საერთაშორისო სრუტეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო სრუტეები – ბუნებრივი საზღვაო გასასვლელები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ორ ღია ზღვას ან ღია და დახურულ ზღვებს და საერთაშორისო ნაოსნობისათვის გამოიყენება. საერთაშორისო სრუტეები წარმოადგენს აუცილებელ, ზოგჯერ კი ერთადერთ გზას სახელმწიფოთა საზღვაო თუ საჰაერო კავშირებისათვის, რაც ადასტურებს მათ უდიდეს მნიშვნელობას საერთაშორისო ურთიერთობებში.

საზღვაო სამართლის შესახებ 1982 კონვენციის მიღებამდე ნაოსნობა საერთაშორისო სრუტეებში ძირითადად რეგულირდებოდა ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად დამკვიდრებული ჩვეულებითი ნორმებით. კონვენცია ტერიტორიული ზღვისა და მომიჯნავე ზონის შესახებ (1958) შეიცავს მხოლოდ იმ დებულებებს, რომლებიც ეხება საერთაშორისო ნაოსნობისათვის გამოყენებულ სრუტეებში უცხოეთის გემების მშვიდობიანი გავლის შეჩერების დაუშვებლობას. გაეროს საზღვაო სამარილის კონვენციის 1982 თანახმად, საერთაშორისო სრუტეების სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრა დამოკიდებულია იმაზე, საზღვაო სივრცის რომელ ნაწილს ეკუთვნის ან რომელ ნაწილებს აკავშირებს ეს სრუტე. კონვენცია გამოყოფს შემდეგი სასის სრუტეებს:
1) სრუტე. რომელიც გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისათვის ღია ზღვის ნაწილს ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვას შორის. აქ გამოიყენება მშვიდობიანი გავლის უფლება ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლისათვის დამახასიათებელი წესების შესაბამისად;
2) სრუტე, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისათვის ღია ზღვის ნაწილს ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და ღია ზღვის მეორე ნაწილს ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას შორის (გიბრალტარის სრუტე). აქ გამოიყენება სატრანზიტო გასასვლელი, რაც წარმოადგენს თავისუფალი ნაოსნობისა და ფრენის განხორციელებას სრუტის გავლით შეუჩერებელი და სწრაფი ტრანზიტის მიზნით. გემები და საფრენი აპარატები ტრანზიტული გავლის დროს იცავენ საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო წესებს. ისინი ვალდებულნი არიან, დაყოვნების გარეშე გაიარონ ან გადაიფრინონ სრუტე, თავი შეიკავონ ძალისა და ძალისმიერი მუქარის გამოყენებისაგან სრუტის მოსაზღვრე სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. სანაპირო სახელმწიფოებს შეუძლიათ დაადგინონ საზღვაო დერეფნები და დააწესონ მოძრაობის გამყოფი სქემები სრუტეებში ნაოსნობისათვის, თუ ეს აუცილებელია გემების უსაფრთხო გავლისათვის.
3) სრუტე, რომლის შუა ნაწილში არის ღია ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ზოლი, რომელიც ხელსაყრელია ნაოსნობისათვის (მოზამბიკის სრუტე). აქ მოქმედებს ღია ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მიღებული ნაოსნობის თავისუფლება.
სპეციალური საერთაშორისო შეთანხმებებით განისაზღვრება იმ სრუტეების რეჟიმები, რომლებიც გადის ჩაკეტილ ან ნახევრად ჩაკეტილ ზღვებში, კერძოდ, ეს არის ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის სრუტეების რეჟიმები. ბალტიის სრუტეების (ზუნდი, დიდი და პატარა ბელტი) სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს კოპენჰაგენის ტრაქტატი (1857) და სამეფო დადგენილება (1976 – დანია), სადაც გათვალისწინებულია სავაჭრო გემების ნაოსნობის თავისუფლება, ხოლო სამხედრო ხომალდების მიმართ დასაშვებია გარკვეული შეზღუდვების გამოყენება (გავლის შესახებ წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა). შავი ზღვის სრუტეების რეჟიმი რეგულირდება მონტრეს კონვენციით (1936), რომლითაც გათვალისწინებულია გარკვეული შეზღუდვები სამხედრო ხომალდებისთვის და აღიარებულია ყველა ქვეყნის სავაჭრო გემების ნაოსნობის უფლება.



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები