ორბელიანი ელისაბედ
ორბელიანი (ბაგრატიონი) ელისაბედ ირაკლის ასული - (1871, თბილისი - 1942, თბილისი) - ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ცნობილია ლიტერატურული ფსევდონიმით „საზანდარი”. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ისა (მამის მხრიდან) და ჭავჭავაძის (დედის მხრიდან) შთამომავალი.
განათლება პარიზში მიიღო. ერთხანს ცხოვრობდა იტალიასა და შვეიცარიაში. ლექსებს ფრანგულად წერდა. 1919-1920 წლებში რედაქტორობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფრანგულ და ინგლისურენოვან გაზეთებს „თავისუფალ საქართველოს”, „საქართველოს რესპუბლიკას” (ორივე ფრანგულ ენაზე) და „საქართველოს მოამბეს” (ინგლისურ ენაზე). ფრანგულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველ კლასიკოსთა პოეზია, კერძოდ, ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა შემოქმედება. 1918 ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მიიწვია უნივერსიტეტში უცხო ენათა ლექტორად, კითხულობდა ფრანგული (1918) და ინგლისური (1921) ენების კურსს.
მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
- ნ. ძიძიშვილი, ღვაწლმოსილი მანდილოსნები, თბ., 1976;
- ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926 თბ., 2006.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი