითხა, ქალმა უპასუხა: ხარება და ხარხარება, ჩემი ქმარ-შვილის გახარება. ამის შემდეგ ქრისტემ ფეხი დაჰკრა მიწას და სახლში ოთხივე მხრიდან წყალი ამოვიდა, წყალმა იმატა, იმატა და სახლი ტბაში ჩაიძირა, რომელშიც დარჩა ქალი თავისი პატარა ბავშვით. მას შემდეგ ყოველ ხარება დღეს ტბა იწმინდება და ამ ტბიდან ქალი და ბავშვიანი აკვანი ამოცურდება, რათა კვლავ წყალში ჩაიძიროს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები