საბაზრო თეატრი
ბაზრობის თეატრი – ხალხური თეატრის სახეობა XVI-XVII სს. ევროპის ქვეყნებში. წარმოიშვა შუა საუკუნეების ბაზრობებზე მუშტრის მოზიდვის მიზნით. ამ გასართობ სანახაობაში მონაწილეობდნენ მოხეტიალე ჯამბაზები, მუშაითები, ცხოველების მწვრთნელები (და სხვ.).
მე-15-16 საუკუნეებში ქალაქის ხელოსან-მოყვარულები გაერთიანდნენ სამასხრო საზოგადოებებად (საფრანგეთი), რიტორთა კამერებად (ნიდერლანდები), მაისტერზინგერების წრეებად (გერმანია) და სხვა ამგვარ გაერთიანებებად. ბაზრობის დღეებში ისინი გაითამაშებდნენ ფარსებს, ფასტნახტ-შპილებს, მორალიტეებს. მე-16 საუკუნის მე-2 ნახევარში ბაზრობების თეატრის სცენაზე გამოჩნდნენ პროფესიონალი მსახიობები, რომლებიც ასრულებდნენ ე.წ. პარადებს (სახუმარო სცენებს), ფარსებს, მუსიკალურ და საცეკვაო ნომრებს, მართავდნენ ჯადოსნურ-ფეერიულ წარმოდგენებს. ბაზრობების თეატრის მსახიობთა თამაში ძირითადად ეფუძნებოდა იმპროვიზაციის ხელოვნებას, გამსჭვალული იყო სიცოცხლის ხალისით, ზოგჯერ უხეში იუმორითაც კი, მაგრამ ამასთანავე ბუფონადურ ელემენტებთან ერთად, შეიცავდა ყოფით და სოციალურ სატირას. ბაზრობების თეატრის ტრადიციები შეითვისეს და განავითარეს დიდმა დრამატურგებმა შექსპირმა და მოლიერმა.
ბაზრობების თეატრების სამსახიობო ხელოვნებამ დიდ აღმავლობას მიაღწია მე-17 საუკუნის საფრანგეთში. მე-18 საუკუნის დასაწყისიდან, ფრანგულ ბაზრობების თეატრებში თამაშდებოდა პიესები, რომლებიც გადმოღებული იყო. 1697 წ. დახურული „კომედი იტალიენის“ რეპერტუარიდან. ბაზრობების თეატრის განსაკუთრებული წარმატებანი დაკავშირებულია ფრანგი დრამატურგის ა. ლესაჟის მოღვაწეობასთან. მან შექმნა ბაზრობების თეატრის ახალი რეპერტუარი, თავის პიესებში შეიტანა მწვავე პაროდიულ-სატირული ელემენტები, სასაცილოდ აიგდო არისტოკრატთა გემოვნებას აყოლილი პრივილეგირებული თეატრები, ზედა ფენის საზოგადოების ზნე-ჩვეულებანი. მთელი მე-18 საუკუნის განმავლობაში, ბაზრობების თეატრი განიცდიდა სასტიკ დევნას მმართველი წრეებისაგან. პოლიცია ანგრევდა მათ ნაგებობებს, აჯარიმებდა მფლობელებს, მე-18 საუკუნის ბაზრობების თეატრში ჩაისახა ვოდევილის და კომიკური ოპერის ჟანრი.
დროთა განმავლობაში ბაზრობების თეატრები ჩამოყალიბდნენ სტაციონარულ თეატრებად. შემდგომში მათ ნიადაგზე წარმოიშვა ბულვარების თეატრები.