მოდალობა (ენათმეცნიერება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოდალობა – (ლათ. modus – ზომა, ხერხი; კილო ზმნისა), კატეგორია, რომელიც აღნიშნავს მეტყველების შინაარსის დამოკიდებულებას სინამდვილესთან. ეს მიმართება შეიძლება გამოიხატოს გრამატიკული, ლექსიკური და ინტონაციური საშუალებებით.

მოდალობის კატეგორია უნივერსალურია, რომელიც სხვადასხვა ენის სისტემაში თავისებურად შეიძლება გამოვლინდეს. მოდალობა შეიძლება გამოიხატოს როგორც ორგანულად (ზმნის კილოს ფორმით), ისე მისანიშნებელი ელემენტების, ე. წ. სპეც მოდიფიკატორების დახმარებით (როგორიცაა სხვადასხვა მოდალური ფორმა თუ ნაწილაკი). გამოყოფილია მოდალობის ოთხი სახე:
1.ობიექტური მოდალობა რომელიც გამოხატავს შეტყობინების დამოკიდებულებას სინამდვილესთან რეალურობის თვალსაზრისით. გამოხატვის მთავარ საშუალებად მიიჩნევენ ზმნის კილოს,
2 სუბიექტური მოდალობა რომელიც გულისხმობს მთქმელის დამოკიდებულებას ნათქვამთან. გადმოიცემა ინტონაციის, სპეც. კონსტრუქციების, სიტყვათა წყობის, გამეორების, შორისდებულებისა და მოდალური ნაწილაკების საშუალებით;
3 ლექსიკური მოდალობა გადმოიცემა ლექსიკური საშუალებებით, ანუ მოდალური ზმნების, მოდალური პრედიკატივების მეშვეობით; იგი სიახლოვეს ამჟღავნებს, ერთი მხრივ, ობიექტურ მოდალობასთან – ფორმალურ-სემანტიკური მახასიათებლებით, – და, მეორე მხრივ, სუბიექტურ მოდალობასთან იმ თვალსაზრისით, რომ იგი მთქმელის სუბიექტურ დამოკიდებულებასაც აელენს;
4. დადასტურებისა და უარყოფის, აგრეთვე კითხვის შემცველი ფრაზები. ამგვარად გამოხატული შინაარსი ძირითადად შემდეგია: შესაძლებლობის, სასურველობის, ვალდებულების, იძულების, მოსალოდნელობის, მზაობისა და მისთ.

მოდალობის კატეგორიის სუბიექტურ და ობიექტურ მოდალობა დიფერენცირება ავ-ლენს სინამდვილესთან მთქმელის დამოკიდებულების ხარისხს, ანუ შეტყობინების, გამონათქვამის დამოკიდებულებას სინამდვილესთან რეალურობის თვალსაზრისით; მეორე მხრივ კი, შეტყობინება კვალიფიცირდება სხვადასხვა ასპექტით (ემოციურითა თუ რაციონალურით) და ამის გამოსახატავად გამოყენებულია ის საშუალებანი, რომლებიც რეალურად არსებობს ენაში. სუბიექტური მოდალობა უფრო ფართოა და გამოხატვის მრავალ საშუალებას მოიცავს, დაწყებული სპეციფ. მოდალური ნაწილაკებით და დამთავრებული სიტყვათა რიგითა და სპეციფ. სინტაქსური კონსტრუქციებით ან მისი კომპონენტების წყობის სქემით.

მოდალობა კომპლექსური, მრავალასპექტიანი მორფოსინტაქსური კატეგორიაა, რომელიც სხვა ფუნქციურ-სემანტიკურ კატეგორიათა მთელ სისტემასთან მჭიდრო კავშირშია წარმოდგენილი. მოდალობის კატეგორია, ამასთანავე, გულისხმობს შემდეგ პოზიციათა არსებობას და ურთიერთდამოკიდებულებას: მოლაპარაკე (ანუ სუბიექტი), მოსაუბრე (ანუ ობიექტი), გამონათქვამის შინაარსი და სინამდვილე. ცალკეული ენის შესაძლებლობათა და რეალიზაციის საშუალებათა ღრმა შესწავლა წარმოაჩენს არა მარტო ენის მიერ ამ კატეგორიის გადმოცემის სპეციფიკას, არამედ თავად მოდალობის, როგორც უნივერსალური კატეგორიის არსსაც.

ქართულში მოდალობის გამოხატვის ფუნქცია ეკისრება მოდალურ ელემენტებს (ბ. ჯორბენაძე), რომლებიც ენაში გამოიყენება როგორც მოდალური დანიშნულებით, ასევე ზმნური ფუნქციით. მოდალურ ელემენტთა დიდი ნაწილი ზმნური წარმომავლობისაა (ეგებ, იქნებ, ლამის, უნდა, გინდა, თუგინდ, ეტყობა, თითქმის...). სწორედ ამ ზმნათა სემანტიკამ და სინტაქსური კონსტრუქციის თავისებურებამ განაპირობა აღნიშნულ ფორმათა მიერ თანდათანობით ზმნური ნიშნების დაკარგვა. ეს ზმნები მოდალური მახასიათებლებით თავიდანვე გამოირჩეოდნენ და თავიანთ ზმნურ შინაარსს სხვა ზმნურ ფორმებთან ერთად გადმოსცემდნენ მასდარული კონსტრუქციით ან ჰიპოტაქსის მეშვეობით.

მოდალურ ფორმათა ფორმობრიე-ფუნქციური ცვლილება ქართულში XV ს-იდან იწყება.

ნ. შარაშენიძე

ლიტერატურა

ჯორბენაძე ბ. ნაზმნარი მოდალური ელემენტები ქართულ-ში. – „ქსეს“, წგ. 10, თბ., 1991; შარაშენიძე ნ. უნდა მოდალური ფორმის ისტორიისა და მორფოსინტაქსური ანალიზისათვის. – „ენათმეცნიერების საკითხები“, 1999, №4.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები