ნატენი ხიმინჯი
ნატენი ხიმინჯი – ხიმინჯის სახეობა, რომლის დამზადება ხდება ადგილზე გაბურღული გრუნტის ბეტონით ან ქვიშა-ღორღით (ქვიშა-ხრეშით) ამოვსებით. მისი მოწყობის ტექნოლოგია შემდეგია: გრუნტის გაბურღვა, ნაბურღში გარსაცმი მილის ჩაშვება, ნაბურღიდან ჩამოშლილი გრუნტის ამოღება, ნაბურღის ეტაპობრივი შევსება ბეტონის ნარევით, ეტაპების შესაბამისად, ბეტონის დატკეპვნა, გარსაცმი მილის თანდათანობითი ამოღება. ხიმინჯის დაარმატურება ხდება მხოლოდ ზედა ნაწილში. არსებობს ნატენი ხიმინჯის შემდეგი სახეობები: ტკეპნილი (სტრაუსის), ბურღტენილი, პნევმოტენილი, ვიბროტენილი, ხშირტენილი, ვიბროდარტყმითი, ქვიშოვანი და გრუნტბეტონის. ხიმინჯის სიგრძე მიიღება 20-30 მ, დიამეტრი – 50-150 სმ. სპეციალური დანადგარების გამოყენებისას ხიმინჯის დიამეტრმა შეიძლება 350 სმ-საც მიაღწიოს, სიგრძემ – 60 მ-ს, ხოლო მზიდუნარიანობამ – 500 ტ-ს.