მესხური დარბაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მესხური სახლი

მესხური დარბაზი – საცხოვრებელი ნაგებობის ტიპი, ფართოდ გავრცელებული ძველ მესხეთში.

წარმოადგენს ოთხკუთხა ძელებით კონუსურად ამოყვანილი გვირგვინის გადახურვის სისტემას. გვირგვინის ცენტრში ღიობია (ერდო), საიდანაც სინათლე და ჰაერი შემოდის, გარეთ კი კერაზე დანთებული ცეცხლის კვამლი გადის. ამ სპეციფიკური ნიშნების გამო ასეთ ნაგებობებს ერდოიან-გვირგვინიან სახლებსაც უწოდებენ.

მესხური დარბაზი, ვალე

გვირგვინიანი ნაგებობის კედლებზე კი არაა დაყრდნობილი, არამედ საგანგებოდ შექმნილ ბოძებზე, რომელთაც დედაბოძი ეწოდება. დარბაზს შეიძლება ჰქონოდა 2 ან 4 დედაბოძი. სამცხე-ჯავახეთში ასეთ საცხოვრებელს ერთობის სახლს ეძახდნენ, ვინაიდან მასში 3-4 თაობის წარმომადგენელი ერთად ცხოვრობდა. ერთობის სახლი არა მარტო საცხოვრებელინაგებობა იყო, არამედ სამეურნეო კომპლექსიც. ზამთარში აქ ჰყავდათ შინაური პირუტყვი, აქვე ინახავდნენ მათ გამოსაკვებ პროდუქტსაც. საცხოვრებლის მთავარი სათავსი, ცენტრალური ოთახი იყო დარბაზი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა და სადაც სტუმრის მიღება-გამასპინძლება ხდებოდა, იმართებოდა ყველა სადღესასწაულო სუფრა. ამ ოთახს აუცილებლად გვირგვინიანი გადახურვა ჰქონდა. სხვა სათავსებსაც შეიძლება ჰქონოდა გვირგვინიანი სახურავი. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელი უფრო საჭირო იყო – სინათლე და განიავება, თუ ზამთარში ცეცხლის დაუნთებლად სითბოს შენარჩუნება. გვირგვინი ჰქონდა მხოლოდ იმ სათავს, სადაც ადამიანი ცხოვრობდა, სამეურნეო სათავსს კი, განსაკუთრებით პირუტყვის სადგომებს – არა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ადგილობრივი მკაცრი ზამთარი ქართველ მეურნეს აიძულებდა პირუტყვისათვის თბილი სადგომი მოემზადებინა. ეს კი ყველაზე უკეთესად, მაშინდელ პირობებში სწორედ მიწის სიღრმეში იყო შესაძლებელი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთის დიდი ნაწილი შეშის დეფიციტს განიცდის. ამიტომ ამ ადგილებში ისეთი ნაგებობა უნდა შექმნილიყო, სადაც შეშის თუ წივის მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალური ეფექტი იქნებოდა მიღწეული.

გვირგვინიანი ნაგებობის კედლებზე კი არაა დაყრდნობილი, არამედ საგანგებოდ შექმნილ ბოძებზე

დარბაზის ცენტრში, ერდოს ქვემოთ მოწყობილი იყო კერა. მოგვიანებით იგი ბუხარმა შეცვალა და კედლის სიღრმეში გადაინაცვლა. ამიტომ ერდოს მხოლოდ განიავებისა და განათების ფუნქცია დარჩა. ყოველ საცხოვრებელ კომპლექსს პურის გამოსაცხობად ჰქონდა თავ-თავისი სათონე ან ფურნის ოთახი. ასევე აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა ზამთარში შინაური პირუტყვის დასაბინავებელი ბოსელი (ახორი) და თივა-ბზის შესანახი სათავსი – საბძელი. დარბაზული ნაგებობები თითქმის მიწაში იყო ჩამჯდარი და თანაც მიწითვე იყო დაფარული, უცხო თვალისათვის ძნელად შესამჩნევი იყო. მესხეთში ამგვარ სახლებს ერთმანეთის გვერდი-გვერდ აშენებდნენ და ფაქტობრივად მიწისქვეშა კვარტალებს ქმნიდნენ. მათ ერთმანეთთან დამაკავშირებელი კარებიც კი ჰქონდათ, ისე რომ არ უხდებოდათ გარეთ გამოსვლა და ქუჩების გავლა, რომ მეზობელთან მოხვედრილიყვნენ. თ. ჩიქოვანი ამ ფაქტს თავდასხმის საშიშროების არსებობით ხსნის: „უბნის ამგვარი კომპაქტურობა ავბედობით იყო ნაკარნახევი, ყველა სახლი ერთმანეთს საიდუმლო კარებით უკავშირდებოდა. მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში, უბნის მოსახლეობა ამ საიდუმლო კარებით ერთი სახლიდან მეორეში გადადიოდა და იქ იყრიდა თავს, რომელიც უფრო საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა. სახლებს არც თუ იშვიათად გვირაბებიც ჰქონდა, რომლის საშუალებითაც ლტოლვილი მოსახლეობა სოფლიდან იპარებოდა და ციხესიმაგრეებს აფარებდა თავს”. ამასთან მესხური ტიპის დარბაზი ადგილობრივი ბუნებრივი პირობების და სამეურნეო საქმიანობის შესატყვისად ჩამოყალიბდა. კერძოდ, შედარებით მშრალი კლიმატის პირობებში შესაძლებელი იყო ნაგებობათა მიწის სიღრმეში აგება – მშენებლობისათვის გამოყენებული ხის მასალა დიდხანს ძლებდა და ნესტის სიმცირეც ადამიანების ხიფათს არ უქმნიდა. ოჯახს თუ დასჭირდებოდა ნებისმიერი ოთახიდან გაჭრიდა კარს, გამოიღებდა მიწას, ამოიყვანდა კედელს და ახალი სათავსიც მზად იყო. ამიტომაც იყო რომ მესხური დარბაზის გეგმა ყველგან არაპროპოციულია. მიწისზედა ნაგებობების შემთხვევაში კი მეტი ძალისხმევაა საჭირო, როგორც კედლების ამოყვანის ისე მისი გამაგრების მხრივაც.

დარბაზულ ნაგებობა გარემო პირობების კარგად ცოდნისა და მისი შემოქმედებითი გამოყენების კლასიკური მაგალითია. ამასთან იგი ახალი კულტურულ-ისტორიული ფენომენის – ქართული ჯვარ-გუმბათიანი ხუროთმოძღვრების წარმოშობის წინაპირობაცაა. მიჩნეულია, რომ ქართული საკულტო ნაგებობების განვითარების გარკვეულ საფეხურზე სწორედ დარბაზული საცხოვრებლის ძირითადი ელემენტი – გვირგვინი იქნა გამოყენებული ახალი სტილის ე.წ. ჯვარ-გუმბათოვანი საკულტო ნაგებობების შესაქმნელად. კერძოდ, ქართველმა ხუროთმოძღვარმა დარბაზიდან აიღო კვადრატული ფორმიდან მრგვალ ფორმაზე გადასვლის იდეა.



წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები