საქართველოს დროებითი საგანგებო სასამართლო (1918-1921)
დროებითი საგანგებო სასამართლო — საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 20 სექტემბერს „რესპუბლიკის დროებითი საგანგებო სასამართლოს“ შესახებ დებულება დაამტკიცა. საგანგებო სასამართლო სამხედრო სასამართლოს ფუნქციებს ასრულებდა. ეს იყო „დროებითი“ სასამართლო ინსტანცია, ვინაიდან, ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების შემდგომ, მისი ფუნქციები ნაფიც-მსაჯულთა იურისდიქციაში მოექცა. დებულებით განისაზღვრა მოსამართლეთა არჩევისა და სასამართლოში საქმის წარმოების წესები.
საგანგებო სასამართლოს შემადგენლობაში შედიოდნენ: თავმჯდომარე, მისი მოადგილე და 5 წევრი. მათ თანამდებობაზე ნიშნავდა საქართველოს მთავრობა. სასამართლო ყველა საკითს ხმების უმრავლესობით წყვეტდა. დროებითი საგანგებო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება დასაშვები იყო საკასაციო წესით საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში (მის დაარსებამდე კი - სასამართლო პალატაში). სამხედრო სასამართლოს საქმისწარმოების წესდების მიხედვით, საგანგებო სასამართლოს სასიკვდილო განაჩენის გამოტანის უფლება ჰქონდა. საქართველოს პარლამენტის 1919 წლის 31 იანვრის კანონით გაფართოვდა საგანგებო სასამართლოს უფლებამოსილება. კერძოდ, კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს შემოღებამდე თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულობანი დროებით საგანგებო სასამართლოს დაექვემდებარა.
მწვავე დებატები გამოიწვია საკონსტიტუციო კომისიის 1919 წლის 8 იანვრის სხდომაზე საკითხმა - უნდა ყოფილიყო თუ არა დროებითი და საგანგებო სასამართლოს არსებობა კონსტიტუციურად გარანტირებული. „სასამართლოს“ შესახებ დებულება წარმოდგენილი იყო გ. ნანეიშვილის მიერ. მისი მე-3 მუხლი ასეთი შინაარსის იყო: „დროებითი და განსაკუთრებული სასამართლოები ვერასდროს ვერ იქნება დაწესებული“. რაჟდენ არსენიძე მხარს უჭერდა კონსტიტუციაში საგანგებო სასამართლოების შესახებ ნორმის არსებობას. ის მიუთითებდა: „პარლამენტს უფლება უნდა ჰქონდეს დააწესოს ყოველნაირი სასამართლო: დროებითი სასამართლოების მოწყობა, რომ საჭირო იქნება, ეს მტკიცდება ბორჩალოს და ზაქათალის ამბებით“. პავლე საყვარელიძეც დაეთახნმა ამ მოსაზრებას და იქვე განაცხადა: „რადგანაც განსაკუთრებული მდგომარეობა სახელმწიფოსი იწვევს განსაკუთრებული წესების შემოღებას, შეიძლება დაუშვათ შემოღება დროებითი სასამართლოსიც“. სერგო ჯაფარიძე დაეთანხმა საყვარელიძეს და აღნიშნა: „განსაკუთრებულ შემთხვევისათვის გამონაკლისი იქნება, მაგალითად, თუ ომიანობის დროს ჯარის ნაწილი აჯანყდება, იმისთვის ცალკე ზომები იქნება მიღებული“. მან იმავე სხდომაზე წარმოადგინა მუხლის ახალი რედაქცია: „საგანგებო და განსაკუთრებული სასამართლოების დაწესება აკრძალულია. პარლამენტს უფლება აქვს დაარსოს ჯარისთვის სამხედრო სასამართლო“. ს. ჯაფარიძის ეს მოსაზრება ერთხმად იქნა მიღებული. თუმცა კონკრეტული ჩანაწერი დროებითი საგანგებო სასამართლოს შესახებ 1921 წლის კონსტიტუციაში არ გვხვდება. ბუნდოვანია მისი 43-ე მუხლი, რომელიც პირის „სამხედრო სამართალში“ მიცემაზე საუბრობს და არ მიუთითებს, თუ რომელ სასამართლოს გულისხმობს კანონმდებელი: ამბოხებისა ან ომის დროს, პარლამენტს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს მთელს რესპუბლიკაში, ან რომელსამე მის ნაწილში იმ უფლებათა გარანტია, რომელიც აღნიშნულია შემდეგ მუხლებში: 19, 22, 25, 26, 27, 28, 29, 30, 32, 33 და 38, ომის დროს კი 21 მუხლშია ღნიშნული გარანტიაც იმ პირობით, რომ სამხედრო სამართალში მიცემა შესაძლებელია მხოლოდ მოქმედი ჯარის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. თუ პარლამენტი შეკრებილი არ არის, მთავრობას შეუძლია თავის პასუხისმგებლობით შეაჩეროს ზემოაღნიშნულ გარანტიათა მოქმედება, მხოლოდ დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს პარლამენტი და თავის დადგენილება წარუდგინოს.
ბექა ქანთარია
ლიტერატურა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), თბ., 1990.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი