ნორმა (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ნორმა“ – იტალიელი კომპოზიტორის ვინჩენცო ბელინის ოპერა. „ნორმა“ კომპოზიტორის ერთ-ერთი პოპულარული ოპერაა, რომელიც 1831 წლის 26 დეკემბერს მილანის Teatro alla Scala-ში დაიდგა.

1830 წელს, ზაფხულში მილანში გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, ბელინის კარნავალის პერიოდში უნდა დაედგა ახალი ოპერა. კომპოზიტორი დაუკავშირდა ლიბრეტისტ ფელიჩე რომანის და მას შესაფერისი სიუჟეტის მოძიება სთხოვა. ლიბრეტისტი დაინტერესდა ალექსანდრე სუმეს პარიზში დადგმული ტრაგედიით „ნორმა,“ ანუ „ბავშვთამკვლელი“. პიესის ცენტრში დგას დრუიდების ქურუმი ქალი, რომელიც დაუქორწინებლობის აღთქმას არღვევს და შვილებს გააჩენს თავისი მოწინააღმდეგისგან. რჩეულის ღალატის გამო, ნორმა შურისძიებას ორი შვილის მოკვლით გადაწყვეტს. თუმცა ნაწარმოების ბოლოს დედობრივი გრძნობა შურისძიებაზე მაღლა დგება და ნორმა მსხვერპლად ეწირება თავის დანაშაულს. მასთან ერთად მისი რჩეულიც კოცონზე ასრულებს სიცოცხლეს.

ტრაგედიის ფრანგულ ენაზე გაცნობის შემდეგ კომპოზიტორმა და ლიბრეტისტმა ერთობლივი მუშაობა დაიწყეს. „ნორმას“ლიბრეტო უჩვეულო იყო იმ დროისთვის. იმპრესარიო უარზე იყო დაერღვია ტრადიციები და ინოვაციით გაეღიზიანებინა პუბლიკა. თუმცა საბოლოოდ დასთანხმდა კომპოზიტორის ახლებურ ხედვას. საზოგადოება უნდა შეგუებოდა ტრადიციულზე ნაკლები რაოდენობის მოქმედ გმირს და ეფექტური ვოკალური ნომრების არარსებობას. ბელინის გადაწყვეტილებით, პერსონაჟი მღეროდა იმდენს, რამდენიც საჭირო იყო სიუჟეტის განვითარებისთვის. კომპოზიტორი და ლიბრეტისტი ერთობლივად ქმნიდნენ სცენებს სხვადასხვა ხმისთვის და ცდილობდნენ ოპერის ეფექტურად დასრულებას.

ბელინი მუშაობის პროცესში მომღერალთა მონაცემებსაც ითვალისწინებდა და ისე წერდა პარტიებს. „ჩემი ოპერის დასაყრდენი პასტა (იტალიელი სოპრანო ჯუდიტა პასტა) და დონცელი იქნებიან, ამიტომ სიუჟეტიც ამ ორი მომღერლის შესაძლებლობების მიხედვით უნდა აიგოს, დანარჩენ ვარსკვლავებს ეს ორი მზე გაანათებს“, - ამბობდა ბელინი.

მილანში გამართულ პრემიერას მაყურებელი საკმაოდ გულგრილად შეხვდა. გამოხმაურება საკმაოდ მკაცრი იყო. სპექტაკლი სტვენით დასრულდა. კომპოზიტორის აზრით, ასეთი შედეგი მომღერალთა გადაღლამ გამოიწვია.

ოპერა „ნორმა“ ლირიკული ტრაგედიაა. შედგება ორი მოქმედებისა და 5 სურათისგან.

ოპერის გამორჩეული ნომერია ნორმას ლოცვა - არია Casta Diva. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე რთული და პოპულარული არია ოპერის ისტორიაში. სრულდება პირველ მოქმედებაში, როცა ნორმა ადის ტაძარში მსხვერპლის შესაწირად და წინასწარმეტყველებს რომაელების მმართველობის დაცემას. არიაში ლირიკული განცდებიც იჩენს თავს. ამ ლოცვაში გადაჯაჭვულია ნორმას პირადი დრამა და მისი გულისტკივილი თავისი ხალხის მდგომარეობის გამო.

როსინის პარიზული ოპერა „ვილჰელმ ტელის“ მსგავსად, ბელინიმ იტალიურ ოპერაში რომანტიკული ელემენტები განავითარა. როსინის აღნიშნული ოპერის გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა ბელინის უკანასკნელ ოპერებში - „ნორმასა“ და „პურიტანებში“.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები