სურგულაძე პეტრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე სურგულაძე

სურგულაძე პეტრე როსტომის ძე (1877, სოფელი ჩიბათი, ოზურგეთის მაზრა - 6.IX.1931, სტამბოლი) - ჟურნალისტი, საქართველოს თვისუფლებისათვის აქტიური მებრძოლი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1894 დაამთავრა თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო (სამასწავლებლო) ინსტიტუტი. პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა ქუთაისის პროგიმნაზიაში გამგე-მასწავლებლად, ხოლო შემდეგ მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად. პირველი პუბლიცისტური წერილი გაზეთ „კვალში“ ჯერ კიდევ 1897 წელს დაბეჭდა. წერდა ფსევდონიმებით „პ.ს-ძე“ და „X“. მას შემდეგ, რაც „კვალი“ მესამე დასის ხელში გადავიდა, პ. სურგულაძემ სათანამშრომლოდ „ივერიაში“ გადაინაცვლა. დიდი ინტერესი გამოიწვია ამ გაზეთში დაბეჭდილმა მისმა წერილების სერიამ „ვითარება გურიაში“, რომელშიც ფართოდაა ასახული გურიის მოსახლეობის მდგომარეობა რუსეთის პირველი რევოლუციის პერიოდში. 1905 წელს წიგნაკად გამოსცა ნარკვევი „ეროვნული ენა“. იყო „ქართველ ჟურნალისტთა კავშირის“ ბიუროს წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, მინდობილი ჰქონდა საზოგადოების კავკავის, გომარეთისა და სხვ. სკოლების რევიზორობა, გამოდიოდა მოხსენებებით საზოგადოებისა თუ მისი გამგეობის სხდომებზე. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახალხო უნივერსიტეტში. 1908 წელს სათანამშრომლოდ მიიწვიეს ჟურნალში „განათლება“. 1909 პ. სურგულაძის რედაქტორობით დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ყოველკვირეული ჟურნალი „ერი“, რომელიც თერგდალეულთა ჟურნალისტურ ტრადიციებს განაგრძობდა და მთელ ძალისხმევას ეროვნული ინტერესების დაცვას ახმარდა. ცენზურისათვის თვალის ახვევის მიზნით, გამოცემა მალ-მალე იცვლიდა რედაქტორებსა და დასახელებას (გამოდიოდა 1910 წლამდე „ჩვენი ერის”, „ქართველი ერის“, „საქართველოს მოამბის”, „ერის“ სახელწოდებით). ჟურნალში დაბეჭდილი გ. გვაზავას წერილების სერიისათვის „ჩეხია”, რომელიც ცალკე ბროშურადაც გამოიცა, 1910 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. „არსებული წყობილების დასამხობად მზადებისათვის“ ბრალდებით ავტორი დააპატიმრეს, რედაქტორმა პ. სურგულაძემ კი სასჯელს თავი საზღვარგარეთ გახიზვნით დააღწია. 1910 წელს ჟენევაში ჩამოაყალიბა „თავისუფალი საქართველოს ჯგუფი“, რომლის მიზანი იყო საქართველოს რუსეთისაგან ჩამოშორება და სუვერენულ სახელმწიფოდ ფორმირება. 1913-1914 წლებში იქვე გამოსცემდა ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (გამოვიდა 4 ნომერი). პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ჯგუფის ბაზაზე პ. სურგულაძის თავმჯდომარეობით შეიქმნა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“. კომიტეტი გერმანიის სახელისუფლებო წრეებთან კავშირში მოქმედებდა და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში.

1917-1918 წლებში სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანის სტამბაში დაიბეჭდა პ. სურგულაძის სამი წიგნაკი:

  • 1. „საქართველო თავისუფლებისაკენ“;
  • 2. „საქართველო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“ და
  • 3. „დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობა“.

1918 წლის მაისში პ. სურგულაძე, როგორც მრჩეველი, ბერლინიდან თან გამოჰყვა გერმანიის სამთავრობო დელეგაციას ბათუმის საზავო კონფერენციაზე. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული დელეგაციის გენერალ ფონ ლოსოვთან დაკავშირებაში, რამაც დააჩქარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება.

1919 ედპ-ს სიით არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო სამხედრო კომისიის წევრი. შედიოდა აგრეთვე დამფუძნებელი კრების დროებით კომისიაში, რომელმაც 1919 წლის მარტში ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში სერვერ-ბეგის ხელმძღვანელობით მოწყობილი აჯანყების მიზეზები, შედეგები და რეგიონში არსებული ვითარება შეისწავლა. ხშირად აქვეყნებდა სტატიებს ედპ-ს მთავარ ბეჭდვით ორგანოში, გაზეთ „საქართველოში“ სახელმწიფოებრივი და სამხედრო აღმშენებლობის აქტუალურ საკითხებზე. მათგან აღსანიშნავია:

  • „დამფუძნებელი კრება და ჩვენი საგარეო პოლიტიკა“,
  • „საქართველოს ჯარი“,
  • „ჯარი და მოსწავლე ახალგაზრდობა“,
  • „მშობლიური ენის დამკვიდრება ქართულ ჯარში“ და სხვ.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისას, 1921 ემიგრაციაში გაიხიზნა, დასახლდა თურქეთში და იქიდან განაგრძობდა ბრძოლას საბჭოური რეჟიმის წინააღმდეგ. შედიოდა სტამბოლის პოლიტკომისიის შემადგენლობაში, იყო ედპ-ს საზღვარგარეთული ცენტრალური ბიუროს წევრი. თანამშრომლობდა პარიზში გამომავალ ჟურნალ „თავისუფალი საქართველოსთან“, იცავდა ქართველი ერის ყველა სასიცოცხლო ძალის გაერთიანება-შეკავშირებისა და საერთო ფრონტით მოქმედების იდეას. ჰყავდა მეუღლე და ერთი ვაჟი. დაკრძალულია სტამბოლში.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • გ. საითიძე, პეტრე სურგულაძის საგამომცემლო-პუბლიცისტური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა, თბ., 2009;
  • ლ. ურუშაძე, სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანე და პეტრე სურგულაძე (1914-1917 წლები), ჟურნ. „რელიგია“, 2009, №3;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები