რაე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაე. სტელა (დაახ. ძვ.წ. 1100 წ.), პარიზი, ლუვრი

რაე(ეგვ.) მზის ღმერთი, რომელიც სამყაროს შემქმნელად ითვლება: „მან შექმნა ცა და მიწა ადამიანებისთვის, მან მოაშორა წყლებს ნიანგები, მან შექმნა ჰაერი მათი ნესტოებისთვის. ადამიანები მისი ხატები არიან, მისი სხეულიდან გამოსულნი. ის მათი გულისთვის ამოდის ცაზე.

მან შექმნა მცენარეულობა და ცხოველები, ფრინველები და თევზები ადამიანთა გამოსაკვებად. მან მოსპო თავისი მტრები და დასაჯა ადამიანები, როცა მათ ჯანყი ჩაიფიქრეს. მან შექმნა მათთვის ნათელი და ცურავს ცაზე, რათა მათ ხედვა შეძლონ“. რაეს მტრები არიან: წყვდიადი, წყლის სტიქია, გიგანტური ნიანგი მაგა, რომელიც მან მოკლა ჰელიოპოლისში, გიგანტური გველი აფოფი. რაეს მთავარი თავგადასავალი ქვესკნელში მოგზაურობაა, როდესაც ის სტოვებს ცის კაბადონს. ეს ყოველ საღამოს ხდება: რაე გაივლის დღის სავალს ცაზე თავისი ნავით, მიაღწევს დასავლეთის მთებს აბიდოსთან (ქალაქია ეგვიპტეში), სადაც ეგვიპტელთა წარმოდგენით ქვესკნელში, მკვდართა სამეფოში, იყო შესასვლელი. ამ დროს, როცა მზე ასრულებს თავის ყოველდღიურ მოვალეობას ცარგვალზე, მას ათუმი ეწოდება. ათუმის სახელით ის ჩადის ქვედა სამყაროში, რომლის კარიბჭესთან მას ეგებებიან პავიანები, ესალმებიან და სამადლობელ ჰიმნს უმღერიან: „შენ შექმენი პავიანები და ისინი გიგალობენ შენ, ისინი როკავენ შენს წინაშე, ხოტბას შეგასხამენ...“ ამის შემდეგ რაე დღის ნავიდან ღამის ნავში გადაინაცვლებს და მიწისქვეშა ნილოსის დინებას დაუყვება. მას წინ ელის ვიწრო ხეობაში ჩადგმული თორმეტი კარიბჭე, თითოეულ მათგანს თითო ცეცხლისმფრქვეველი გველი იცავს. ქვესკნელის ნილოსზე ცურვისას მკვდრები ამოდიან თავიანთი სამარხებიდან და ესალმებიან რაეს. ქვესკნელის მკვიდრნი, „დასავლელნიც“ თაყვანს სცემენ მას, რადგან ნათელი მათთვის – ქვესკნელის დიდი ღმერთებისთვის, ოსირისისთვის და უბრალო მოკვდავთათვისაც მოაქვს. ისინი ჭვრეტენ მის სახეს და გული სიხარულით ევსებათ. ჩაივლის რაე და კვლავ ბნელი ფარავს მათ და ყველანი თავ-თავიანთ სამარხებს უბრუნდებიან. ეს შუაღამემდე ხდება.

რაე შევარდენის გამოსახულებით
(დაახ. ძვ.წ. 1100 წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი

ნაშუაღამევს იწყება ბრძოლა უზარმაზარ გველეშაპთან, აფოფთან, რომელიც მდინარის კალაპოტივით არის დაკლაკნილი. რას აკეთებს აფოფი? იგი შთანთქავს ქვემოური ნილოსის წყალს, რათა რაემ ვეღარ შეძლოს ნავით ცურვა, ვერ მიაღწიოს იმ ადგილამდე, საიდანაც მოგზაურობის შემდეგ კვლავ უნდა ამოვიდეს ცაზე ქვეყნის გასანათებლად. რაე ებრძვის აფოფს და ამ ბრძოლაში მას დამხმარედ სხვა გველი ჰყავს – მეხენი და, მასთან ერთად, ქვესკნელის ღმერთები. ისინი ამარცხებენ წყლის შთანმთქმელ გველეშაპს, მახვილით კვეთენ მის ყოველ კლაკნილს და უკან ამოანთხევინებენ ნილოსის წყალს. აფოფზე გამარჯვების შემდეგ გრძელდება ცურვა, მის ნავს გარს უვლიან მისი თანამდგომი ღმერთები და მისი გამარჯვების სადიდებელ ჰიმნს უმღერიან:

ძლიერია რაე, უძლურია მტრები!
მაღალია რაე, დაბლებია მტრები!
ცოცხალია რაე, დახოცილია მტრები!
დიდია რაე, პატარებია მტრები!
მაძღარია რაე, მშივრებია მტრები!
ამაღლდა რაე, დაეცნენ მტრები!
კეთილია რაე, ბოროტია მტრები!
ძლიერია რაე, უძლურია მტრები!
არის რაე, აღარა ხარ, აფოფ!

ქვესკნელის უკანასკნელ გზაზე რაე გაივლის 1300 წრთის სიგრძის გველეშაპის სხეულში, რომლის ბოლოდან, აღმოსავლეთის მთების გასასვლელით, კვლავ ცაზე უნდა ამოვიდეს. ამ დროს ის გადაჯდება დღის ნავზე და მეწამული სამოსელით იმოსება. ამგვარად შემოსილი იწყებს რაე ნავით მოგზაურობას ცაზე, ციურ ნილოსზე... ის კვლავ გადაცურავს ცის კაბადონს და ასე ყოველ ღამით მეორდება ეს ამბავი.

სხვა მითოსის მიხედვით, ცის ქალღმერთი ნუთი ყოველ საღამოს ყლაპავს რაეს და დილით კვლავ შობს; რაე ნუნისგან წარმოშობილ ბორცვზე აღმოცენებული ლოტოსის ყვავილიდან მოევლინება ქვეყანას. კიდევ სხვა მითოსით, რაე ოქროს ხბოს სახით იბადება ცა-ფურისგან.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები