ნომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნომი – (ეგვ. sp.t, ახალი სამეფოდან ასევე t3s), ეგვიპტის ადმინისტრაციული ერთეულების ბერძნული სახელი (nomos). როდის მოხდა ეგვიპტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფა, ცნობილი არ არის. ნომების და მათი მთავარი მოხელეების წოდებების სახელები უკვე ჯოსერის (III დინასტია) პირამიდაშია აღმოჩენილი. ნომების უძველესი სია მოძიებულია V დინასტიის ფარაონის, ნიუსერრას მზის ტაძარში.

ტრადიციული მოსაზრებით, ნომების საზღვრებს საფუძვლად წინადინასტიური პოლიტიკური გაერთიანებების საზღვრები დაედო. ამ მოსაზრებას ამყარებს ასევე ნომის ნიშანი, რომელიც ყველა ნომს საკუთარი ჰქონდა. თუმცა მათი იდენტიფიცირება არ ხერხდება ჯოსერამდე, ნომების ნიშნებს წინადინასტიურ პერიოდამდე მივყავართ. ისინი, სავარაუდოდ, წარმოადგენდნენ იმ უძველესი დინასტიების ტერიტორიებს, რომლებმაც შეინარჩუნეს ერთგვარი ინდივიდუალურობა და დამოუკიდებლობა ტრადიციულ ტოპოგრაფიულ ცხრილებში. ყველა ჩვენამდე შემონახულ, ეგვიპტელების მიერ შედგენილ ნომების ცხრილში, რომელთაგან უძველესი ძველი სამეფოს დროით თარიღდება, ყველაზე ახალი კი პტოლემაიოსების პერიოდით, 22 ზემო ეგვიპტის ნომი ერთნაირად არის დასახელებული.

ქვემო ეგვიპტის ნომების რიცხვი თავიდან 16 იყო, ახალი სამეფოდან მათი რიცხვი 20-ს აღწევს. ტრადიციული ნომი, გამოწერილი ნომის ნიშნით, ადმინისტრაციულ ერთეულს მხოლოდ ძველი სამეფოს პერიოდში წარმოადგენდა. მათ დაკარგეს თავიანთი ადმინისტრაციული მნიშვნელობა, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთში, პირველი გარდამავალი პერიოდის დროს, ქვეყნის შიდააშლილობის და დაქუცმაცების გამო. შუა სამეფოს დროს მათი ადგილი დაიკავა ახალმა ადმინისტრაციულმა ერთეულებმა, ქალაქებმა თავიანთი მიმდებარე ტერიტორიით. ნომის მთავარი ქალაქის სახელი მისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელადაც გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა, ძველი ნომების ნიშნები ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე გამოიყენებოდა როგორც გეოგრაფიულ, ასევე რელიგიურ კონტექსტში. ტრადიციული ნომების ყველაზე სრული სიები შემორჩენილია ბერძნულ-რომაული პერიოდის ტაძრებში, სადაც გამოსახულია ღვთაებები, რომლებიც ნომების პერსონიფიკაციებს წარმოადგენდნენ, ჩვეულებრივ, მსხვერპლის შეწირვის დროს.

თავისი არსებით, ნომი სახელმწიფოს მცირე ასლი იყო. მას ჰქონდა საკუთარი ხაზინა, სასამართლო, სამსახური სარწყავებზე კონტროლისათვის, ჰყავდა საკუთარი პოლიცია და მის დაწესებულებებში მსახურობდა უამრავი გადამწერი, რომლებიც ნომის არქივებს ადგენდნენ ყველა სფეროში. ნომი დამოკიდებული იყო ცენტრალურ ხელისუფლებაზე, ძირითადად გადასახადების გამო. ცენტრალური ადმინისტრაციის მოხელეები რეგულარულად ჩამოდიოდნენ ნომში მინდვრების მდგომარეობის შესაფასებლად, და გადასახადის სიდიდის დასადგენად, რომელიც ხშირად ნილოსის ადიდების მოსალოდნელ სიდიდეზე იყო დამოკიდებული. დაახლ. VI დინასტიისათვის ნომები დაჯგუფდა უფრო დიდ ერთეულებად, რომლებსაც ერთი ზედამხედველი კურირებდა. ნომის მმართველს ეგვიპტოლოგიაში ნომარქს უწოდებენ, ბერძნული სიტყვიდან nomarchos. „ნომარქის“ შესატყვისი ეგვიპტური სახელებია „hk3 sp.t“, „ნომის უფროსი“ და „hrj tp 3 n sp.t“, „ნომის დიდი ზედამხედველი“ და სხვ. თავიდან ნომარქები ფარაონის მიერ დანიშნული მოხელეები იყვნენ, მაგრამ თანდათან უმეტესმა მათგანმა თანამდებობა მემკვიდრეობითად გადააქცია, რამაც ბიძგი მისცა მსხვილი სამიწათმფლობელო არისტოკრატიის ჩამოყალიბებას და ეგვიპტის (დაახლ. ძველი სამეფოს დასასრულიდან) ფეოდალურ სახელმწიფოდ გარდაქმნას.

ნომის ნიშანი

თითოეულ ნომს თავისი ნიშანი ჰქონდა. ძირითადად ეს იყო მისი მთავარი ღვთაება, ან უძველესი ფეტიში. ნომის ნიშანი ისეთივე შტანდარტზე გამოიწერებოდა, რომელზეც ღმერთების სახელებს ათავსებდნენ. დღემდე უმეტესი მათგანის წაკითხვა ვერ ხერხდება.

ნომის ღმერთი

თითოეული ნომის ღმერთები ორ კატეგორიად იყოფა. ეს იყო ნომის პერსონიფიკაციები, რომლებიც ყოველთვის ანთროპომორფულად გამოისახებოდა, ნომის ნიშნით თავზე, და ნომის დედაქალაქის და სხვა ქალაქების ღვთაებები, რომლებიც ხშირად თავისი ფესვებით წინადინასტიურ პერიოდამდე მიდიოდა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები