სირენები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოდისევსი და სირენები.
სტამნოსის ფერწერა (ძვ.წ. 475 წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი

სირენები(ბერძნ.) მომღერალი ქალჩიტები. აქელოოსისა და ტერფსიქორეს (სხვა ვერსიით, ფორკისისა და კეტოს ან სტეროპეს) ქალიშვილები.

თავდაპირველად სირენები, გასაოცარი სილამაზის ზღვის ქალწულები, დემეტრეს ამალის წევრები ყოფილან. ისინი შეესწრნენ ჰადესის მიერ პერსეფონეს მოტაცებას და ეს ამბავი დიად ქალღმერთს არ გაუმხილეს. განრისხდა დემეტრე და სირენები ქალჩიტებად გარდასახა.

სირენები მოსახლეობდნენ შუაგულ ზღვაში, კუნძულ ანთემოესაზე, რომელიც ადამიანის ძვლებითა და გამომშრალი ტყავებით იყო მოფენილი. ისინი, ქალჩიტა ჰარპიებისგან განსხვავებით, თავს კი არ ესხმოდნენ ადამიანებს, არამედ ჯადოსნური გალობით ხიბლავდნენ და თავისი კუნძულისაკენ იზიდავდნენ. მონუსხული ადამიანები კი თავისით იღუპებოდნენ სწორედ მაშინ, როდესაც სირენებისკენ ისწრაფვოდნენ.

ოდისევსი გრძნეული კირკეს რჩევით გადაურჩა სირენათა საბედისწერო გალობას. მიუახლოვდა თუ არა მათ კუნძულს, თანამგზავრებს უბრძანა, ყურები ცვილით ამოევსოთ. თავად კი, რადგანაც მეტისმეტად აინტერესებდა ფრთოსანთა საოცარი ხმის გაგება, ანძაზე მიბმულმა გაუძლო საცთურს. ასე რომ, ოდისევსი პირველი იყო, ვინც სირენათა სიმღერა მოისმინა. სასოწარკვეთილი ქალჩიტები კი ამის გამო ზღვაში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ.

არსებობობს სირენათა დაღუპვის სხვა ვერსიაც: როდესაც არგონავტები მიუახლოვდნენ ჯადოსნური ფრთოსნების კუნძულს, ორფევსმა თავისი სიმღერით გადაფარა მათი გალობა. „არგომ“ მშვიდობით ჩაუქროლა ანთემოეასას, სირენები კი კლდეებად გარდაისახნენ.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, თავიანთი სიმღერით გაამაყებულმა სირენებმა მუზები გამოიწვიეს შეჯიბრში, მაგრამ დამარცხდნენ. მუზებმა კი, გამარჯვების ნიშნად, მათი ბუმბულებისგან დაწნული გვირგვინებით შეიმკეს თმები. სირენები ზღვაში გადაეშვნენ და მის სიღრმეში დასამარდნენ. ასეთი იყო მათი ბედისწერა: უნდა ეცოცხლათ მანამ, ვიდრე სიმღერით ჯობნიდნენ ყველას.

ანტიკურ ხელოვნებაში სირენებს წელს ზემოთ ქალად, წელს ქვემოთ კი ჩიტის ფეხებით ან თევზის კუდით წარმოსახავდნენ.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები