ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენათა გენეალოგიური კლასიფიკაციაენათა დაჯგუფება საერთო წარმომავლობის მიხედვით.

ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია ემყარება ენის განვითარებაში დიფერენციაციის პროცესს, რომლის საფუძველზეც ერთი ენისაგან რამდენიმე ენა წარმოიშობა. ენა დროთა განმავლობაში იცვლება. ერთი ენის ცვალებადობის მიზეზები სხვადასხვა ადგილას ერთმანეთისაგან განსხვავებულია, ამიტომ ერთი და იგივე ენა სხვადასხვა სახეს იღებს. იგი იშლება დიალექტებად. ცვალებადობის პროცესი დიალექტებს შორის შეიძლება იმდენად გაღრმავდეს, რომ დიალექტი დამოუკიდებელ ენად იქცეს. მსოფლიოს ენათა გარკვეული ჯგუფები საერთო წარმოშობისა არიან. ასეთ ენებს მონათესავეს უწოდებენ. ენას, რომლის დიფერენციაციის საფუძველზედაც მიიღება მონათესავე ენები, ფუძეენა ეწოდება, ხოლო მონათესავე ენათა ჯგუფს – ენათა ოჯახი, ამჟამად მსოფლიოს ენები დაჯგუფებულია რამდენიმე ოჯახად. ესენია: ინდოევროპული, სემიტური, ქამიტური, ფინურ-უნგრული, ალთაური (თურქულ-მონღოლური), მანჯურიულ-ტუნგუსური, იბერიულ-კავკასიური, ჩინურ-ტიბეტური, დრავიდული, სუდანური, პოტენტოტური, ალგონკინური. ერთი ოჯახის ენათა შორის შესაძლებელია ნათესაობის სხვადასხვა საფეხური დასტურდებოდეს. ამის შესაბამისად ოჯახი იყოფა უფრო ახლო მონათესავე ენათა შტოებად და კიდევ უფრო მცირე ჯგუფებად. თითოეულ შტოს ან ქვეჯგუფს თავისი ფუძეენა აქვს. მსოფლიოს ყველა ენისათვის საკითხი გენეზისური ურთიერთობისა, რომელიც მთელი ოჯახის საერთო ფუძეენიდან მომდინარეობს, ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

გენეალოგიურ კლასიფიკაციასთან დაკავშირებული ტერმინები „ნათესაობა“, „ოჯახი“, „გენეალოგია“… ენათმეცნიერებაში ბუნებისმეტყველებიდან არის შემოტანილი. XIX ს. 70-იან წლებამდე ენათმეცნიერება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა გავლენას განიცდიდა, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. იყო ცდა, ენა ცოცხალი ორგანიზმისთვის გაეტოლებინათ, ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია ცხოველთა და მცენარეთა კლასიფიკაციის შესაბამისად მიაჩნდათ. შემდეგ ენას ცოცხალ ორგანიზმად არავის მიუჩნევია, მაგრამ ძვ. ტერმინები მაინც შემორჩა, თუმცა შეცვლილი შინაარსით.

აღსანიშნავია აგრეთვე ისტორიულ ენათმეცნიერებაში უკვე დადგენილი ენათა ოჯახების მეტაგენეალოგიური კლასიფიკაციის ცდები, რომლის მიზანია ენებს შორის უფრო შორეული ნათესაობის დადგენა, ვიდრე ამას ჩვეულებრივი ენათა ოჯახები გულისხმობს, ბიოლოგიაში მიღებული საკლასიფიკაციო იერარქიის ანალოგიით მონათესავე ოჯახთა ჯგუფს, ანუ ოჯახთა ოჯახს აღნიშნავენ ტერმინებით – გვარი (stiock) ან ფილუმი (ბერინ. phylon „ტომი“, „გვარი“). ზოგჯერ ამ ტერმინებს განასხვავებენ და ფილუმს იყენებენ კიდევ უფრო ფართო დაჯგუფების (სუპერსტოკის) აღსანიშნავად. მაგრამ რამდენადაც ეს ტერმინები მკაცრად განსასღვრული არ არის, შემოთავაზებულია ალტერნატიული ტერმინები – ენათა ოჯახი იმ ენათა ერთიანობის აღსანიშნავად, რომელთა საერთო წარმომავლობა ცნობილია (მაგ., ინდოევროპული), და კონიექტურული ან სავარაუდო ოჯახი ენებისათვის, რომელთა საერთო წარმომავლობა ჰიპოთეტურია.

ენათმეცნიერებაში ენათა ცვალებადობის შესწავლის პრიორიტეტის აღიარებამ თავის დროზე განაპირობა იმ აზრის დამკვიდრება, რომ ერთადერთი მეცნიერული კლასიფიკაცია, რომელიც შეიძლება ფასეული იყოს, არის ენათა ისტორიაზე დაფუძნებული გენეალოგიური კლასიფიკაცია.

ენათა ნათესაობის დადგენის ძირითად საშუალებად გამოიყენება ისტორიულ-შედარებითი მეთოდი. იგი ადგენს მხოლოდ მონათესავე ენებში არსებულ მსგავსებებს, საერთოს ერთი წარმომავლობის ენებისათვის. მეთოდი ემყარება რეგულარულ ბგერათ შესატყვისობას, რომელიც წარმოიშობა საერთო ამოსავალი მასალის კანონზომიერი ცვალებადობის შედეგად და ამიტომ დასტურდება მხოლოდ მონათესავე ენათა ლექსიკასა და გრამატიკულ ელემენტებში.

თ. შარაძენიძე
ი. ქობალავა

იხილე აგრეთვე

ენათა კლასიფიკაციები

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები