მორიტა აკიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკიო მორიტა

აკიო მორიტა - (Akio Morita, 26 იანვარი, 1921 - 3 ოქტომბერი 1999,) — კორპორაცია Sony-ის (Sony Corporation) დამფუძნებელი.

პირველი მსხვილი სამრეწველო საწარმოების ჩამოყალიბება იაპონიაში ეგრეთწოდებულ “მეოძის ეპოქაში” დაიწყო 1869-1912 წლებში. ამ პერიოდში ქვეყნის სათავეში ახალგაზრდა სამურაების ჯგუფი მოდის. სწორედ ისინი აფუძნებენ პირველ იაპონურ ოლიგარქიებს. წარმოშობით სამურაებსა და მოწოდებით ბიზნესმენებს ნოყიერი ნიადაგი დახვდათ. სამრეწველო კომპლექსი სოფლიდან გლეხთა უზარმაზარ ნაკადს იზიდავდა. დისციპლინირებული იაპონელი გლეხი მთელ ცხოვრებას საწარმოს უკავშირებდა, თავდავიწყებით მღეროდა მის ჰიმნს, გატაცებით შრომობდა და მცირე ხელფასზეც თანახმა იყო (თუმცა კორპორაციის გარეთ ასეთი ხელფასიც სანატრელი იქნებოდა). ამ კოზირის გამოყენებით, იაპონიამ ეკონომიკური ზრდის ტემპის ყველა რეკორდი მოხსნა. მთავრობა კორპორაციების წინაშე დასავლეთის ბაზრების დაპყრობისა და საწარმოო სიმძლავრეების ზრდის ამოცანას იყენებდა, რომელსაც ეს უკანასკნელნი წარმატებით ართმევდნენ თავს. მსხვილ კომპანიათა მუშაკები კი კვლავ გამოსასვლელი დღეების გარეშე მუშაობდნენ და ბედს უმადლოდნენ.

ბიზნესი, ისევე როგორც ყველაფერი იაპონიაში, ტრადიციებს ემორჩილებოდა. XX საუკუნის პირველ ნახევარში ელექტროტექნიკას უშვებდნენ ტრადიციული ფირმები, რომლებიც “ზაიბაცუს” კლანს მიეკუთვნებოდნენ. ესენი იყვნენ “მიცუი”-ს (Mitsui) ჯგუფის ფირმები - “ჰიტაჩი” (Hitachi) და “ტოშიბა” (Toshiba), ასევე, “მიცუბიში ელექტრიკი” (Mitsubishi Electric). XIX საუკუნეში ისინი სურსათითა და გალანტერიით ვაჭრობდნენ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე გადავიდნენ. მათთან შედარებით 1912-1918 წლებში დაარსებულ “შარფ”-სა (Sharp) და ”მიცუბიში” ელექტრიკსაც კი “ახალბედად” თვლიდნენ.

სონი

სონის (Sony) დაბადების დღედ 1946 წლის 7 მაისს მიიჩნევენ. 500 დოლარიანი საწესდებო კაპიტალის მქონე ფირმას, თავდაპირველად “ტოკიო ცუსინ კენკუსე” (Tokyo Tsusin Cankuse - ტოკიოს სატელეკომუნიკაციო სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია) ერქვა, ფირმის დამფუძნებელი 2 ყოფილი სამხედრო ინჟინერი - აკიო მორიტა და მასარუ იძუკა - იყო. როლები მათ შორის შემდეგნაირად განაწილდა: იძუკა ტექნიკურ მხარეს ხელმძღვანელობდა, ხოლო მორიტას საერთო მმართველობა ევალებოდა. ამ ტანდემმა ნახევარ საუკუნეს გაუძლო.

ფირმა მუშაობას მეორე მსოფლიო ომის დროიდან დამწვარ უნივერმაღ “სოროკოს” შენობაში 20 კაციანი შტატით შეუდგა. დამფუძნებლებს მორიტასა და იძუკას საქმიანობის პროფილზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. მათ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ უნდა ეწარმოებინათ რაღაც საქონელი, რომელიც გაიყიდებოდა. თავდაპირველად ნამცხვრებით ვაჭრობაც კი გადაწყვიტეს, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს, რადგან ნამცხვრების ცხობა ყველას შეეძლო. საჭირო იყო რაღაც უფრო ორიგინალურის მოფიქრება. სამხედრო ინჟინრებს ბრინჯის სახარში ელექტრო ხელსაწყოს გამოგონება მოუვიდათ აზრად. მისი მუშაობის პრინციპი შემდეგში მდგომარეობდა: ხის ქოთნის ფსკერზე ელექტრო სპირალი მაგრდებოდა, სველი ბრინჯი ელექტრო წრედს კრავდა და ბრინჯიც ცხელდებოდა, თანდათან გაშრობის შედეგად წრედი განიმუხტებოდა. იდეაში ამ ოპერაციის შედეგად, ბრინჯი უნდა მოხარშულიყო, მაგრამ სინამდვილეში პროდუქტი ხან მოუხარშავი რჩებოდა, ხან კი იწვებოდა. ასეთი გამოგონებით ბაზრის დაპყრობაზე ფიქრი ძნელი იყო. ამასობაში კი საწესდებო კაპიტალიც გამოილია. მუშები ხელფასებს ითხოვდნენ. მორიტამ და იძუკამ საჭირო ფული შავ ბაზარზე ელექტროგამაცხელებელი ხელსაწყოების გაყიდვით მოაგროვეს და გაკოტრება დროებით მაინც აიცილეს თავიდან.

მომავალმა გიგანტმა პირველი მცირე წარმატება რადიომიმღების დამხმარე მოწყობილობის გამოშვებით მოიპოვა. ამ მოწყობილობაზე, რომლის მეშვეობით რადიომსმენელს მოკლე ტალღების მოსმენა შეეძლო, დიდი მოთხოვნილება იყო, თუმცა მისი აწყობა ფირმის თანამშრომლებს ქოლგის ქვეშ უხდებოდათ, “სონის” შენობაში წყალი ჩადიოდა.

პირველი სერიოზული შეკვეთა რადიოსადგურ “ენ-ეიჩ-კა”-სგან (NHK) მიიღეს, მიქშერული პულტი დაუმზადეს, როდესაც პულტი ადგილზე მიიტანეს, იმ დროს “ენ-ეიჩ-კას” შენობის ერთ-ერთ კაბინეტში იძუკამ ამერიკული მაგნიტოფონი “ვილ-კოქს გეი” (Wilcox Gay) შენიშნა. მისი ჩამწერი სფუნქციას მაგნიტური ფირი ასრულებდა. გადაწყდა, ასეთივე მაგნიტოფონი გამოეშვა. კომპანიონი მასარუ იძუკა აკიო მორიტამ იოლად დაითანხმა, მაგრამ მესამე პირი, - მთავარი ბუღალტერი, - გაჯიუტდა. საქმე ის არის, რომ მორიტას ოჯახი სამი საუკუნის განმავლობაში „ნენოჰიმაცუ“-ს (Nenohimatsu) მარკის საკეს ხდიდა. როცა აკიომ ოჯახური ბიზნესის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და დამოუკიდებელი საქმიანობის სურვილი გამოთქვა, ოჯახის უფროსმა დიდი ყოყმანის შემდეგ შვილს ამის ნება დართო და “საჩუქრად” თავისი მთავარი ბუღალტერიც უბოძა.

„საჩუქარი“ არა მარტო კარგი სპეციალისტი, არამედ ძველი იაპონელი და ტრადიციების პატივისმცემელი იყო. ამიტომ ტექნიკურ სიახლეს, რომლის წარმოება მორიტამ და იძუკამ განიზრახეს, ამრეზით უყურებდა.

პრობლემა, მოლაპარაკების მაგიდასთან, რესტორანში გადაწყდა. შექეიფიანებული ბუღალტერი მაგნიტოფონების წარმოებაზე დათანხმდა. პირველი მაგნიტური ფირი კუსტარულად მზადდებოდა: გაცხელებულ რკინის ოქსიდს ლაქს უმატებდნენ და ამ ნაზავს სპეციალურ ქაღალდზე ფუნჯით უსვამდნენ. ამიტომ ჩანაწერიც საშინელი ხარისხის გამოვიდა.

ექსპერიმენტების შემდეგ მეტნაკლებად ნორმალურმა იაპონურმა მაგნიტოფონმა დღის სინათლე მხოლოდ 1950 წელს იხილა. ახალ მაგნიტოფონს მოკლე დასახელება ჰქონდა, უბრალოდ - “ჯი” (G). “სონის” მესვეურებმა დიდი ხნის განმავლობაში ვერც ერთი ეგზემპლარი ვერ გაყიდეს. 35 კილოგრამიანი სიახლე 170 ათასი იენი ღირდა, როცა საშუალო ხელფასი იაპონიაში “ჯი”-ს ღირებულებაზე 17-ჯერ ნაკლები იყო. ბოლოს, მუშტარი “ჯი”-საც გამოუჩნდა. ოცი მაგნიტოფონი იაპონიის უმაღლესმა სასამართლომ შეიძინა.

მომავალში იძუკა და მორიტა ბრინჯის სახარშიდან და კუსტარული ფირიდან უფრო სერიოზულ საქონელზე გადავიდნენ. მათ შორის პირველი იყო ტრანზისტორი - მინიატიურული რადიომიმღები, რომელიც გადაცემათა მიღების მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა და წესით, გულის ჯიბეში უნდ ამოთავსებულიყო.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1953 წელს იაპონიამ ამერიკული კომპანია „ვესტერნელექტრიკ“-ისგან (Western Electric) 25 ათას დოლარად ტრანზისტორად წოდებული მოწყობილობა იყიდა. პატენტის მფლობელებს უნდოდათ ტრანზისტორი სასმენ აპარატში დამონტაჟებულიყო. მორიტასა და იძუკას კი აზრად მოუვიდათ, რომ მსგავსი მოწყობილობას წორედ მათი მინიატიურული რადიომიმღებისთვის ზედგამოჭრილი იქნებოდა.

პირველი ტრანზისტორული რადიომიმღები ბაზარზე 1955 წელს გამოჩნდა. თავდაპირველად რადიო გულის ჯიბეზე დიდი გამოვიდა, შემდეგ “სონიმ” მისი ზომები კიდევ უფრო შეამცირა და მსოფლიოში ყველაზე მინიატიურული რადიომიმღები გამოუშვა. ჯიბის და ტრანზისტული რადიომიმღების შეხამების პროცესში ფირმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აკიო მორიტამ მსოფლიოს კიდევ ერთი გამოფენა აჩუქა. მან საწარმოს დღევანდელ დასახელებას მიაგნო, რომელსაც ლათინური სიტყვა “სონუს” (SONUS - „ბგერა“) დაედო საფუძვლად. ამავდროულად, სახელწოდება ამერიკულ სლენგზე წარმოთქმულ სიტყვას “სონნი“-ს (SONNY -ბიჭუნა) წააგავდა. თუმცა წინაღობად მშობლიური იაპონური ენა იქცა. იაპონურად „სონი” ფულის დაკარგვას ნიშნავდა. მორიტამ გამოსავალი იპოვა და ერთი “ნ” (N) ამოაგდო. შედეგად ფირმას ახალი სახელი - ”სონი” (SONY) – მოურგო, კეთილხმოვანი სიტყვა, რომელიც არაფერს ნიშნავდა.

„სონი“-ს ფირმაში ახალი ტექნიკური იდეები თავიდანვე სწორედ მორიტას გაუჩნდა, მასვე ეკუთვნის პორტატული მაგნიტოფონის იდეა, რომელიც თავდაპირველად სონის კომპანიაში არავის მოსწონდა. ვაჭრობის განყოფილება ცდილობდა, შეფი დაერწმუნებინა, რომ ასეთ საქონელს მყიდველი არ ეყოლებოდა. მორიტამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო თუმცა, როცა სარეკლამო სააგენტოდან ახალი მოდელის დასახელებაზე დარეკეს, მორიტა ოფისში არ იმყოფებოდა, ყურმილი კი ინგლისურის ცუდად მცოდნე თანამშრომელმა აიღო. მან სარეკლამო სააგენტოს დასახელება “ვოქმენ” (Walkmen) შესთავაზა. ეს იყო მანამდე გაუგონარ სიტყვათა შეთანხმება, რომლის პირდაპირი თარგმანია “მოსეირნე კაცები“.

მორიტამ დაბრუნებისთანავე დასახელების შეცვლა ბრძანა, მაგრამ უკვე გვიან იყო, თავნება ხელქვეითის ფანტაზიის ნაყოფი თავს უკვე სარეკლამო ფირნიშებზე იწონებდა. უცნაური დასახელების საქონელმა გამოსვლის დღიდანვე (1979 წლის ზაფხული) ბაზარზე ფანტასტიკური წარმატება მოიპოვა. სიტყვა “ვოქმენს” მომხმარებელი ისე მიეჩვია, რომ იგივე საქონელს დასახელებით - “რაუნდებაუთ” (Roundabout) - აშშ-სა და ინგლისში ზედაც არ უყურებდნენ და კვლავ “ვოქმენს” ითხოვდნენ.

„ვოქმენ“-ის გარდა, საქონელთა სიას, რომელიც პირველად კომპანია “სონიმ” გამოუშვა, შეიძლება პირველი საყოფაცხოვრებო ვიდეომაგნიტოფონი და პირველი კომპაქტდისკი დავამატოთ (ეს უკანასკნელი „ფილიპს“-ისა (Philips) და „სონი“-ს ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო).

აკიო მორიტა „სონი კორპორეიშენ“-ს (SONY Corporation) 1994 წლამდე ხელმძღვანელობდა. შემდეგ კი პრაქტიკული ხელმძღვანელის ფუნქცია დამფუძნებლის” საპატიო თანამდებობაზე გაცვალა. „სონი კორპორეიშენ“-ში მორიტას ახალი ფორმაციის ბიზნესმენები შეენაცვლნენ, რომლებიც, ალბათ არაერთხელ გააოცებენ მსოფლიოს ახალი გამოგონებებით. ერთი კი უდავოა: „სონი“-სა და მისი დამფუძნებლების დამსახურებაა ის, რომ დღევანდელი მომხმარებლისთვის წარწერა `made in Japan” (დამზადებულია იაპონიაში) ბევრ რამეს ნიშნავს.

წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები