მედიტაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მედიტაცია - სპეციალური ვარჯიშები ფსიქიკური და ემოციური სიმშვიდის მისაღწევად. არსებობს მედიტაციის მრავალი მეთოდი. თითოეული მათგანი სხვადასხვა მიდგომასთან არის დაკაშირებული, მაგრამ მათ საერთო მახასიათებლებიც გააჩნიათ. პირველი საერთო კომპონენტია რელაქსაციისა და სუნთქვის რეგულაციის ინსტრუქციები. მეორეა ყურადღების გადატანა გარე სამყაროს საგნებიდან, მოვლენებიდან და აზრების ნაკადიდან, რომელიც ყურადღების გადატანის გარეშე ცნობიერებაში იქნებოდა გაბატონებული. ხშირად, ასეთი მდგომარეობის მისაღწევად პიროვნება იმეორებს სიტყვებსა ან ფრაზებს გამეორება (მანტრა). მესამე კომპონენტია ყოველდღიური საქმიანობიდან მოწყვეტა, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს აღიდგინოს სიმშვიდე.

მიუხედავად იმისა, რომ მედიტაციას ფსიქიატრიაში რეგულარულად არ იყენებენ, ის სულ უფრო ხშირად გამოიყენება უმნიშვნელო ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პაციენტებთან, როგორც ფსიქიატრიული მკურნალობის ალტერნატივა.

პლატონის მოძღვრება და ნეოპლატონიზმი მედიტაციას განიხილავს როგორც „ფილოსოფიურ ექსტაზს“. მედიტაციამ განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა ინდურ, კერძოდ იოგას ფილოსოფიურ სისტემაში, ბუდიზმში (ნირვანის მიღწევის აუცილებელი პირობა). მედიტაციის აღმოსავლური სახეობანი მკვეთრად აბსტრაქტულია და ამიტომაც იწოდება ტრანსმედიტაციად (ლათ. trans – მიღმიერი). მაჰმადიან სუფიებთან მედიტაცია „გზის“ გამონახვის უმთავრესი საშუალებათაგანია.

არსებობს სხვადასხვა მეთოდური სახელმძღვანელოები, რომელთა დახმარებით ხდება გონების გაწონასწორება და ფსიქიკის არარეაქტიულობის გამომუშავება. მათ შორის მკაფიო სისტემურობით გამოირჩევა იოგას სავარჯიშოები. ისინი გამოყენებულ იქნა რელაქსაციის (სხეულის მოდუნება) მისაღწევად სამსახიობო ტექნიკაშიც (სტანისლავსკი, გროტოვსკი).

ხელოვნებაში მედიტაციას განიხილავენ როგორც პოეტურ აქტს (პოეტური მედიტაცია). პოეზიაში არსებობს ჟანრი ე.წ. ლირიკული მედიტაცია. მ. ჩეხოვი მედიტაციას მიიჩნევდა როლზე მუშაობის უმთავრეს საყრდენად. კ. სტანისლავსკი ეძებდა მედიტაციის სცენურ პრაქტიკასთან დაკავშირების გზებს და მეთოდებს. პოეტური მედიტაცია აღიარებულია ხელოვნების ნებისმიერი დარგის საფუძვლად. (მ. გეგია)

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები