მუტი
მუტი – (ეგვიპ. Mw.t) კარნაკის ამონის ტაძრის სამხრეთით მდებრეობდა იშერუს ტბა. ამავე მიდამოებში ეთაყვანებოდნენ სვავის სახის ქალღმერთს მუტს, რომელსაც „იშერუს ქალბატონს“ ეძახდნენ. მუტის ანთროპომორფიზაცია ძალიან ადრე მოხდა. მისი ძველი სვავის სახე შემორჩა სვავის ფორმის თავსაფარში, რომელზეც ქალღმერთს ჩვეულებრივ ეგვიპტის ორმაგი გვირგვინი ედგა. ამ თავსაფარს ეგვიპტის დედოფალი ატარებდა. მუტის წარმოშობა და ბუნება ბუნდოვანია. მისი აღზევება თებეს და ამონის აღზევებასთან იყო დაკავშირებული. მუტი იყო ამონის ცოლი, და ღვთაებრივი წყვილი, თავიანთ ვაჟიშვილთან, ხონსუსთან ერთად ღვთაებრივ ტრიადას ქმნიდა.
ახალი სამეფოს დროს ყველაზე მდიდრული შეწირულობები ამ ღვთაებრივ ოჯახს მისდიოდა. შუა სამეფოს ტექსტებში მუტი იშვიათად გვხვდება, თუმცა მონტუხეტეპ IV-ის სტელაზე ის მოხსენიებულია, როგორც „დიდი გრძნეული“ ისეთ დიდ ღვთაებებთან ერთად, როგორებიც არიან ისიდა და მინი. მუტის მოხსენიება ტექსტებში ძირითადად ახალი სამეფოდან იწყება. ეგვიპტური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ხდება მისი შერწყმა ძველი დედაქალაქის, მემფისის ქალღმერთებთან სახმეტთან, ბასტეტთან და ხატხორთან, რაც ეგვიპტელისათვის მუტის „დაძველებასაც“ ნიშნავდა. მუტი-ხატხორი „თებეს ქალბატონიც“ ხდება. ფარაონთან დაკავშირებულ მითებში, საკრალური ქორწინების დროს ეგვიპტის დედოფალი მუტთან იყო გაიგივებული, რომელსაც თავისი მეუღლის, ამონისაგან ღვთაებრივი ბავშვი, მომავალი ფარაონი ჩაესახებოდა. ითვლებოდა, რომ ყოველი ახალი ფარაონი თავის ძალას დედის, მუტის რძით იძენდა. თებეს და ამონის აღზევებასთან ერთად, მუტი სულ უფრო დიდი ქალღმერთი ხდება. ჰელიოპოლისში მუტს მოიხსენიებდნენ, როგორც „ღმერთის ხელს, რომელმაც ენეადა გააჩინა“, ჰერმონთისში მას „ჰერმონთისის ქალბატონს“ ეძახდნენ. აქ ის შეერწყა ადგილობრივ ქალღმერთს რატ-ტაუის, რომელიც „მზის დედა“ იყო, და შედეგად მუტიც „მზის დედა“ ხდება. ეგვიპტური რელიგიისათვის დამახასიათებელი შეუთავსებელის შეთავსების წყალობით ის იმავდროულად ხდება რას თვალი, და, შესაბამისად, რას ქალიშვილი. ახალი სამეფოს შუახანებიდან მუტს მოიხსენიებენ, როგორც „დედების დედას“, და მისი სახელის მსგავსება სიტყვა „დედასთან“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ითვლებოდა ასევე, რომ მუტს შეეძლო შავი ჭირის და სხვა საშიში ავადმყოფობების როგორც მოტანა, ისე თავიდან აცილება, „მუტის ალი“ კი ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ ღვთაებრივ იარაღად იყო მიჩნეული.