საქართველო-ოსმალეთის მოლაპარაკებები 1918
საქართველო-ოსმალეთის მოლაპარაკებები 1918 – პირველი მსოფლიო ომის მიწურულს რუსეთში მომხდარი ბოლშევიკური გადატრიალების შედეგად, რუსეთმა დაასრულა ომი და ბრესტ-ლიტოვსკში ხელი მოაწერა საზავო ხელშეკრულებას. ამ ზავით ოსმალეთს გადაეცა ბათუმ-ყარს-არდაჰანის ოლქები.
1918 წლის 9 აპრილს გამოცხადდა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა, რამაც მის მოსახლეობას და მთავრობას მისცა საშუალება, რუსეთისგან დამოუკიდებლად დაეცვა თავისი ტერიტორიული უფლებები. ვინაიდან ტრაპიზონის საზავო კონფერენციაზე (27.II- 1.IV.1918) ოსმალეთის კატეგორიული ულტიმატუმი ბრესტ-ლიტოვსკის საზავო პირობების შესრულების თაობაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ მიიღო, სეიმმა ეს დელეგაცია უკან გაიწვია და ოსმალეთთან ომის გაგრძელება გადაწყვიტა, რაც ემოციით და არა გონებით ნაკარნახევი ქმედება იყოს (ამასთან, სეიმის მაჰმადიანმა დეპუტატებმა აზერბაიჯანელთა ამ ომში მონაწილეობაზე კატეგორიული უარი განაცხადეს). ოსმალეთმა დაიკავა ბათუმი, ყარსი და სეიმს 15 აპრილისთვის მოლაპარაკება შესთავაზა.
11 მაისს ამიერკავკასიის 45-კაციასი დელეგაცია ბათუმში ჩავიდა (მეთაური ა. ჩხენკელი, ლიდერები: ნ. ნიკოლაძე, გაჯინსკი, რასულ-ზადე, კაჩაზნუნი, ა. ხატისიანი), თურქების დელეგაციას მეთაურობდა საგარეო საქმეთა მინისტრი ხალილ-ბეი, გერმანელთა წარმომადგენელი ფონ ლოსოვი მოლაპარაკებებს მეთვალყურეობდა. სეიმის დელეგაცია იმთავითვე დათანხმდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობებს, მაგრამ ოსმალებმა იმ დროს უკვე დაიკავეს ახალქალაქი, ახალციხე, ოზურგეთი, სომხეთის დიდი ნაწილი და ახალი ტერიტორიული პრეტენზიები განაცხადეს, 26 მაისს ოსმალეთმა წამოაყენა ულტიმატუმი. მისი მოთხოვნების (ალექსანდრეპოლ-ჯულფის რკინიგზა, ახალციხე და ახალქალაქი) 72 საათში შეუსრულებლობის შემთხვევაში განაახლებდა საომარ მოქმედებებს.
ფონ ლოსოვთან შეთანხმებით, ოსმალეთის აგრესიის თავიდან ასაცილებლად, 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლა და საქართველოს დამოუკიდებლობა (დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სომხეთმა და აზერბაიჯანმაც). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა იკისრა გერმანიამ, ხოლო სანაცვლოდ 28 მაისს, ფოთის დროებითი შეთანხმებითს, მიიღო საქართველოს რკინიგზის განკარგვის უფლება. 26 მაისს ბათუმის კონფერენცია შეწყდა, 4 ივნისს ბათუმის ზავით ოსმალეთმა მიიღო მის მიერ დაკავებული ბრესტ-ლიტოვსკის ზავით გათვალისწინებული ტერიტორიები, აგრეთვე ახალციხე და ახალქალაქი.