სადაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სადაფი (პერლამუტრი) – მტკნარი წყლის ან ზღვის მოლუსკის ნიჟარის შიგა შრე, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის ორგანულ (ან არაორგანულ) კომპოზიტს.
მიკროსკოპიულად შედგება არაგონიტის ექვსკუთხა ფირფიტებისგან (სიგანე – 10-20 მკრ., სისქე – 0,5 მკრ.), რომლებიც პარალელურ შრეებად არის განლაგებული, ხოლო შრეები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორგანული მატრიცის ფურცლებით.
სადაფი გამოიყენება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის, სამკაულის, ჭურჭლის ინკრუსტაციისათვის, ტანსაცმლის ღილების, მუსიკალური ინსტრუმენტების კლავიშების დასამზადებლად, დეკორატიულ-გამოყენებით მხატვრობაში და სხვ.
მაღალი ხარისხის სადაფის ნიჟარები მოიპოვება აშშ-ს აღმოსავლეთში, კანადაში, მექსიკაში, სპარსეთის ყურეში, წითელ ზღვაში, ცეილონის, იაპონიის, ფილიპინების, ბორნეოს და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. სადაფის ერთ-ერთი უძვირფასესი სახეობაა მარგალიტი.