სასკოლო თეატრი
სასკოლო თეატრი – XV-XVIII სს. დასავლეთ ევროპაში სასულიერო სასწავლებლებთან არსებული თეატრები, როგორც მოსწავლეთა სულიერი აღზრდის და ლათინური ენის შესწავლის საშუალება. სასკოლო დრამები მირაკლის ან მისტერიის ხასიათისა იყო. თამაში მკაცრად ემორჩილებოდა კლასიციზმის კანონებს. წარმოდგენის გაფორმება და კოსტიუმები ატარებდა სიმბოლურ ხასიათს (კეთილი გამოისახებოდა თეთრი ფერით, ბოროტი შავით, და ა.შ.). საერო ელემენტების მომძლავრების გამო, მე-18 საუკუნის მე-2 ნახევრიდან სასკოლო თეატრი აკრძალულ იქნა სამღვდელოების მიერ.
საქართველოში სასკოლო თეატრი შეიქმნა თბილისში (1756) და თელავში (1782) სასულიერო სემინარიების დაარსებასთან დაკავშირებით. პიიტიკისა და რიტორიკის კლასები აწყობდნენ საჯარო გამოსვლებს, დრამატულ წარმოდგენებს. ქართული სასკოლო თეატრის გამოჩენილი მოღვაწე იყო თელავის სემინარიის რექტორი დ. ალექსი-მესხიშვილი.