როდინაული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

როდინაული − სოფელია საქართველოში, იმერეთში (ზესტაფონის რ.) თემის ცენტრი (სოფლები: აჯამეთი, სვეტმაღალი, ცხენთარო). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 120 მეტრი, ზესტაფონიდან 22 კილომეტრი. ადგილობრივი (ხალხური) ფორმაა როდინოული. როდინოულს დასავლეთით ესაზღვრება აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე ლუხუტა, რომელიც სათავეს იღებს ქვედა ზეგნისა და მეორე ობჩის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ ფერდზე.


გავრცელებულია გადმოცემა, რომლის მიხედვითაც აქაური მოსახლეობა თურმე ოდითგან ხის როდინების დამზადებით ირჩენდა თავს. ზოგიერთის გადმოცემით „სოფლის მდებარეობა მოგვაგონებს როდინს. ზემოდან რომ დახედოს კაცმა, როდინი გამოიხატება. დაბალი ადგილია, ირგვლიე თები აქ მოდგმული, როდინივითაა“ (ვახტანგ ბიქტორის ძე გეწაძე, სოფ. მეორე ობჩა, 1998 წ.). მართლაც უნდა ვიფიქროთ, რომ ხალხური განმარტება ზუსტია და როდინაული უნდა გავიგოთ როგორც როდინის მსგავსი ადგილი; დუბე, ჩავარდნილი ადგილი. საინტერესო ისაა, რომ ზემო იმერეთის არაერთ სოფელში დადასტურდა როდინ- სიტყვის შემცველი მიკროტოპონიმები. სოფ. შორაპანში, მდინარე ყვირილას სანაპიროს ერთ-ერთ ადგილს აქაური მოსახლეობა როდინა-ს უწოდებს. ამ სახელწოდებაში - ხმოვანი აშკარად თვისება-მქონებლობის სუფიქსია. ნიშნავს: „როდინის მსგავსი“. ასევე, სოფ. ზედა ჭალოვანში ერთ-ერთ ადგილს ნაროდინები (||ნაროდინევი) ჰქვია. საგულისხმოა, რომ მეორენაირად იმავე ადგილს აქ ტბებს უწოდებენ, ეს კი თითქოს მიგვანიშნებს ობიექტის ჩავარდნილობაზე. აქაც ნაროდინები უნდა გავიაზროთ როგორც დუბე, ჩადაბლებული, ჩოლი ადგილი. მაშასადამე, სოფლის სახელწოდება როდინაული (როდინა-ულ-ი) ოროგრაფიული შინაარსის სახელი ყოფილა და ნიშნავს: „როდინის მსგავსი ჩადაბლებული, ჩოლი, დუბე ადგილი“.

შეიძლებოდა ამოსავლად გვევარაუდა როდინა სიტყვის გურული მნიშვნელობა: „ხის ღარი“; „ადგილი, სადაც მდგარა საქონლის (ფრინველის) დასარწყულებელი ისარნა, ხის ღარი.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები