ჟიღ-გუაშე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟიღ-გუაშე / ჩიღი-გუაშე (ადიღ. Жыг- Гуащъэ/Чъыгы-Гуащэ – „ხე-ქალბატონი“) – ხეების მფარველი ქალღვთაება ადიღურ მითოლოგიაში. გამოირჩევა განსაკუთრებული სიბრძნით. მკვიდრობს ზღვის სანაპიროზე, სადაც მის გარშემო კეთილი თჰაუხუდები – მზეთუნახავი ასულები იკრიბებიან. მჭედლობის ღმერთისგან – თლეფშისგან, ჰყავს მზიური ვაჟი, რომელიც დედასავით ბრძენია: პირველივე ამეტყველებისთანავე ნართებს ურჩია, ლაშქრობა ირმის ნახტომის მიმართულებით განეხორციელებინათ (Нартхэр, VII. 1971).

ჟიღ-გუაშეს იკონოგრაფიული სახე ანთროპომორფული და იზომორფული ნიშნებით ხასიათდება. იგი წარმოდგენილია, როგორც მძლავრი ხე, რომელსაც მიწიდან ცამდე ვერტიკალური მდგომარეობა უკავია და მსოფლიო ხის მითოლოგიურ ვარიანტს გვაგონებს.

ამ უკანასკნელივით, ჟიღ-გუაშე ვერტიკალურ განზომილებაში საპირისპირი კოორდინატებს („ზემო – ქვემო“, „ცა – მიწა“, „მიწა — ქვესკნელი“) ქმნის. ერთ-ერთ მითში, რომელიც ნართულ ეპოსშია შესული, ჩამოთვლილია ჟიღგუაშეს ზოგიერთი, დიფერენცირებული ნიშნები: „წამიყვანეთ მასთან, – თქვა თლეფშმა და მზეთუნახავი ასულების კვალს დაადგა. როცა მივიდნენ, – დგას დიადი ხე, ხე – არა ხე, ადამიანი – არა ადამიანი, გაუგებარია, რა არის ეს. ფესვები მიწის შორეულ სიღრმეებს აღწევს, თავი, როგორც ღრუბელი, ზეცას სწვდება, ხელები ადამიანური, ვერცხლისა და ოქროს ულამაზესი სახე“ (Нартхэр, I. 1968).

როგორც ვხედავთ, ჟიღ-გუაშეს ხატი სამყაროს ძირითად ზონებს მოიცავს და თავისი მახასიათებლებით მსოფლიო ხის ხატს უახლოვდება. ეს მსგავსება ძალზე ნათლად ვლინდება, როდესაც მის როლს განბრძნობის (ცნობად) ხეს, როგორც მსოფლიო ხის ნაირსახეობას, ვადარებთ. „არ შეცდე, თლეფშ, თუ შენ ცოდნა გინდა, მე მოგცემ. ჩემი ფესვი – მიწის სიღრმეშია, ამიტომ მე ვიცი ყოველივე, რაც ზემოთაა. დედამიწა უსამანოა“ (Нартхэр, I. 1968).


ლიტერატურა

  • Мижаев М. Жиг-Гуаша // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • Кумахов М. А., Кумахова З. Ю. Нартский эпос: язык и культура. М., 1998.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები