მორდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მორდარი - (სპარს. mohrdār - ბეჭდის მცველი); სეფიანთა ირანის ადმინისტრაციის სხვადასხვა სახის ბეჭდის მცველი, რომელიც სხვა მოხელეებთან - მდივანბეგთან (dīvānbegī), სახელმწიფო მდივანთან (monše' al-mamālek), სამეფო ექიმთან (ḥakīm-bāšī), სამეფო ასტროლოგთან (monajjem-bāšī) და სხვ. ერთად შედიოდა სასახლის შიდა ადმინისტრაციული აპარატში (moqarrab al-ḵāqāns). ქართულ წერილობით წყაროებში ეს ტერმინი სხვადასხვა გახმოვანებით გვხვდება: მოჰრდარი / მურდარი / მორდალი.

მორდარი მეფის სამდივნოს მოხელე იყო და სახლთუხუცესს ექვემდებარებოდა. მას ეკავა უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობა - ჩაბარებული ჰქონდა მეფის დიდი და პატარა საბეჭდავები, რომლებიც, უპირველესად, უნდა დაეცვა და შემდგომ დანიშნულებისამებრ გამოეყენებინა. ამიტომ მორდარის თანამდებობაზე მეფეები ნიშნავდნენ ერთგულებით გამორჩეულ „მისანდო“ პირებს.

მორდარი იხსენიება როსტომ მეფის მიერ 1638 წ. მანუჩარ თუმანიშვილისადმი ბოძებულ ქართულ-სპარსულ დოკუმენტში, რომელშიც ამ სახელოს სარგოსა და ფუნქციებზეა საუბარი. აღნიშნული საბუთის მიხედვით, ყველა სახეობის სიგელი და სხვა დოკუმენტები მორდარს უნდა დაებეჭდა, მაგრამ, მოგვიანებით, ქართლის მეფე ერეკლე I (ნაზარალი-ხანის) დროს (1688-1703) მორდარის როლი დაკნინებულა და მეფის საბუთების დაბეჭდვის პრივილეგია ვეზირსა და მუსტოფს გადასცემიათ, რომლებიც უშუალოდ შაჰის მოხელეები იყვნენ ქართლის მეფის კარზე. „დასტურლამალში“ შეტანილი მორდარის განწესება უჩვენებს, რომ ერეკლე I-ის შემდგომ მას თავისი ძველი ფუნქციები დაბრუნებია.

ქართულ წყროებში „სამურდროს“ სამი დებულებაა ცნობილი: ერთი „დასტურლამალშია“ შეტანილი, მეორე, 1703-1724 წლებში შედგენილი, ხოლო მესამე - „სამორდალოს განწესება“ მთავარმართებელ ციციანოვს წარუდგინეს ზაალ ბარათაშვილმა და იროდიონ გურგენიძემ. ამ განწესებათა მიხედვით, ქართლ-კახეთის მორდარებს ეკუთნოდათ სარგო სამეფოს ყოველი იჯარიდან, იასაულებისგან აღებული თამასუქებიდან, მეფის მიერ გაცემული დოკუმენტების, სიგელების, ოქმების, განაჩენთა დაბეჭდვისათვის და სხვ.; XVIII ს-ის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში ორი სამეფო მორდარი იყო - ქართლისა და კახეთის. „რაც მეფისგან წყალობა ებოძებოდათ ქართლსა და კახეთსა, თავადთა, აზნაურთა თუ გლეხთა თუ თათართა, ჩვენ, მორდლებისაგან უნდა მისცემოდათ წყალობის სიგელი“ - წერს გიორგი XII-ის ყოფილი მორდარი იროდიონ გურგენიძე აღნიშნულ მოხსენებაში.

მ-ის თანამდებობაზე, ძირითადად, ვხვდებით სამეფო აზნაურებს: ქართლში - თუმანიშვილებს, შანშეან-მარტიროზიშვილებს, კახეთში ხერხეულიძეებს, თავადთაგან ჩოლაყაშვილებს და სხვ.


წყაროები და ლიტერატურა

  • მესხია: 1948: 021, 46-47, 47-48;
  • ქსის 1955: 146, 142-143;
  • გაბაშვილი 1942: 177;
  • სურგულაძე 1952: 242-244;
  • შავორყ 1986.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები