ორიგინალი (მათემატიკა)
ორიგინალი (ლათ. originalis – თავდაპირველი) – მათემატიკური ობიექტი, რომელიც განიცდის გარდაქმნას.
ოპერაციული აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს იდეა: მოცემული ფუნქცია – „ორიგინალი“ შეიცვალოს რომელიმე სხვა ფუნქციით – „გამოსახულებით“, რომელიც მიიღება პირველიდან გარკვეული წესებით. ასეთი შეცვლა საშუალებას იძლევა ზოგიერთ შემთხვევაში მარტივი და ეკონომიური წესების გამოყენებით ამოიხსნას რთული მათემატიკური ამოცანები.
ლაპლასის მემუარებში (1782 - 1812) თანამედროვე „ორიგინალს“ და „გამოსახულებას“ ჰქვია fonction determinants და fonction generatrice – „განმსაზღვრელი ფუნქცია“ და „მწარმოებელი ფუნქცია“. ეს სახელწოდებები მართალია არასახარბიელოდ იყო მიჩნეული, მაგრამ XX ს-მდე შემორჩა. ჰევისაიდი იყენებდა სახელწოდებას „საოპერატორო ფუნქცია“ (1892 - 1893). ოპერატორს იგი აღნიშნავდა p ასოთი, რომელიც კვლავ გამოიყენება თანამედროვე აღრიცხვაში.
კარსონმა შეადგინა და გამოაქვეყნა ორიგინალებისა და გამოსახულებების ცხრილი (1926). სახელწოდება original და image აგრეთვე ,==‘ ნიშანი შემოიღო ვან დერ პოლმა თავის სტატიებში (1929-1932). ეს ტერმინები არც თუ მალე იქნა მიღებული: 30 წლის განმავლობაში ჯერ კიდევ იყენებდნენ ლაპლასის ტერმინებს, აგრეთვე Objektfunktion, Resultatfunktion და Oberfunktion, Unterfunktion, ასევე ტერმინებს – „ტრანსფორმანტა“, „საწყისი ფუნქცია“ და მრავალ სხვას.
რუსულ ლიტერატურაში ტერმინი „გამოსახულება“ და ნიშანი ,==‘ პირველად გამოჩნდა ხარკოველი მათემატიკოსების ა. ეფროსის და ა. დანილევსკის წიგნში „ოპერაციული აღრიცხვა და კონტურული ინტეგრალი“ (1937), ხოლო ტერმინი „ორიგინალი“ გამოიყენეს მხოლოდ 1935 წელს.