ოლივიე მესიანის კვარტეტი ჟამთა დასასრულზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„კვარტეტი ჟამთა დასასრულზე“ – (ფრანგ. Quatuor pour la fin du temps), ფრანგი კომპოზიტორის ოლივიე მესიანის კვარტეტი ვიოლინოს, კლარნეტის, ჩელოს და ფორტეპიანოსთეის.

ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიამ მრავალი უდიდესი ხელოვანის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა. საკმარისია გავიხსენოთ: პ. პიკასოს ფერწერული ტილო გერნიკა, თ. მანის სტატია „ბერმანული ენა“, „მიმართვა გონებას“, დ. შოსტაკოვიჩის „მეშვიდე ლენინგრადის სიმფონია“. მათ გვერდით დგას ოლივიე მესიანის აბსოლუტურად უნიკალური ნაწარმოები – „კვარტეტი ჟამთა დასასრულზე“. ნაწარმოების უნიკალურობა იმაშია, რომ იგი არა უბრალოდ მიეძღვნა ომის თემას, არამედ დაიწერა საკონცენტრაციო ბანაკში.

კვარტეტის უჩვეულო შემადგენლობა იმითაა განპირობებული, რომ გიორლიცის საკონცენტრაციო ბანაკში კომპოზიტორის და პიანისტის ოლივიე მესიანის გარდა სამი მუსიკოსი იყო – მევიოლინე, კლარნეტისტი და ჩელისტი. ბანაკის უმძიმეს პირობებში კომპოზიტორმა სულის იშვიათი სიმტკიცე გამოიჩინა და კოშმარულ სინამდვილეს თავისი პროფესიით დაუპირისპირდა. როგორც თავად მესიანი აღნიშნავდა, კვარტეტი დაწერილია იმისთვის, რომ „გავქცეოდი თოვლს, ომს, ტყვეობას და საკუთარ თავს“. კვარტეტის პირველი შესრულება იქვე, გიორლიცის ბანაკში, 30 გრადუსიან ყინვაში, 1941 წლის 15 იანვარს, პატიმრების ძალებით განხორციელდა.

ზემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებებისგან განსხვავებით, მესიანის კვარტეტში არაა უშუალოდ ასახული ომის საშინელება, ან გაანალიზებული ამ გლობალური კატასტროფის მიზეზები და შედეგები. იგი აპოკალიფსის წიგნის მეათე თავის ერთი მონაკვეთითაა შთაგონებული და არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის საშინელებათა წინააღმდეგ გალაშქრებად გვევლინება, არამედ ზოგადსაკაცობრიო იდეალების სიმბოლოდ, მარადიულობის და უკვდავების დიდებად წარმოგვიდგება.

კვარტეტის პირველ ნაწილში, „პრისტალის ლიტურგია“, რომელშიც ფრინველების გალობაა გამოყენებული, „ჟამთა მისტერიის“ თავისებური ინტროდუქციაა. იგი თითქოს დროის, ჟამის აბსოლუტს განასახიერებს. ასეთ შთაბეჭდილებას ქმნის ე. წ. ვიტრაჟის ეფექტი (მესიანის ტერმინი), მელოდიური, ჰარმონიული და რიტმული პედალების არასინქრონული გამეორება. მეორე ნაწილი, „ვოკალიზი ჟამთა დასასრულის მაუწყებელ ანგელოზისა“, ტრანსცენდენტური ხასიათისაა და დროის უსასრულობის სიმბოლო. მესამე ნაწილი, „ფრინველების ქვესკნელი“, სოლო კლარნეტისთვისაა დაწერილი. „ქვესკნელი ესაა ჟამი, მისი უბედურებით და მწუხარებით“, – წერდა ავტორი.

ციკლის კულმინაცია მეშვიდე ნაწილში უკვე მეექვსეში მზადდება. „შვიდი საყვირის მრისხანების ცეკვა“ – ასე ეწოდება ნაწილს, რომელშიც კვარტეტის ესქატოლოგიური კონცეფცია განსაკუთრებით მკაფიოდაა რეალიზებული. მასში ოთხივე საკრავი უნისონში უკრავს, რითაც კომპოზიტორი გადმოგვცემს აპოკალიფსური საყვირების ხმოვანებას. მძლავრად და აქტიურად მჟღერ კულმინაციურ ნაწილებს მოსდევს ფინალი – „შესხმა იესოს უკვდავებისა“. თავისი ხასიათით იგი შორს დგას ტრადიციული ფინალებისგან. ეს თავისებური „არიაა“ ვიოლინოს და ფორტეპიანოსთვის, რომელიც ამაღლებულ, განწმენდილ მხატვრულ სამყაროს წარმოადგენს.


წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები