მუსტოფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუსტოფი - (არაბ. mostowfi - საფინანსო კონტროლიორი) აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალური სამოხელეო აპარატის საფინანსო მოხელე და ირანის სამეთვალყურეო სისტემის წარმომადგენელი.

სეფიანთა ირანის სამოხელეო წყობაში განსხვავებული ფუნქციებით არსებობდა სახელმწიფო მუსტოფი (mostowfi al-mamalek) და სასახლის მუსტოფი (mostowfi al-ka ša); იმდროინდელ საისტორიო თხზულებაში - „სამახსოვრო მეფეთათვის“ (Tadhkirat al-muluk) სახელმწიფო მუსტოფის ძირითადი ფუნქცია ასე განისაზღვრება: სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადება და კონტროლი, გადასახადების აკრეფა, ზოგადად, გარე ფისკალური სისტემა. სასახლის მუსტოფი განკარგავდა უშუალოდ სასახლის კარის ადმინისტრაციულ ხარჯებს.

მუსტოფი, ქართველ ლექსიკოგრაფთა განმარტებებით, არის მდივანთა უფროსი (სულხან-საბა ორბელიანი), ბეჭდის დამსმელი ხელშეკრულებებსა და ვალდებულებებზე (დ. ჩუბინაშვილი), ანგარიშის დამწერი მოხელე, მოანგარიშე, მწერლების თავიკაცი (პ. უმიკაშვილი).

მუსტოფის სახელო ქართულ საისტორიო წყაროებში XVI ს-ის 80-იანი წლებიდან მოიხსენიება. სიმონ I-ის მიერ გაცემულ ქართულ-სპარსულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ მუსტოფებს უნდა შეეტანათ შესაბამისი გადაწყვეტილებები თავიანთ დავთრებში, რომლებშიც რეგისტრირებული იყო მამულის სითარხნისა და იჯარადარის წიგნები. ამის გარეშე მურდარს არ შეეძლო ამ დოკუმენეტების დაბეჭდვა. მუსტოფისათვის უნდა წარედგინათ ანგარიში სამეფო ქარხნების (საქონლის საწყობები) თავლიდარებს, გადასახადების ამკრეფებს და კარის მოხელეებს. მის მოვალეობას ციხის მეთოფეთა აღწერაც შეადგენდა. ზოგჯერ ვეზირის ფუნქციასაც ითავსებდა (ვეზირ-მუსტოფი მირზა რაბი).

მუსტოფის სარგო შედგებოდა როგორც მეფის „კერძო შესავლიდან“, ისე ირანის რუსუმიდან (ირანული გადასახადის გარკვეული წილი). ამ თანამდებობაზე, უმთავრესად, მუსლიმები ინიშნებოდნენ. მუსტოფის სახელო მემკვიდრეობით გადადიოდა. სასახლის მუსტოფის გარდა, არსებობდნენ თბილისის, ქართლისა და კახეთის მუსტოფები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს თანამდებობა როსტომ მეფის (1632-1658), ვახტანგ V შაჰნავაზის (1658-1675) და ერეკლე I ნაზარალი-ხანის (1688-1703) დროს. XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან, ერეკლე II-ის მეფობისას, მუსტოფის ფუნქცია, ფაქტობრივად, შინაარსისგან დაიცალა და უბრალო წოდებულებად იქცა.


წყაროები და ლიტერატურა

Taḏkerat al-molūk 1943: 54-55 122-125; Savory 1986: 354;
მესხია 1948: 16;
ქსის 1955: 458;
გაბაშვილი 1958: 404, 406;
სურგულაძე 1952: 379-383.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები