მერქანბოჭკოვანი ფილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერქანბოჭკოვანი ფილა

მერქანბოჭკოვანი ფილა – ხელოვნური ფურცლოვანი მასალა ფილის სახით, რომელიც მზადდება მერქნის ბოჭკოებისა და სინთეზური ფისების ნარევის ცხელი დაწნეხით. საწარმოებელ ნედლეულად გამოიყენება მერქნის ნარჩენები (ნაფოტი, მსხვრეულა, ვარჯი), რომლებიც გადამუშავდება დეფიბრატორებში მერქნის ბოჭკოს მისაღებად. მერქნის მასას ემატება ჰიდროფობიზატორები პარაფინის და კანიფოლის (ამაღლებს ტენმედეგობას) სახით, აგრეთვე სპეციალური დანამატები ანტიპირენი და ანტისეპტიკი. ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გასაუმჯობესებლად კომპოზიტში შეჰყავთ სინთეზური ფისები (4-8%). რაც შეეხება შემკვრელს, რბილი ფილების დამზადებისას იგი ხშირად შემადგენობაში არაა, რადგან ტექნოლოგიური პროცესის დროს (მაღალი ტემპერატურა) ლიგნინი ავლენს წებოვან თვისებებს. ზემაგარი ფილების დასამზადებლად გასაჟღენთ ნივთიერებად გამოიყენება თალიუმის ზეთი (პეკტოლი), რომელიც მასალის სიმტკიცეს ზრდის 20-30%-ით.

კლასიფიკაცია ხდება სიმკვივის, დანამატების, დაწნეხის მეთოდის, ზედაპირის ტიპისა და პირის შრის სიგლუვის, შემკვრელის ტიპის, სტრუქტურის, გამოყენების სფეროს (გადახურვა, კედელი) მიხედვით. განასხვავებენ საერთო დასპეციალური დანიშნულების ფილებს. საერთოს მიეკუთვნება ფილა მშრალი პირობებისათვის, ხოლო სპეციალურს – ფილები, რომლებიც მუშაობენ მშრალ და ტენიან გარემოში და მიეკუთვნებიან ბიომედეგ და ძნელად წვად მასალებს.

სიმკვრივის მიხედვით, წარმოების მშრალი მეთოდის გამოყენებით, მბფ არსებობს: საშუალო სიმკვრივის, მაღალი სიმკვრივის.

სიმკვრივის მიხედვით, წარმოების სველი მეთოდის გამოყენებით, არსებობს: რბილი, სიმკვრივით < 400 კგ/მ3; ნახევრადმაგარი (დაბალი სიმკვრივის), სიმკვრივით 400-800 კგ/მ3; მაგარი, სიმკვრივით > 800 კგ/მ3. თავის მხრივ მაგარი შეიძლება იყოს: უხეში პირითი ზედაპირით; თხელდისერსიული ხის პირითი შრით; შეღებილი პირითი შრით; შეღებილი თხელდისერსიული ხის პირითი შრით; უხეში პირითი ზედაპირით და მაღალი ტენმედეგობით; პირითი შრით თხელდისერსიული ხის მასით და მაღალი ტენმედეგობით.

ზემაღალი სიმკვრივის ფილებს მიეკუთვნება: მაგარი ფილა, განმტკიცებული სპეციალური დანამატებითა და დამუშავებით; ზემაღალი სიმტკიცის ფილა უხეში პირითი ზედაპირით; ზემაღალი სიმტკიცის ფილა თხელდისერსიული ხის პირითი შრით.

სიმკვრივის მიხედვით, წარმოების მშრალი მეთოდის გამოყენებით, არსებობს საშუალო და მაღალი სიმკვრივის.

ფორმალდეჰიდის შემცველობის მიხედვით და ფორმალდეჰიდის ემისიის კლასზე დამოკიდებულებით – სამი ტპის: E0,5; E1 და E2.

წარმოების სახის მიხედვით – ბრტყელი პერიოდული უწყვეტი დაწნეხის და სველი (მშრალი) დაწნეხის.

ზედაპირული დამუშავების მიხედვით – უხეში ზედაპირებით; პირითი ზედაპირი გაკეთილშობილებული, მეორე ზედაპირი – უხეში; ორივე ზედაპირი გაკეთილშობილებული; ერთმხრივად გლუვი; ორმხრივად გლუვი; გახეხილი ზედაპირებით; გაუხეხავი ზედაპირებით; მოპირკეთებული ან შეღებილი ზედაპირებით (ზოგჯერ მას ორგალიტსაც უწოდებენ):

ა) მოპირკეთებული – ფილა, რომლის ორივე ზედაპირი შემოსილია ფურცლოვანი ან რულონური მასალით;
ბ) გალაქული (შეღებილი) – ფილა, რომლის ერთი ან ორივე ზედაპირი დაფარულია ლაქით (საღებავით);
გ) ლამინირებული – მშრალი წარმოების მეთოდით მიღებული ფილა, რომლის ზედაპირებზე დაწებებულია თერმორეაქტიული პოლიმერული აფსკები. ფისის სახეობის მიხედვით – წყალმედეგი და დაბალი წყალმედეგობის.

ტექნიკური მახასიათებლები: სიმკვრივე – 0,55-1,1 გ/სმ3; სიმტკიცე ღუნვაზე – 15-50 მპა; თბოგამტარობა – 0,046-0,093 ვტ/(მ·K); ზღვრული საექსპლუატაციო ტენიანობა – 3-12%; ფილის სისქე – 8, 12, 16, 25 მმ (დაბალი და საშუალო სიმკვრივის ფილებისთვის); 6, 8, 12 მმ (ნახევრადმაგარი სორტისათვის); 2,5; 3,2; 4,5; 6 მმ (მაგარი და ზემაგარი ფილებისათვის); ფი-ლის სტანდარტული ზომები – 1745x1220 მმ; სიგრძე 1220-3000 მმ; სიგარე 1220-1700 მმ.

გამოყენების სფერო: მშენებლობა (ლამინირებული საფარველი, მაღალი სიმტკიცის საკედლე დეკორატიული პანელები, საშუალო სიმტკიცის მონოსტრუქტურული ხის ფილა; ჭერის, კედლების, იატაკების მოპირკეთება, ლამინირებული ფურცლები, კარის საგდულები, გადახურვის დათბუნება, ტიხრების ბგერაიზოლაცია); ვაგონთმშენებლობა (მატარებლის, მეტროს, ტრამვაის სამგზავრო ვაგონების შიდა მოპირკეთება); სადურგლო კონსტრუქციები და ნაკეთობები; ავეჯი; ტარის წარმოება; ელექტროფარების პანელები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები