ფუძეენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუძეენა – წინარეენა, პროტოენა, რომლის უშუალო დიფერენციაციის გზით მიიღებიან მონათესავე ენები . ფუძეენისაგან ახ. ენების წარმოშობა მიმდინარეობს არა ცოცხალ ორგანიზმებში ახალი ფორმების წარმოშობის მსგავსად, არამედ როგორც გარკვეული ტრანსფორმაციის პროცესი, რომლის შედეგად ამოსავალი ენა გარდაიქმნება ახ. ენად (ენებად). ამდენად, ფუძეენაზე ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ როგორც დაუმოწმებელ ენაზე. იგი წარმოგვიდგება არსებითად როგორც ენობრივი კონსტრუქტი, ენობრივი მდგომარეობა. თუმცა, იშვიათად არსებობს გამონაკლისებიც, როდესაც დიფერენციაციის შემთხვევაში ფუძეენა უკვე ფიქსირებულია წერილობით, ასეთია, მაგ., ლათინური, რომელიც გვევლინება ფუძეენად თანამედროვე რომანული ენებისათვის (ფრანგული, იტალიური, ესპანური..).

პრაენობრივი სისტემის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს ისტორიულად დამოწმებული მონათესავე ენობრივი სისტემების შეპირისპირებითა და ტიპოლოგიური მონაცემების გამოყენებით. ასეთი რეტროსპექტული მსვლელობა ერთი მდგომარეობიდან მეორისაკენ უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ მიიღწევა ისეთი ენობრივი მდგომარეობა, რომლისგანაც შესაძლებელია ისტორიულად დამოწმებული ყველა მონათესავე ენობრივი სისტემის გამოყვანა.

ქართველურ ენათა მასალის ანალიზი დიაქრონიული მეთოდების თანმიმდევრული გამოყენებით საშუალებას იძლევა, აღვადგინოთ საერთოქართველური ენის უძველესი მოდელი.

საერთო-ქართველური ენობრივი სისტემა, რომელიც არ მიეკუთვნება ისტორიულად დამოწმებული ენების რიცხვს, წარმოადგენს ერთგვარ თეორიულ-კონსტრუქტს, რაც ფაქტობრივად იძლევა მეტნაკლებად განსხვავებული ინტერპრეტაციების შესაძლებლობას (არნ. ჩიქობაქა, თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, ი. მელიქიშვილი, კ. ჰ. შმიდტი..). სანიმუშოდ შეიძლება განვიხილოთ თ. გამყრელიძისა და გ. მაჭავარიანის მიერ შემოთავაზებული მოდელი, რომლის მიხედვით:

საერთო-ქართველური ენის ფონემური სისტემა განარჩევს განსაზღვრულ ფონემურ კლასებს. ფონემურ ერთეულთა კლასიფიკაციის საფუძვლად მარცვალთწარმოქმნის ნიშნის მიღების შემთხვევაში საერთო ქართველური ენის ფონოლოგიურ სისტემაში შეიძლება გამოიყოს ფონემათა სამი ძირითადი კლასი: 1) კლასი ფონემებისა, რომლებიც სინტაგმატურად ფუნქციონირებენ მხოლოდ როგორც მარცვლოვანი ელემენტები (საკუთრივ ხმოვნები). 2) კლასი ფონემებისა, რომლებიც სინტაგმატურად ფუნქციონირებენ მხოლოდ როგორც უმარცვლო ელემენტები (საკუთრივ თანხმოვნები): 3) რომლებიც სინტაგმატურად ფუნქციონირებენ როგორც მარცვლოვანი ან უმარცვლო ელემენტები მათი ფონეტიკური გარემოცვისდა შესაბამისად – პოზიციათა ერთ განსაზღვრულ ნაწილში ფონემათა ამ კლასში გაერთიანებული ელემენტები ფუნქციონირებენ როგორც მარცვალთწარმომქმნელი, ხოლო მეორეში – როგორც არამარცვალთწარმომქმნელნი (სონანტები).

ფონემათა ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ასახავს საერთო-ქართველური ენის ფონოლოგიურ სისტემას უშუალოდ მისი დიფერენციაციის წინ:

FuZeena.JPG

სონანტურ ფონემათა მარცვლოვანი და უმარცვლო ალოფონების მონაცვლეობა საერთო-ქართველურ ენობრივ სისტემაში მჭიდროდ უკავშირდებოდა ხმოვანთა ისეთი მორფონოლოგიური მონაცვლეობის მექანიზმს, რომელიც შეიძლება დახასიათდეს როგორც აბლაუტი. მორფემებში სონანტთა ალოფონური მონაცვლეობები მოტივირებული იყო ხმოვანთა რაოდენობრივი მონაცვლეობებით, რომლებიც განსაზღვრავდნენ საერთო-ქართველური ენის მთელ სინტაგმატურ სტრუქტურას. ხმოვანთა აბლაუტური მონაცვლეობები საეროო-ქართველურში აფიქსაციასთან ერთად წარმოადგენდნენ სხვადასხვა გრამატიკული თუ ლექსიკური ერთეულების ჩამოყალიბების საშუალებას. მორფემათა შეერთებები რთულ მორფემულ მიმდევრობებად ექვემდებარებოდნენ ხმოვანთა მონაცვლეობების განსაზღვრულ წესებს.

ქართველური ძირეული მორფემის ძირითადი კანონიკური ფორმა გამოისახება CVC- ფორმულით, რომელშიც საკუთრივ თანხმოვნის აღმნიშვნელი C სიმბოლო შეიძლება შეიცვალოს S სიმბოლოთი. რომელიც აღნიშნავს სონანტს უმარცვლო ფუნქციით. მაშასადამე. გვაქვს ფონემათა შემდეგნაირი შესაძლებელი შეერთებები:CVC- ფორმულით, რომელშიც საკუთრივ თანხმოვნის აღმნიშვნელი C სიმბოლო შეიძლება შეიცვალოს S სიმბოლოთი. რომელიც აღნიშნავს სონანტს უმარცვლო ფუნქციით. მაშასადამე გვაქვს ფონემათა შემდეგნაირი შესაძლებელი შეერთებები: CVC-.CV S-.SVC-.SVS- C და S ელემენტებს შორის მოქცეული მოკლე V ხმოვნით (რომელიც იღებს ერთ-ერთს შესაძლებელი მნიშვნელობიდან: ე, ა, ო):

FuZeena 2.JPG

ქართველური ძირეული მორფემის სპეციფიკურ ტიპს შეადგენენ ისეთი ძირები, რომლებიც ცალი თანხმოვნის ან სონანტის ნაცვლად ე. წ. დეცესიურ ჰარმონიულ კომპლექსებს შეიცავენ. ძირის სტრუქტურის თვალსაზრისით თანხმოვანთა აღნიშნული კომპლექსები წარმოადგენენ ჰომოგენურ ერთეულებს, რომლებიც ძირის სტრუქტურაში ფუნქციურად ცალ თანხმოვნებს უტოლდებიან.

სუფიქსური მორფემის სტრუქტურა განისაზღვრება -VC და -VS, აგრეთვე -V კანონიკური ფორმით:

FuZeena 3.JPG


ი. ქობალავა

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები