საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია - საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია (სეპე) მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ევანგელურ-პროტესტანტული ფრთის სარწმუნოების აღმსარებელია. იგი დამოუკიდებელი, არადენომინაციური პროტესტანტული ეკლესიაა, რომელიც პატივისცემით ეპყრობა ტრადიციასა და საეკლესიო გადმოცემას, მაგრამ ეკლესიურ მოძღვრებაში უმაღლეს ავტორიტეტად წმიდა წერილს - ბიბლიას მიიჩნევს.

სეპე რადიკალურად არ განსხვავდება სხვა პროტესტანტული ეკლესიებისგან. მისი წარმომადგენლები აღიარებენ ყველა იმ საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას, რომლებსაც პროტესტანტული ეკლესია აღიარებს. ისინი აღიარებენ, აგრეთვე, სულიწმიდით ნათლობის შესაძლებლობას.

ეკლესია დასაბამს იღებს XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც საქართველოში პასტორი გიორგი ჩიტაძე დაბრუნდა ლატვიის ქალაქ ელგავიდან, სადაც იგი პოსტსაბჭოური სივრცის პირველ ბიბლიურ ინსტიტუტში იმყოფებოდა სასწავლებლად. ეკლესიის სულიერი ცენტრი ქალაქ გორშია. ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია კიდევ ოთხ ქალაქში არსებობს: რუსთავში, თბილისში, ხაშურსა და ქარელში.

სარჩევი

მოძღვრება და ორგანიზაცია

ევანგელურპროტესტანტული ეკლესიის მოძღვრების მიხედვით, ადამიანი ქრისტიანი უნდა იყოს როგორც შინაგანი მრწამსის, ისე თავისი ცხოვრების წესის მიხედვითაც. ადამიანის შინაგანი ამაღლებულობა გარეგნულადაც უნდა იყოს გამოვლენილი.

სეპე ყურადღებას ამახვილებს ღმერთის სიტყვის „საღ, გასაგებ სწავლებაზე“ და ამ მიზანს სპეციალური სასწავლო ცენტრის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც ეკლესიის სულიერ ცენტრში - ქ. გორშია განთავსებული. აქ ფუნქციონირებს ბიბლიის შემსწავლელი სამთვიანი კურსები, სადაც ქრისტეს სწავლების საფუძვლების გაცნობა ხდება. ეკლესია ფუნქციონირებს ე.წ. „ჯგუფ 12“-ის ფორმით (ქრისტეს 12 მოწაფის ანალოგია), რომელიც მოწაფეობის ინსტიტუტზეა დაფუძნებული - თითოეული ადამიანი ეკლესიაში მოწაფეა და ამავე დროს მას თავისი მოწაფეები ჰყავს.

სეპეის იერარქია მარტივია. ეკლესიაში არიან პასტორები, მათი დამხმარეები - თანახუცესები და დიაკვნები. ეკლესიის უფროსი პასტორია გიორგი ჩიტაძე, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის ზოგადი მოძღვრებისა და სულის ერთიანობაზე, თუმცა იგი ეკლესიის ერთპიროვნული მმართველი არ არის. ეკლესიაში ყველა საკითხი პასტორთა სულიერი საბჭოს მიერ წყდება. ეკლესიის ხელმძღვანელობა არ აღიარებს არც ავტორიტარულ და არც დემოკრატიულ სისტემას, არამედ უფრო ორიენტირებულია თეოკრატიულ მმართველობაზე - ღმერთის სულით აღჭურვილი ადამიანების მმართველობაზე.

ეკლესიის მრევლი, პირობითად, ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი: „ბავშვთა მსახურება“ (გულისხმობს 2-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებს), „ახალგაზრდული მსახურება“ (გულისხმობს 13-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანთა მსახურებას), „ადმინისტრაცია“ - ეკლესიის ძირითადი ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს მთლიანად ეკლესიის მსახურებაზე და „ოქროს მსახურება“ - 50 წელს გადაცილებულთა მსახურება.

ორიდან ცამეტ წლამდე ასაკის ბავშვთა ჯგუფისთვის ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ბავშვები, მათთვის მისაწვდომ ენაზე, ბიბლიურ ისტორიებს ეცნობიან, სწავლობენ, აგრეთვე, ხელსაქმეს, ხატვას, ძერწვას, იმართება წარმოდგენები, კონცერტები ბავშვების მონაწილეობით, ეწყობა მათთვის საზაფხულო ბანაკები. ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა ბავშვებს ეკლესიას თან აახლოებს. აღსანიშნავია, რომ ეკლესია უფრო მეტად ახალგაზრდობის მსახურებაზეა ორიენტირებული, რადგანაც მიაჩნია, რომ ახალგაზრდობა ის ასაკია, როცა ადამიანებს საკუთარი მონაცემების რეალიზებისთვის მეტი შესაძლებლობები აქვთ. ამიტომ ახალგაზრდულ ჯგუფში სწავლება უფრო სერიოზულ ხასიათს ატარებს: ისინი ქრისტიანული ეკლესიისა და მისი განშტოებების წარმოშობის ისტორიას ეცნობიან, მრევლის ახალგაზრდული ნაწილი მონაწილეობს სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამაში, ანტინარკოტიკულ კამპანიებში, მათ შორის IFIS-ის პროგრამაშიც.

სეპეს სულიერი ხელმძღვანელობა ახალგაზრდებს მოუწოდებს სამხედრო ვალდებულების მოხდისაკენ, ცდილობს საკუთარი მრევლი, უფრო მეტად კი ახალგაზრდობა, ტოლერანტული სულისკვეთებით აღზარდოს, რათა მათ შეეძლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა. ამისათვის ეკლესიის ადმინისტრაცია აწყობს სემინარებს ეკლესიის ისტორიის შესახებ, ეკლესიისა და მისი განშტოებების წარმოქმნის შესახებ. მათი რწმენით, ყველანაირი რელიგიური ექსტრემიზმი სათავეს ან დეზინფორმაციისაგან, ან ინფორმაციის ნაკლებობისაგან იღებს.

ეკლესიას თავისებური დამოკიდებულება აქვს ადამიანის „პირადი სფეროს“ ლიბერალიზაციის მიმართ. „დღეს თანდათან პოპულარული ხდება, ეგრეთ წოდებული ლიბერალური თეოლოგია, რომელიც ცდილობს ქრისტიანობა ადამიანის ნებისმიერ ახირებას მოარგოს. სტატისტიკის მიხედვით, დღეისათვის ქრისტიანული ოჯახების დაახლოებით 50% გაყრის შედეგად ინგრევა და ამ გაყრაზე პასუხისმგებლობას არცერთი მხარე არ კისრულობს. ჩვენი ეკლესიისათვის მიუღებელია, ეგრეთ წოდებული „გვირგვინის აღება“, ქორწინების აღთქმისაგან განთავისუფლება გაყრაზე ერთ-ერთი მხარისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე. ჩვენთვის მიუღებელია ჯვრისწერის გაუქმება, მაგრამ როცა ყველაფერი დანგრეულია, არც მხოლოდ რელიგიური დოგმის გამო ოჯახის ფორმალური შენარჩუნებაა სასურველი, ამიტომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ახალგაზრდა წყვილებთან, რომ მათი ოჯახი იყოს საღი, სიყვარულით სავსე, ქრისტიანულ მოძღვრებაზე დაფუძნებული და ურყევი“, - აცხადებს პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე.

ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია გარკვეულ „დათმობაზე“ მიდის და დღესასწაულების აღნიშვნისას ადგილობრივი ტრადიციის გათვალისწინებასაც ცდილობს: სეპე შობის დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავს - 25 დეკემბერსა და 7 იანვარს, თუმცა გრიგორიანულ კალენდარს უფრო სწორად მიიჩნევს. რაც შეეხება აღდგომას, მას იმავე დღეს აღნიშნავენ, რა დღესაც მართლმადიდებლები.

