სამხედრო ბიუჯეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ბიუჯეტი – საკანონმდებლო წესით დამტკიცებული ფულადი სახსრების ფონდი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამხედრო საჭიროებებისათვის გამოიყოფა. სამხედრო ბიუჯეტი, ჩვეულებრივ, განისაზღვრება მომავალი საფინანსო წლისათვის, მთელ რიგ სახელმწიფოებში – უფრო ხანგრძლივი ვადისათვის წლების მიხედვით. სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მუხლებისაგან განსხვავებით, რომლებიც შეიცავენ შემოსავალ-გასავლის ბალანსს, სამხედრო ბიუჯეტში შემოსავლის ნაწილი, როგორც წესი, უმნიშვნელოა. მისი მთავარი კომპონენტია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რომლის წილადაც, ჩვეულებრივ, მოდის ოფიციალური სამხედრო ხარჯების არანაკლებ 90%-ისა. ბევრ ქვეყანაში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ითვალისწინებს ხარჯების დაყოფას როგორც მიზნობრივი დანიშნულების, ისე საუწყებო კუთვნილების მიხედვით.

ჩვეულებრივ, მის სტრუქტურაში შედის დაფინანსების მთავარი მიზნობრივი მიმართულებები:

  • სამხედრო მოსამსახურეების შენახვა;
  • სამოქალაქო პერსონალის შენახვა;
  • ჯარების საბრძოლო მომზადება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა; სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები;
  • სამხედრო ობიექტების მშენებლობა.

მსოფლიო პრაქტიკაში სახელმწიფოს იმისათვის მზადება ფასდება სამხედრო ხარჯების წილით ქვეყნის მთლიან შინაგან პროდუქტში. ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების განვითარებისათვის ზღვრულად დასაშვებმა სამხედრო ხარჯების დონემ XX საუკუნის ბოლოსთვის მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 2-5%. მსოფლიო პრაქტიკა მოწმობს, რომ სამხედრო ბიუჯეტის მოცულობის დაგეგმვა, შეიარაღებული ძალებისათვის დასახული ამოცანებიდან გამომდინარე, არის ნებისმიერი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის საიმედოობის უზრუნველმყოფი კანონი. ამ პრინციპის დაუცველობამ შეიძლება მოკლე ვადაში დაანგრიოს ეროვნული თავდაცვის სისტემა, რომელიც ათეული წლების მანძილზე ყალიბდება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები