მონელ-ლითონი
მონელ-ლითონი – შენადნობების სერია ნიკელის საფუძველზე, რომელიც შეიცავს 67%-მდე ნიკელსა და 38%-მდე სპილენძს. ტერმინი „მონელი” სავაჭრო მარკის დასახელებაა. ფოლადთან შედარებით მონელ-ლითონი რთული დასამუშავებელია, რადგან მისი წრთობა მიმდინარეობს მაღალ ტემპერატურაზე. გამოირჩევა პლასტიკურობით, კოროზიამედეგობით, მაღალი სიმტკიცის ზღვრით. ზოგი ნაერთი ცეცხლმედეგია, ზოგი – არამაგნიტური. მცირე რაოდენობით ალუმინისა და ტიტანის დამატებით მიიღება შენადნობი (К-500) იმავე კოროზიამედეგობით, მაგრამ უფრო მაღალი სიმტკიცით. მონელ-ლითონის სიმკვრივეა 8820 კგ/მ3. ის გაცილებით ძვირი მასალაა, ვიდრე უჟანგავი ფოლადი. გამოიყენება ქიმიურ, ნავთობის, გემთმშენებლობის, სამედიცინო მრეწველობაში; ხელსაწყოების წარმოებაში ზედაპირების დასაცავად კოროზიისაგან; სამშენებლო საქმეში, როგორც კონსტრუქციული მასალა (ბიმეტალები, კომპოზიტური მასალები, განსაკუთრებული დანიშნულების ფოლადის კონსტრუქციების ზედაპირების დაცვა აგრესიული გარეოს ზემოქმედებისაგან და სხვ.).