სოციალური მსახურება

სეპეს მიერ წარმოებული ჰუმანიტარული საქმიანობა, საქართველოში მოღვაწე სხვა დენომინაციების ჰუმანიტარულ საქმიანობასთან შედარებით, საკმაოდ მოკრძალებულია, რის მიზეზადაც საზღვარგარეთული დაფინანსების წყაროს არარსებობა სახელდება. ეკლესია საკუთარი ძალებით ახორციელებს მცირე პროგრამებს - ეხმარება რამდენიმე მოხუცებულს, ქვრივს, სურამის ბავშვთა სახლს, მუშაობს რამდენიმე ნარკომანთან, მორალურ თანადგომას იჩენს მათ მიმართ. გარდა ამისა, ეკლესია თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „სამარიტელის ქისა“ და ბავშვებისათვის საშობაო საჩუქრების დარიგებაში მონაწილეობს. ამ საჩუქრებთან დაკავშირებით სეპემ ერთი განსხვავებული პროგრამაც განახორციელა: საჩუქრები არა „ჩვეულებრივ“ ბავშვებს, არამედ პატიმართა შვილებს დაურიგდათ. პატიმრები წერდნენ წერილს თავიანთი შვილების სახელზე, შემდეგ კი ამ წერილს, საჩუქართან ერთად, ეკლესიის წევრები ბავშვებს გადასცემდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური დევნის შემთხვევები საგრძნობლად შემცირებულია, სეპე-ს წევრებს მაინც ხვდებათ გარკვეული „უსიამოვნებები“ მოსახლეობასთან ურთიერთობისას. საზოგადოდ, ბევრი ახალგაზრდა ერიდება იმის აღიარებას, რომ ის ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის მრევლს განეკუთვნება, რადგან ეშინიათ, რომ დევნას დაუწყებენ - ფიზიკურს თუ არა, მორალურ დევნას მაინც. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუკი ადრე ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიების წევრებისთვის დაკეტილი იყო ყველა სააქტო დარბაზი (იქ მათ კულტურული ღონისძიების ჩატარების უფლებასაც კი არ აძლევდნენ!), დღეს ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს.

ეკლესიის ინტერკონფესიური ურთიერთობები

ეკლესია აქტიურად ურთიერთობს სხვა ქრისტიანულ დენომინაციებთან, რის პირდაპირ საფუძველსაც სახარებაში ხედავს. თუმცა თანამშრომლობა ერთმანეთში აღრევას არ ნიშნავს. ეკლესიის მესვეურთა აზრით, ყველა ეკლესიას მიცემული აქვს თავისი ხედვა, გეგმა, რომელზედაც პასუხისმგებელია, რადგან როგორც ადამიანის სხეული არ შეიძლება შედგებოდეს ერთი და იმავე ორგანოებისგან, ასევე ქრისტეს საერთო სხეულშიც შეუძლებელია ყველა ეკლესიას ერთი ხედვა ჰქონდეს.

გორში ყოველთვიურად იმართება შეხვედრები სხვა ეკლესიების პასტორებთან. ამ შეხვედრებზე ერთად ლოცულობენ და ერთობლივ ღონისძიებებს გეგმავენ. სეპეს მფლობელობაში არის ქრისტიანული ბიბლიოთეკა, აუდიო და ვიდეოთეკა, რომლითაც ყველა დენომინაცია სარგებლობს. ეწყობა, ე.წ. „ღია კარის დღეები“. კვირა დღეს სეპეს მრევლს საშუალება ეძლევა სხვა ეკლესიებში მიმდინარე მსახურებას დაესწროს. როგორც ეკლესიის პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე აღნიშნავს, ყველაზე ნაკლებად მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობენ, რის მიზეზადაც მართლმადიდებელი ეკლესიის მათ მიმართ განწყობა და ზოგიერთ საკითხზე შეთანხმების სიძნელე სახელდება.

„ჩვენ, რაღა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით სხვა რელიგიების წარმომადგენლებს, როგორებიც არიან, ბუდისტები კრიშნას შემეცნების საზოგადოების წევრები, მორმონები, იეჰოვას მოწმეები, ისლამის მიმდევრები და ასე შემდეგ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მათ აქვთ არჩევანის და, მაშასადამე, ამ ქვეყანაში თავისუფლად არსებობის უფლება, გვწამს, რომ ღმერთმა თავისი ძალაუფლების დელეგირება მოახდინა - ნაწილი ეკლესიას არგუნა, ნაწილი - მთავრობას. წმიდა წერილი გვავალდებულებს, როგორც საქართველოს მოქალაქეები, პატივს ვცემდეთ და ვემორჩილებოდეთ საქართველოს კონსტიტუციას (რომ. 13, 1), რომლითაც გარანტირებულია რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება და ამას ვასწავლით მრევლსაც“, - აცხადებს პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე.


წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები