ნოსტრატული ჰიპოთეზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოსტრატული ჰიპოთეზა – (ლათ. nostrās – ჩვენი, აქაური, ადგილობრივი), ენათა ექვსი ოჯახის (ინდო-ევროპული, ქართველური, ურალური, ალთაური, დრავიდული, სემიტურ-ქამიტური) ნათესაობის იდეა. ცალკეული ოჯახების (იხ. ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია) გაერთიანებაზე ლაპარაკი დაიწყო მათი ისტორიულ-შედარებითი კვლევის პროცესში. გამოითქვა მოსაზრებები ურალურ-ალთაური, ინდოევროპულ-სემიტური, ინდოევროპულ-ქართველური, ურალურ-ინდოევროპული. ოჯახების გენეტურად დაკავშირების შესაძლებლობაზე, უფრო ფართო მასალის განზოგადებამ გააჩინა აზრი გენეტური ნათესაობის საფუძველზე ამ ოჯახების გაერთიანების შესახებ არა წყვილ-წყვილად, არამედ ერთ მაკრო ოჯახად, რომელშიც შემავალ ენებს ეწოდა ნოსტრატული ენები (ტერმინი შემოტანილია ჰ. პედერსენის მიერ 1903).

ნოსტრატული ჰიპოთეზის ერთ-ერთი ავტორის, ვ. ილიჩ-სვიტიჩის მიხედვით, დასახელებული ექვსი ოჯახის ენებს შორის არსებობს მსგავსება, რომელიც ატარებს არა შემთხვევით, არამედ მოტივირებულ ხასიათს. ასეთი მსგავსება არ შეიძლება აიხსნას უბრალო სესხებით (თუმცა ზოგ შემთხვევაში არც ეს არის გამორიცხული). ითვლება, რომ ნოსტრატულ ენათა დაჯგუფებაში შემავალ წინარეენათა გენეტური ნათესაობა ვლინდება მათში საერთო მორფემების (ძირეულის, აფიქსურის) არსებობით, რაც ქმნის საფუძველს ბგერათშესიტყვებობის დასადგენად; მარცვლისა და ძირის აგების მსგავსი პრინციპებით; ნაწილობრივ – სინტაქსური წესებით.

ნოსტრატული მაკროოჯახის დივერგენციის დათარიღება ჰიპოთეზურია. გლოტოქრონოლოგიური მოსაზრებებით (მორფემათა ცვალებადობის მიხედვით), ამ პროცესს ადგილი უნდა ჰქონოდა დაახლოებით 8 ათასი წლის წინ (და არა უგვიანეს), კულტურულ-ისტორიული მონაცემებით კი – 11 ათასი წლის წინათ ჩვ. წ-მდე. არქეოლოგიურ და სხვა მასალაზე დაყრდნობით ივარაუდება, რომ ნოსტრატული ენების თავდაპირველი გავრცელების რეგიონი უნდა ყოფილიყო ახლო აღმოსავლეთი.

ინტენსიური კვლევის მიუხედავად, ნოსტრატული ჰიპოთეზა ჯერჯერობით ჰიპოთეზის დონეზე რჩება და მასზე, როგორც მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულ თეორიაზე, ლაპარაკი ნაადრევი ჩანს. ძირითად მიზეზად შეიძლება დასახელდეს ნოსტრატულ დაჯგუფებაში შემავალი ცალკეული ოჯახების შესწავლის არათანაბარი მდგომარეობა და, აქედან გამომდინარე, მათი პრაენების რეკონსტრუქციის სანდოობა. ასეთი დასკვნის საშუალებას იძლევა თუნდაც ქართველური ენების მასალა, რომელიც (სხვა ოჯახების ენობრივ მასალასთან ერთად) საფუძველია ნოსტრატული ჰიპოთეზისათვის (ბ. ფოჩხუა).

ე. ილიჩ-სეიტიჩის შედარებითი ლექსიკონი პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) ნაშრომია, რომელშიც ექვსივე ოჯახის მონაცემები (353 ერთეული) არის გათვალისწინებული, გამოყენებულია 100-ზე მეტი ქართველური მორფემა, როგორიცაა: al- „ალი“, arL(a) „უარყოფითი ნაწილაკი, b- „ბმა“, „მიბმა“, bdr-/bdl- „ბერვ“, „გაბერვა“, bir „მღერა“ (მეგრ). ,brge „ბრგე“, mz-e „მზე“, cel- „თიბვა“, cwar-/cur „წვეთვა“,„წვეთი“, čam-/čum- „ჭამა“, č?cd/ĉ?âd- „ჭედვა“, „მიჭედება“, ĉ?er-/ĉ?ar- „ჭრა“… მაგრამ წარმოდგენილი მასალა არ არის ისე თანმიმდევრულად გაანალიზებული, რომ მისი უკრიტიკოდ გამოყენება შესაძლებელი იყოს პრაენების შედარებისათვის (რომელსაც ემყარება ნოსტრატული ჰიპოთეზა).

ი. ქობალავა

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები