სხვათა სიტყვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სხვათა სიტყვა – ნათქვამი, რომელიც სხვას ეკუთვნის და მოსაუბრეს ან მწერალს ჩართული აქვს თავის ნათქვამსა თუ ნაწერში. მაგ., „ნათელმა მთვარემა ბრძანა: „ბევრით მე ვსჯობივარ მზესა“. სხვათა სიტყვად ითვლება აგრეთვე ავტორის მიერვე წინათ ნათქვამი თუ განაზრახი, რომელსაც ის ჩაურთავს თავის ნათქვამში, მაგ. „სად წახველ, ჩემო მადლო-მეთქი, – ვდუდუნებდი“ (ვაჟა-ფშაველა) სხვათა სიტყვა ძირითადად ორგვარია: პირდაპირი ნათქვამი და ირიბი ნათქვამი. სხვისი ნათქვამი ან განაზრახი, მოსაუბრის ან მწერლის მიერ სიტყვასიტყვით, ფორმისა და შინაარსის შეუცვლელად განმეორებული, არის პირდაპირი ნათქვამი. მაგ. „ბრძენმა მოახსენა მეფეს: (1) ერთი სათქმელი მაქვს, ის მომისმინეთ (2) და მერე შემრისხეთო“ (ა. წერეთელი). I წინადადება (ბრძენმა მოახსენა მეფეს) ავტორისეულია, მეორე – პირდაპირი ნათქვამია. ავტორისეული წინადადება დამოუკიდებელი სინტაქსური ერთეულია და ინტონაციითაც გამოყოფილია პირდაპირი ნათქვამისაგან. სხვათა ნათქვამი. გადმოცემული ავტორის მიერ ფორმისა და შინაარსის სათანადო ცვლილებებით, არის ირიბი ნათქვამი. ირიბი ნათქვამი პირდაპირი ნათქვამის შეცვლა-გადაკეთებით მიიღება. ირიბი ნათქვამი მეორეულია. მაგ. ბრძენმა მოახსენა მეფეს, (1) რომ მას ერთი სათქმელი აქვს, ის მოუსმინონ და მერე შერისხონ. (2) თუ პირდაპირ და ირიბ ნათქვამს შევადარებთ, აშკარად დავინახავთ განსხვავებას. პირდაპირი ნათქვამი არის თავისთავადი, დამოუკიდებელი ერთეული, შინაარსით – ბრძანებითი (თხოვნითი), ზმნები მასში იმ ფორმითაა, როგორითაც მოსაუბრეს უნდა გამოეყენებინა (მაქვს, მომისმინეთ, შემრისხეთ). ირიბი ნათქვამი დამოუკიდებელი ერთეული არ არის, იგი ქვეწყობილი წინადადების ნაწილია. დამოკიდებული წინადადებაა, რომელიც „რომ“ კავშირით უერთდება ავტორისეულ მთავარ წინადადებას. შეცვლილია შინაარსითაც: იგი ბრძანებითი წინადადება კი არ არის, არამედ თხრობითია, რადგან ამგვარსავე მთავარ წინადადებასთან არის დაკავშირებული. შეცვლილია ზმნის ფორმებიც, გადატანილია III პირში (აქვს, მოუსმინონ, შერისხონ). საერთოდ, სხვათა სიტყვის მრავალფეროვანი შინაარსის გადმოსაცემად პირდაპირ ნათქვამს უხვი ლექსიკურ-გრამატიკული საშუალებები და მოქნილი ენობრივი ფორმები აქვს. რაც მთავარია, ზმნის სუბიექტური თუ ობიექტური წყობის ყველა პირისა და რიცხვის ფორმა გვხვდება პირდაპირ ნათქვამში, ამდენად, პირდაპირ ნათქვამს აზრის ზუსტად და ექსპრესიულად გამოხატვა შეუძლია. ირიბი ნათქვამი ამ თვალსაზრისით შეზღუდულია, მშრალია, ემოციური მუხტი თითქმის არ გააჩნია. ამავე მიზეზით ირიბი ნათქვამის მოხმარების სფერო გაცილებით ვიწროა, ვიდრე პირდაპირი ნათქვამისა. პირდაპირი ნათქვამის გადაკეთება ირიბ ნათქვამად ყოველთვის არც მოსახერხებელია და არც სასურველი, მიზანშეწონილია მათი თანაზომიერი მონაცვლეობა, რაც სტილის მოთხოვნილებით უნდა იყოს შეპირობებული. ავტორისეული წინადადება შეიძლება უსწრებდეს პირდაპირ ნათქვამს („ვარდსა ჰკითხეს: „ეგ ხომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად“, შოთა რუსთაველი), მოსდევდეს მას („შეშა არა გაქვს?“ – ჰკითხა სტუმარმა, ი. ჭავჭავაძე), ან ჩართული იყოს პირდაპირი ნათქვამში („ხალხო და ჯამაათნო! – დაიწყო არსენამ – მამაჩემს ცალთვალა დევი ჰქვიან“, მ. ჯავახიშვილი. დიალოგებში, ზოგჯერ, და დრამატულ ნაწარმოებებში პირდაპირ ნათქვამს არც ახლავს ხოლმე ავტორისეული წინადადება.

პირდაპირ ნათქვამს დაერთვის სიტყვასიტყვითი ნაწილაკები (მეთქი, თქო, ო). „მეთქი“ იხმარება I პირის (მოსაუბრის) წინათ ნათქვამის ან განაზრახის განმეორებით გადმოსაცემად („მომაგონდა ჩემი ვაცი და ვიფიქრე: ვინ იცის, მგელმა შეჭამა-მეთქი“, ვაჟა-ფშაველა). „თქო“ ნაწილაკი იხმარება II პირის მიმართ, როდესაც I პირი (მოსაუბრე) თავის ნათქვამს მას აბარებს III პირისათვის გადასაცემად (უთხარი, რომ როცა პეპია კვდებოდა-თქო, შენა გლოცავდა- თქო“ ი. ჭავჭავაძე. იგივე ნაწილაკია გამოყენებული მაშინაც, როცა I პირი მეორე პირს ავალებს, რაიმე უთხრას მასვე, მოსაუბრეს („რაღას მაწვალებ, შე დალოცვილო, აგრე მეტყოდი, რომ შენი არ არის-თქო“, ი. ჭავჭავაძე). ო ნაწილაკით გადმოიცემა: 1. III პირის ნათქვამი („დათვმან უთხრა: ძმაო, შენის ცულით დაკოდილი თავი გამიმთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული კი არაო“ სულხან-საბა ორბელიანი). 2. ო იხმარება იმ შემთხვევაშიც, როცა II პირის მიერ III ან I პირისათვის წინათ ნათქვამის ან II პირის განაზრახის განმეორება ხდება („თქვენ კი მიბრძანეთ: გლეხთან სიტყვა ფრთხილად იხმარეო“ ი. ჭავჭავაძე) „შენ ერთხელ მეტყვი „მითხარო“, მე ასჯერ გეტყვი „ვერასა“, შოთა რუსთაველი..
3. ო იხმარება მაშინაც, როცა პირი, მრავლობითი რიცხვის ფორმით წარმოდგენილი, იმეორებს მის მიერ წინათ ნათქვამს ან განაზრახს („საზრდო არ დავაკლოთ, ვეცადოთო, ერთმანეთს ამ სიტყვებით ვამხნევებდით“ ვაჟა-ფშაველა. სიტყვასიტყვითი (სხვათა სიტყვის) ნაწილაკები წინადადების ყველა წევრს დაერთვის, მაგრამ უფრო ხშირად ზმნა-შემასმენელზეა დართული. ნაწილაკიანი წევრი, ჩვეულებრივ წინადადების ბოლოსაა, სხვა ადგილას შეიძლება დაისვას მხოლოდ ზმნა („ჰკითხა მელმან ოფოფსა: სამეფო თომარჯიღა ვინ მოგცაო?“ (ს-ს. ორბელიანი). დასაშვებია ასეც: ვინ მოგცაო სამეფო თომარ-ჯიღა? ო ნაწილაკი წინადადების წვერთან ერთად იწერება, „მეთქი“ და „თქო“ კი დეფისით გამოიყოფა. პირდაპირ ნათქვამს თუ სიტყვასიტყვითი ნაწილაკები დაერთვის, მაშინ იგი ბრჭყალებში არ ჩაისმის, გარდა განსაკუთრებული ხაზგასმის საჭიროებისა.

მარტივი წინადადების სახით წარმოდგენილ პირდაპირ ნათქვამში სხვათა სიტყვის ნაწილაკი არის ერთი („ოფოფმან დაუძახა: მელო, მოწმე ვერ გიშოვნეო“ ს-ს ორბელიანი), რთულსა და ერთგვარ წვერებიან წინადადებებში – რამდენიმე, სტილისტიკური საჭიროების მიხედვით („ერთმან გლახაკმან თქვა: მეფეთა ვჯობვარო ამად, რომ მე რაც მაქვს, მეყოფის და კიდეც ვჯერვარო და მათ ხმელეთი იშოვონ, არ იმყოფინებენ და არც გაძღებიანო!“ ს.-ს. ორბელიანი).

ქართულში სხვათა სიტყვის გადმოცემის სხვადასხვა საშუალება არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ციტირება. ციტატა არის ვისიმე თხზულებიდან სიტყვასიტყვითი ამონაწერი, რომელსაც ავტორი იყენებს თავისი აზრის დასამოწმებლად. ციტატა ყოველთვის ჩაისმის ბრჭყალებში. ფართოდ არის გამოყენებული აგრეთვე პირდაპირი და ირიბი ნათქვამის კონტამინაციით მიღებული სხვათა სიტყვის შუალედური ფორმაც, ე. წ. არასაკუთრივ პირდაპირი ნათქვამიც. იგი პირდაპირ ნათქვამს იმით ჰგავს, რომ მას აუცილებლად ერთვის სიტყვასიტყვითი ნაწილაკი (მეთქი, ო), ზმნის ფორმებიც არ არის შეცვლილი, გადატანილი III პირში (როგორც ეს ირიბ ნათქვამ�ია) ირიბ ნათქვამთან მას აახლოებს მჭიდრო სინტაქსური კავშირი ავტორისეულ მთავარ წინადადებასთან, რომელთანაც დამატებითი ან მიზნის გარემოებითი დამოკიდებული წინადადების ფუნქციას ასრულებს: „რად მიმეცო ამა ჭირსა“, ბედსა ამას უზრახვიდა“ (შოთა რუსთაველი). „მე ჩემთვისაც არ ვლოცულობ, ღმერთი არ შევაწუხო-მეთქი და თქვენთვის სად ვილოცებდი!' (ი. ჭავჭავაძე; „შედგა გიორგი, ანიშნა მოპირდაპირეს: არ გერჩიო ნაბიჯმოცარულს“, (კ. გამსახურდია).

ლ. კვანტალიანი


ლიტერატურა

  • თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, I, თბ., 1986;
  • კვანტალიანი ლ. ქართული ზეპირი მეტყველების სინტაქსის საკითხები, თბ., 1990;
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1996.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები