სამფოთოლა პონცირუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამფოთოლა პონცირუსი

სინონიმები: სამყურა ლიმონი, მწარე ლიმონი, კარატაცუ, კოშუ, კიკოკუ, ტრიფოლიატი.

სამფოთოლა პონცირუსი Poncirus trifiliata Raf წარმოადგენს ციტრუსების ახლო ნათესავ გვარს, ლიტერატურაში ცნობილი იყო 1000 წლის წინათ და ატარებდა Citrus trifoliata-ს სახელს. 1914 წელს ვ. სვინგლემ გამოჰყო ციტრუსების გვარიდან და მიაკუთვნა მეცნიერ რაფინესქუს მიერ გამოყენებული სახელი Poncirus.

ციტრუსების რაიონებში (იაპონია, ჩრ. ჩინეთი, საბჭოთა კავშირის ჩრდილო რაიონები) გამოიყენება როგორც საძირე, ჰიბრიდიზაციის ობიექტი და ცოცხალი ღობე. მის ნაყოფს სამკურნალოდ იყენებენ.

პონცირუსი გარეულად გავრცელებულია ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით და ჰიმალაის რაიონებში. მეტად ყინვაგამძლეა, სხვადასხვა წყაროების მიხედვით იტანს –200C, ძლებს აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისის ბოტანიკურ ბაღში მისგან შესანიშნავი ცოცხალი ღობეა გაკეთებული.

სამფოთოლა პონცირუსი

პონცირუსსაც ახასიათებს მრავალფეროვანება. ჩვენს ნარგავებში იმ ფორმების გარდა, რომელიც აღნიშნული აქვს ჰიუმს, გვხვდება კიდევ რამდენიმე. საჭიროა მათი, როგორც საძირეების გამოცდა.

პონცირუსი საკმაოდ ძლიერი ბუჩქია, ფოთოლმცვენი, ეკლები გრძელი აქვს, მაგარი, მახვილი და ფუძესთან გაბრტყელებული. შეფოთვლა საშუალო აქვს, ფოთლები სამფოთლოვანია; ერთი მათგანი, შუათანა, უფრო დიდია, ყუნწი გრძელი აქვს, ვიწრო ფრთიანი. ყვავილი წესიერია, ფართო ფურცლიანი გვირგვინით; ჩვენში ყვავილობს ციტრუსებზე თითქმის ერთი თვით ადრე, ნასკვი 7-ბუდიანია, ბურთისებრი, შებუსვილი, ნაცრისფერი და დაწოლილი ბუსუსებით; ნაყოფიც შებუსვილი და გლუვზედაპირიანია, კანი სქელია, მომწვანო-ყვითელი, უხვად მოფენილია არასასიამოვნო სუნის ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. სირბილე პატარაა, არასასიამოვნო მწარე გემოსი, საწვნე უჯრედებში მოთავსებულია ზეთოვანი ნივთიერება. აპკს აქვს ბეწვისმაგვარი ნართი, რომელიც გამოჰყოფს სპეციფიკური სუნის წებოვან ნივთიერებას. თესლი მრავალი აქვს, ოვალური ან კვერცხისებრი მოყვანილობისა; მთელი ნაყოფი თესლითაა ამოვსებული.

სუბტროპიკული მეხილეობის კათედრის მიერ ჩვენში გავრცელებული ტრიფოლიატების საუკეთესო ჯგუფები საძირეებად გამოყენების მიზნით შეისწავლება.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები