მოდიფიცირებული მერქანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოდიფიცირებული მერქანი

მოდიფიცირებული მერქანიმერქანი, რომელიც დამუშავებულია რომელიმე ქიმიური ნივთიერებით (სინთეზური ფისი, ამიაკი და სხვ.) მექანიკური სიმტკიცის ასამაღლებლად და წყალმედეგობის მისანიჭებლად. გაჟღენთა წარმოებს მაღალი წნევის ქვეშ. მერქანში შესაყვანი ქიმიური ნივთიერებების (მონომერები, ოლიგომერები) პოლიმერიზაცია და პოლიკონდენსაცია მიიღწევა თერმული დამუშავებით, რენტგენის ან α, β და γ სხივების საშუალებით კატალიზატორებთან ერთად. მოდიფიცირებული მერქანი ჩვეულებრივთან შედარებით ზრდის სიმტკიცეს სტატიკურ ღუნვაზე 75%-ით, ამცირებს წყალშთანთქმას 3-5-ჯერ და ზედაპირულ ცვეთას 1,5-2-ჯერ. მერქნის მოდიფიკაციის თერმული პროცესი (ხის მასალის თერმული დამუშავება) მოიცავს ტექნოლოგიას, რომლის დროს ხის მასალა ექვემდებარება ტემპერატურულ ზემოქმედებას სპეციალურ კამერაში ტემპერატურით 160-250°C, რის შემდეგაც მერქანი იღებს საუკეთესო ტექსტურას, ხოლო ჩვეულებრივი მერქანი სიმტკიცით ისეთივე ხდება, როგორიც მუხა და წითელი კედარი.

მერქნის თერმოდამუშავება პირველად დაიწყეს გერმანიაში და აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში. დამუშავება ხდებოდა 180-220°C ტემპერატურაზე წყლის ორთქლთან ერთად. მიღებული იქნა მასალა „THERMOWOOD” შესანიშნავი მახასიათებლებით. აღსანიშნავია, რომ ეს მასალა დღესაც გამოყენებაშია. თერმომოდიფიცირებული მერქანი პრაქტიკულად არ ექვემდებარება დაზიანებას ბიომავნებლების მიმართ, არ ეშინია ტენის, აქვს ამაღლებული ცეცხლმედეგობა და არ ლპება. ასეთი დამუშავების შემდეგ მერქანი ხდება ელიტური მოსაპირკეთებელი და საშენი მასალა, რომელიც არ ითხოვს რემონტს ან შეცვლას დიდი ხნის განმავლობაში. მერქნის ქიმიური პლასტიფიკაცია აირული ან წყალში გახსნილი ამიაკით გაცილებით ეფექტურია, ვიდრე გაორთქვლა. ის კარგად იღუნება და ფორმის მიცემის შემდეგ სწრაფად თავისუფლდება შიგა ძაბვებისაგან. ამიაკით მოდიფიცირება წარმატებით გამოიყენება ფოთლოვანი ჯიშის მერქნისთვისაც. მაგ., ასეთი დამუშავებით არყის ხის და ვერხვის მერქანი თვისებებით ისეთივე ხდება, როგორც მუხა. კომერციული თვალსაზრისით უმჯობესია მოვახდინოთ დაბალხარისხოვანი და იაფი ჯიშის მერქნის (არყის ხე, ვერხვი, თხმელა, ცაცხვი) მოდიფიცირება, რითაც საბოლოო პროდუქტი იძენს ისეთ ახალ თვისებებს, რომელიც საჭიროა ექსპლუატაციისათვის.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები