სათოვლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სათოვლია, უცუნა

სათოვლია , უცუნა – (Colchiucum speciosum Steven.);
ოჯახი: სათოვლიასებრნი (Colchicaceae).
მეგრულად — დგრცე, ჯირჩე, ლაჰა გვაჯა.

მრავალწლიანი ტუბერიანი მცენარეა, სიმაღლე – 20-60 სმ. ყვავილი ერთია, იშვიათად – სამი. ყვავილსაფრის გადანაღუნის სიგრძე 5-7 სმ-ია. ყვავილსაფრის მილი მსხვილია. ყვავილსაფრის გადანაღუნის სეგმენტები ღია ვარდისფერი ან მუქი იასამნისფერია, იშვიათად – თეთრი, ფორმით მოგრძო-ელიფსურია. ფოთლები დაყვავილების შემდეგ ვითარდება, ფორმით ფართო-ლანცეტაა – 18-25 სმ სიგრძის. ყვ. ნაყ. XI-II.

გავრცელებულია დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე ტყის პირასა და მდელოებზე. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის ნაკრძალში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.

ტყის სარტყელში ვეგეტაციას იწყებს თებერვლის ბოლოს და ამთავრებს ივნისის პირველ ნახევარში, თესლი მწიფდება მაისის ბოლოს; ხოლო სუბალპურ სარტყელში – მაისის ბოლოს და ივლისში. ყვავილობა შესაბამისად მიმდინარეობს აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის პირველ ნახევარში ან სექტემბერ-ოქტომბერში.

სინათლის მოყვარული მეზოფიტია. კარგად ვითარდება წვრილღორღიან ნიადაგებზე, გაურბის ჭარბტენიან ადგილებს, იზრდება წიფლნარ-წაბლნარ, წიფლნარ-რცხილნარ-ნეკერჩხლიან ტყეებში, ბუჩქნარების რაყებში, ტყეკაფებზე, ნატყევარ მდელოებზე. მთის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე.

სამკურნალო ნედლეულს ტუბერბოლქვები წარმოადგენს, რომელსაც აგროვებენ ყვავილობის პერიოდში, აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე; ნედლეული თავის თვისებებს 3 თვეს ინარჩუნებს.

შეიცავს ალკალოიდებს, მათ შორის ძირითადია – კოლხიცინი (ძლიერ ტოქსიკურია, ითვლება მიტოზურ შხამად), კოლხამინი, სპეციოზინი და კოლხიცერინი. კოლხამინი ხასიათდება კოლხიცინის მსგავსი მოქმედებით, მაგრამ ნაკლებ შხამიანია. ორივე ნივთიერება მიეკუთვნება კარიოკლასტურ შხამებს, ხასიათდებიან უჯრედის ბირთვის დაყოფის (მიტოზი) შეჩერების უნარით. აღნიშნული ალკალოიდები განსაზღვრავს მცენარის საერთო ფარმაკოლოგიურ მიმართულებას. ანტიმიტოზური აქტივობიდან გამომდინარე გამოირჩევიან ავთვისებიანი სიმსივნეების საწინააღმდეგო მოქმედებით. ტუბერბოლქვების გარდა სამკურნალოდ თესლებიც გამოიყენება, რომლებიც ასევე მდიდარია ალკალოიდებით.

მცენარის ტუბერბოლქვიდან მიღებულია პრეპარატები: 0,5% კოლხამინის მალამო, გამოიყენება კანის კიბოს ენდოფიტური და ეგზოფიტური ფორმების I და II სტადიის დროს; კოლხამინის პერორალური გამოყენების ძირითად მაჩვენებელს წარმოადგენს ლეიკოზი და კუჭ-ნაწლავის კიბო, რომელიც ოპერატიულ მკურნალობას არ ექვემდებარება. მცირე დოზებით მიღებისას აფართოებს სისხლძარღვებს, სწორედ ამითაა გამოწვეული მისი თერაპიული ეფექტი ნიკრისის ქარის, რევმატიული დაავადებებისა და ნევრალგიის დროს. კოლხიცინის შემცველი პრეპარატების მიღება ამ შემთხვევაში შედეგიანია, მაგრამ გაბედული, ვინაიდან დიაპაზონი მკურნალობასა და მის ტოქსიკურობასთან დოზებში ძალიან მცირეა. იგი არ უნდა აჭარბებდეს 0,001 გ 3-4 ჯერ დღეში.

უცუნას ალკალოიდები ფართოდ გამოიყენება გენეტიკურ გამოკვლევებში, აგრეთვე სელექციაში პოლიპლოიდური ფორმების მისაღებად.

კავკასიაში უცუნას ტუბერბოლქვის ფხვნილს ხმარობდნენ ჩირქოვანი ჭრილობებისა და განგრენული წყლულების სამკურნალოდ.

მაღალი ტოქსიკურობიდან გამომდინარე, კოლხიცინის პრეპარატებით მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის გარეშე დაუშვებელია! (ბიძინაშვილი, 2016).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები