ობელისკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სენუსერტ I-ის ობელისკი ჰელიოპოლში

ობელისკი – (ეგვ. Mnw, ბერძნ. obeliskos) ძველეგვიპტური მონუმენტური ნაგებობა, ჩვეულებრივ მაღალი, თანდათან ზევით დავიწროებული ოთხკუთხა სვეტი, დაგვირგვინებული პატარა ბრტყელი პირამიდით.

გარეგნული მსგავსებისა და მზის ღვთაებასთან კავშირის გამო აშკარაა, რომ ობელისკი ბენბენის ქვის ვარიანტს წარმოადგენდა. იყო მზის საკულტო სიმბოლო, რომელიც მზის ტაძრებში იდგა. XVIII დინასტიიდან ობელისკებს იდგამდნენ მეფეებიც. ეს ტრადიცია ხებსედის დღესასწაულთან იყო დაკავშირებული.

თანამედროვე ასტრონომების აზრით, ობელისკის ფორმა ინსპირირებული იყო ასტრონომიული ფენომენით, რომელსაც მზის ჩასვლის დროს აქვს ადგილი, ე.წ. „მზის სვეტებით“. დღეისათვის შემორჩენილია 29 ეგვიპტური ობელისკი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია მიმოფანტული. ეგვიპტეში ნახევარზე ნაკლებია დარჩენილი. ოცდამეათე, ნახევრად დასრულებული, ასუანის სამტეხლოებშია ნაპოვნი. დღეისათვის ცნობილი ყველაზე ძველი, წითელი გრანიტის ობელისკი დღემდე დგას თავის ორიგინალურ ადგილზე, ალ-მატარიასთან, ჰელიოპოლისში. მისი სიმაღლე 20.7 მეტრია და 120 ტონას იწონის. ობელისკი XII საუკუნის ფარაონს, სენუსერტ I-ს ეკუთვნოდა. ეგვიპტეში დღეს 9 ობელისკია დარჩენილი. ესენია: სენუსერტ I-ის ობელისკები ელ-მატარიაში, ჰელიოპოლისში (კაიროსთან) და ფაიუმში, თოტმეს I-ის, ხატშეპსუტის და სეტი II-ის – კარნაკის ტაძარში, რამსეს II-ის – ლუქსორში, რამსეს III-ის – ლუქსორის მუზეუმში, რამსეს II-ის – გეზირას კუნძულზე კაიროში, რამსეს II-ის – კაიროს საერთაშორისო აეროპორტში. საფრანგეთში ერთი ობელისკია (რამსეს II-ის), პარიზში, კონკორდის მოედანზე. ობელისკის ფორმამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რომაელებზე, და მათ თავად დაიწყეს მათი დამზადება. დღეს იტალიაში 18 ობელისკია, მათგან ეგვიპტურებია (რომში): პიაცა სან ჯოვანის ობელისკი – ვატიკანში (დღეს ლატერანულ ობელისკად მოიხსენიება. ობელისკის დამზადება თოტმეს III-მ დაიწყო და თოტმეს IV-მ დაასრულა); სეტი I, რამსეს II-ის – დელ პოპოლოს მოედანზე; ფსამტიხ II-ის – მონტეჩიტორიოს მოედანზე; რამსეს II-ის – როტონდას მოედანზე; რამსეს II-ის – ვილა ჩელიმონტანასთან, წმინდა პეტრეს მოედანზე (წარმომავლობა უცნობია); აპრიესის, სანტა მარია მინერვას მოედანზე (მისი წყვილი ურბინოში დგას), და რამსეს II-ის – დიოკლეტიანეს აბანოებთან. პოლონეთში, პოზნანში დგას რამსეს II-ის ობელისკი; სტამბოლში – თოტმეს III-ის, ოთხი ობელისკია დიდ ბრიტანეთში (მათ შორის ერთი – წითელი გრანიტის ცნობილი თოტმეს III-ის ობელისკი, რომლის წყვილი ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში დგას). თოტმეს III-ის ეს ორი ობელისკი „კლეოპატრას ნემსების“ სახელით არის ცნობილი.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები