მიქელაძე შალვა
მიქელაძე შალვა ანტონის ძე (17.IX.1884, ქუთაისი - 1938, თბილისი) - თერაპევტი, საზოგადო მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევიდა ოდესის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1907. ჯერ დაბა ხონში მუშაობდა ექიმად ორი წლის განმავლობაში, ხოლო 1910 წლიდან თბილისში გადმოვიდა „ქალაქის ექიმად“. 1911 წლიდან იყო ქართული დრამატული საზოგადოების წევრი, 1911-1914 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. 1904 წლიდან შალვა მიქელაძე საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი გახდა. 1909 წლიდან თანამშრომლობდა „სახალხო გაზეთსა“ და ფედერალისტური პრესის სხვა ორგანოებში. 1910-იანი წლებიდან იგი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ხელმძღვანელ ბირთვშია. 1917 წლის 22 ნოემბერს შალვა მიქელაძე საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე არჩეული ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელეს. 1918 წლის 29 მაისს ის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) გაფართოებულ შემადგენლობაში შევიდა. თანამშრომლობდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის გაზეთ „სახალხო საქმეში“.
საქართველოს ძალისმიერი გასაბჭოების შემდეგ შალვა მიქელაძე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილდა. 1924 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1926-1930 წლებში იყო თსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტის კერძო პათოლოგიისა და თერაპიის, ხოლო 1930-1935 თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგე. 1935-1938 წლებში განაგებდა ამავე ინსტიტუტის პროპედევტიკისა და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრებს. იყო პირველი ქართული საექიმო ჟურნალის „ექიმი“ რედაქტორი (ს. ვირსალაძესთან ერთად); აგრეთვე, ჟურნ. „თანამედროვე მედიცინის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და სხვ.
- დიმიტრი შველიძე
ლიტერატურა
- ი. ცინცაძე, შ. ა. მიქელაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, „თბილისის საქალაქო I კლინიკური საავადმყოფოს შრომები“, ტ. VI, 1964;
- მიქელაძე შალვა ანტონის ძე, ქსე, ტ. VII, 1984;
- სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107.
იხილეთ აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი