ნეძვისწყალი
ნეძვისწყალი, ნეძურა – მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, მდ. მტკვრის მარჯვენა შენაკადი. მტკვარს უერთდება დაბა ახალდაბასთან. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლეზე. მდინარის სიგრძეა 13 კმ. მარცხენა შენაკადებია: გვირგვინასწყალი, ხერგულებისწყალი, ქექიასწყალი, ხოლო მარჯვენა შენაკადები: კარტისწყალი და წიფლარისწყალი. მდინარის ხეობაში გაბატონებულია კოლხური რელიქტური სახეობების სიმრავლით გამოირჩეული წიფლნარი და წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეები, რითაც იგი განსხვავდება თრიალეთის ქედის დანარჩენი, მისგან აღმოსავლეთით მდებარე ნაწილისაგან. იგი უფრო მეტ მსგავსებას იჩენს დასავლეთ საქართველოს მცენარეულ საფართან. წიფლის გარდა, აქ გვხვდება წაბლი (Castanea sativa), უხრავი (Ostrya carpinifolia), ურთხელი (Taxus baccata) და სხვ. მარადმწვანე ქვეტყიდან დამახასიათებელია შქერი (Rhododendron ponticum), წყავი (Laurocerasus officinalis) და სხვ. ხშირია ლიანებიც.