პალესტინელთა შეზღუდული ავტონომიის გაფართოების შესახებ შეთანხმება 1995

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პალესტინელთა შეზღუდული ავტონომიის (თვითმმართველობის) გაფართოების შესახებ შეთანხმება 1995 – „ოსლო 2“-ად წოდებული შეთანხმება. ხელმოწერილ იქნა 1995 წლის 28 სექტემბერს ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ი. რაბინის და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის (პგო) ლიდერის ი. არაფატის მიერ, აშშ-ის პრეზიდენტის ბილ კლინტონის, ეგვიპტის პრეზიდენტის ჰ. მუბარაქის და იორდანიის მეფის ჰუსაინის თანდასწრებით.

დოკუმენტი, რომელიც შედგება 460 გვერდისგან, 6 დამატებითი მუხლისგან და თან დართული აქვს რუკა. შეიცავს შემდეგ ძირითად დებულებებს: შეთანხმების თანახმად არჩევნების წინ ისრაელს გამოჰყავს თავისი ჯარები პალესტინელთა ქალაქებიდანბეთლემიდან, ჯენინიდან, კალკიდიადან, ნაბლუსიდან, რამალაჰიდან და ჰებრონის ნაწილიდან, აგრეთვე პალესტინელთა 450 მცირე ქალაქიდან და სოფლიდან. ჯარების გამოყვანა იწყება ქ. ჯენინიდან, შეთანხმების ხელმოწერიდან 10 დღის შემდეგ. ქ. ჰებრონში რჩება ისრაელის ჯარის ნაწილები ადგილობრივი ებრაელი მოსახლეობის დასაცავად. პალესტინელთა ავტონომიაში არჩევნების ჩატარების შემდეგ იწყება ისრაელის ჯარების გამოყვანის მეორე ეტაპი, რომელიც 18-24 თვემდე გასტანს. ჯარების სრულ გამოყვანამდე ისრაელი პასუხისმგებელია „გლობალურ უსაფრთხოებაზე“ და საზღვრების კონტროლზე მდ. იორდანეს დასავლეთით არაბულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისრაელის მიერ მდ. იორდანეს დასავლეთით ოკუპირებული ტერიტორიები ადმინისტრაციული მართვის მხრივ იყოფა სამ „ოლქად“. „ოლქი A“ მოიცავს დასავლეთ იორდანიის ყველა დიდ ქალაქს ქ. ჰებრონის გამოკლებით. ამ ოლქში მოქმედებს პალესტინელთა ადმინისტრაცია, „ოლქი B“, რომელიც მოიცავს პალესტინელთა მცირე ქალაქებს და სოფლებს, რჩება ებრაელთა და პალესტინელთა ერთობლივი კონტროლის ქვეშ (პოლიტიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ისრაელი, საზოგადოებრივ წესრიგს კი პგო-ს პოლიცია). „ოლქი C“, რომელიც მოიცავს დასავლეთ იორდანიის ებრაელთა დასახლებებს და სამხედრო პუნქტებს, რჩება ისრაელის დაქვემდებარებაში.

ისრაელის ჯარების გამოყვანის პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ 22 დღეში დასავლეთ იორდანიის, ღაზის სექტორის აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინელები (რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე არანაკლებ 3 წელი) ირჩევენ თვითმმართველობის საბჭოს (პალესტინელთა ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს) 82 წევრის შემადგენლობით, საბჭოს უფლებამოსილება გაგრძელდება 1999 წლის მაისამდე (გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე). საბჭო ნიშნავს აღმასრულებელ ორგანოს, რომლის თავმჯდომარეს (პრეზიდენტს) ირჩევს ხალხი (პირდაპირი არჩევნების საშუალებით), გარდამავალი პერიოდის მანძილზე. პალესტინელთა ავტონომიის სტატუსის თაობაზე საბოლოო შეთანხმებამდე, ისრაელი უზრუნველყოფს დასავლეთ იორდანიის საგარეო უსაფრთხოებას და წარმოადგენს მის საგარეო პოლიტიკას.

წმინდა ადგილებს ავტონომიურ ოლქში პალესტინელთა ადმინისტრაცია უწევს კონტროლს: ყველა მორწმუნეს ეძლევა საშუალება თავისუფლად მოინახულოს ისინი. სტუმრების უსაფრთხოებას ერთობლივად უზრუნველყოფს ებრაელი და პალესტინელი პოლიციელები, ებრაელთა წმინდა ადგილები (რაქელის საფლავი ბეთლემში და იოსების საფლავი ნაბლუსთან) ისრაელის ადმინისტრაციის კონტროლს ექვემდებარება: პატრიარქების საფლავს ქ. ჰებრონის შუაგულში, რომელიც წმინდაა როგორც იუდეველთათვის, ასევე მუსლიმანთათვის, დროებით ისრაელის არმიის ნაწილები დაიცავენ.

შეთანხმების თანახმად, ისრაელმა აიღო ვალდებულება პალესტინელთა მიერ დასახელებული ოლქების წყლით მომარაგება საგრძნობლად გაზარდოს, მოცულობის შემდგომი ზრდა დამოკიდებული იქნება საერთო წყლის რაოდენობასთან. ამასთან დაკავშირებით შეიქმნა ერთობლივი კომიტეტი. პგო-მ აიღო ვალდებულება, თვითმმართველობის საბჭოს არჩევის ორი თვის თავზე ამოიღოს თავისი ქარტიიდან მოწოდება ებრაელთა სახელმწიფოს განადგურების შესახებ.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები