ორხელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორხელა
ორხელა

ორხელა - სახვნელი იარაღი. შედგებოდა: მხრის, ქუსლის, ორხლის, კოკოშის, სახნისისა და საკვეთლისაგან. მხარი წარმოადგენდა მოხრილ ხეს. ჰქონდა ნაჩვრეტი, რომელშიც საკვეთელი იყო ჩამაგრებული. მხარს წინ ძირიდან ამოეკვროდა კოკოშა, რომლის საშუალებით შესაძლებელი იყო ხვნის სიღრმის რეგულირება. თუ სახნავი ნიადაგი გამოგვალული იყო, ორხელის მოკიდება რომ გაადვილებოდათ, კოკოშას მოხსნიდნენ. თუ ნიადაგი რბილი იყო, იმისათვის, რომ ორხელა ნიადაგში ზომაზე მეტად ღრმად არ წასულიყო, კოკოშას გაუკეთებდნენ. ქუსლა ფორმით დიდ სოლს წარმოადგენდა, რომელიც საშვრიეთი მთავრდებოდა. საშვრიეზე სახნისი წამოიცმოდა. ორხელა წარმოადგენდა სამი შტოსაგან შედგენილ ერთიან ხის ტოტს, რომელიც ტანით ჩასმული იყო ქუსლში. გამწევი ძალის შებმა ორხელაში კვანტების ან ღვედის საშუალებით ხდებოდა. ორხელაში, ჩვეულებრივ, 4-5 უღელი გამწევი ძალა იბმოდა. მუშახელს შეადგენდა გუთნისდედა და 2-3 მეხრე.

ორხელა განსაკუთრებით მთის წინა ზოლის მეურნეობისათვის იყო დამახასიათებელი. ორხელას პარალელურად ამ ზოლში გავრცელებული იყო დიდი გუთანიც, რომელიც უმთავრესად საანეულო ხვნისათვის გამოიყენებოდა. რაც შეეხება ორხელას, იგი წარმოადგენდა ძირითად სახვნელ იარაღს საგაზაფხულო და საშემოდგომო ხვნის დროს. ორხელას ქართლის ბარში აოშვის და იშვიათად საგაზაფხულო ხვნის დროს იყენებდნენ.

როგორც მთისწინა ზოლში, ისე ბარში ორხელათი მუშაობის დროს მიმართავდნენ კოლექტიური შრომის ფორმას მოდგამს, რომელიც 12-13 დღეს გრძელდებოდა. ორხელას მოდგამისათვის დამახასიათებელი იყო ხვნის ნორმირებული სისტემა, მეტ-ნაკლებად დიფერენცირებული. ორხელას ტიპის სახვნელი იარაღი ცნობილი ყოფილა ძვ. წ. I ათასწლეულიდან.


ლიტერატურა

გ. ჯალაბაძე. აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღის ისტორიიდან, თბ., 1960. თ.გ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები