სამკურნალო სატაცური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამკურნალო სატაცური - Asparagus officinalis L.

Asparagus officinalis L. – სამკურნალო სატაცური

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, სქელი, მოკლე, ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ხშირი, თასმისებრი ფესვებითაა მოფენილი; ღერო 50-150 სმ სიმაღლისაა, ძლიერ დატოტვილი. ფოთლები რედუცირებულია ოდნავ შესამჩნევ ქერქლებად, რომელთა უბეებში კონებად (3-6) სხედან კლადოდიუმები – სახეცვლილი ყლორტები, რომლებიც ფოთლების მსგავსია, წვრილი, ნემსისებრ-ძაფისებრი, 1-3 სმ სიგრძის. მცენარე ორსახლიანია; ყვავილი მომწვანო-ყვითელია, წვრილი. ნაყოფი წითელი, სფერული კენკრაა, რამდენიმე თესლით. ყვ.V-VI; ნყ. VII-IX.

ყურადღებას იპყრობს სამკურნალო და დეკორატიული მნიშვნელობით. ბორეალური, დასავლეთ პალეარქტიკული სახეობაა.

საერთო გავრცელება: სკანდინავია, ატლანტური და შუა ევროპა, ბალყარეთი, დას.ციმბირი.

კავკასია: იმიერკავკასია, თალიში (Гроссгейм, 1940).

საქართველოში გავრცელებულია: აფხაზეთი, აჭარა, ქართლი, გარდაბანი, თრიალეთი (საქ. მც. სარკვ., 1969).

თბილისის მიდამოებში აღინიშნება: თელეთის ქედზე ხელოვნურად გაშენებულ ფიჭვნარის ტერასებზე, შავნაბადას მიდამოებში, კრწანისის ჩრდილო ფერდობებზე, საგურამოს ქედზე, ქვემო წყნეთის მიმდებარე ტყეებში, კუს ტბის მიდამოებში, მდ.ვერეს ხეობაში, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ასევე თბილისის შუაგულში, თამარის ხიდთან, აღმოსავლეთის ფლატეზე, ტენიანი ტუფის კედლებზე.

მეზოფიტია, სინათლის მოყვარული. იზრდება ველებსა და დატბორილ მდელოებზე, ქვიშნარ ნიადაგებზე, ღორღიან ველებზე, მეჩხერ ბუჩქნარ რაყებსა და სითბოს მოყვარულ მუხნარებში, ჭალის ტყეებსა და მისი დერივატების გავრცელების არეში, ზღვისპირა ზოლსა და მთის წინებზე, 800 მ სიმაღლემდე. გავრცელების ოპტიმუმია 400-650 მ.

თბილისის მიდამოებში იმდენად მცირე რაოდენობით გვხვდება, რომ კოლექციების გაზრდის თვალსაზრისითაც კი მისი ბუნებაში შეგროვება ყოვლად დაუშვებელია. სახეობის გადარჩენის ერთ-ერთ უმთავრეს გზას მისი კულტივირება წარმოადგენს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები