რუდრა
რუდრა – (ინდ.) პირქუში და სასტიკი ღვთაება, რომელიც ბრაჰმას შუბლიდან დაიბადა, განერიდა ყველას და ყველაფერს და უკაცრიელ მთებში გადაიხვეწა, ხიმავატის მთაზე დაიდო ბინა. ტყავებით შემოსილი, წითურსახიანი და შავთმიანი, მშვილდ-ისრით შეიარაღებული რუდრა ტყე-ღრეებში სანადიროდ დაეხეტება. ერთხელ ღმერთებმა ოქროს ხანის დასასრულს, როცა სიკეთემ და მადლმა კლება იწყეს, ცოდვების გამოსასყიდად პირველი მსხვერპლშეწირვა გამართეს სწორედ იმ მთაზე, სადაც რუდრა ცხოვრობდა. ყველა ღმერთი იქ შეიკრიბა, მაგრამ რუდრა არ მოიწვიეს, რადგან ის ყველასგან განმარტოებით ცხოვრობდა და არავინ იცნობდა მას. შეურაცხყოფილმა რუდრამ მიაშურა მსხვერპლშეწირვის ადგილს. გამოჩნდა თუ არა, მიწა შეირყა, ცეცხლი ჩაქრა, მზე, მთვარე და ვარსკვლავები გაფერმკრთალდნენ. შეშინებული ღმერთები მიწას განერთხნენ. რუდრამ მსხვერპლს ისარი სტყორცნა და მსხვერპლი იმწამსვე ანტილოპად გადაიქცა და ცაზე ავარდა. დღემდე ჩანს ცაზე ისარგაყრილი ანტილოპა, რომელსაც ველური მონადირე ედევნება.