მარსო ფელისიენ
მარსო ფელისიენ - (ფრ. Marceau Felicien 1913 - 2012). ნამდვილი სახელი და გვარია ლუი კარეტი (Louis Carrete). იგი ცნობილი ფრანგი რომანისტი და დრამატურგია, საფრანგეთის აკადემიის წევრი.
ბიოგრაფია
მარსო დაიბადა 1913 წელს მოხელის ოჯახში, ქალაქ კორტენბერგში, ბელგიაში. სწავლობდა კათოლიკურ სასწავლებელში, შემდეგ უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ქალაქ ლუვენეში. აღსანიშნავია, რომ ლიტერატურა მას უფრო იტაცებდა, ვიდრე იურისპრუდენცია და 1936 წელს მომავალი მწერალი მუშაობას იწყებს ბელგიური რადიოს ლიტერატურულ რედაქტორად. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მობილიზებული იყო არმიაში (1939 წელს). ბელგიის დამარცხების შემდეგ ბრუნდება სამშობლოში, ძველ სამუშაო ადგილზე (1940 წლის აგვისტოდან 1942 წლის მაისამდე), რაც ბელგიის განთავისუფლების შემდეგ მის კოლაბორაციონალიზმში ბრალდების საბაბი ხდება. მარსო ამ ბრალდებას არ ეთანხმება, ტოვებს ბელგიას და საფრანგეთში გადადის. 1959 წელს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების დროს მარსოს „საქმეში“ ჩარეულები არიან ისეთი ცნობილი ფრანგული წინააღმდეგობის მებრძოლნი, როგორიც საფრანგეთის პრეზიდენტი, გენერალი დე გოლი და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მიშელ დობრე იყვნენ. ისინი თავად უჭერენ მხარს ამ საკითხში და ხელს აწერენ დეკრეტს მისი ნატურალიზაციის შესახებ.
ომისშემდგომ საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში მარსო ხდება ფრანგი რომანისტი და დრამატურგი. მისი პიესები და რომანები დიდი წარმატებით სარგებლობს მკითხველში. 1955 წელს იგი იღებს პრემიას ინტერატელიეს რომანისთვის „გულის სწრაფვანი“ („Les Élans du coeur“), ხოლო 1969 წელს - უმაღლეს ლიტერატურულ ჯილდოს - გონკურების აკადემიის პრემიას რომანისათვის „კრიზი“ („Creezy“). 1975 წელს ფელისიენ მარსოს ირჩევენ საფრანგეთის აკადემიაში გარდაცვლილი მარსელ აშარის ადგილზე.
მისი ყველაზე ცნობილი დრამატურგიული ნაწარმოებებია:
- „კატერინა“ (1954);
- „კვერცხი“ („L’Oeuf“, 1956);
- „ოთხი მტკიცება“ („La Preuve par quatre“);
- „ერთხელ შევიცან ჭეშმარიტება“ (1966);
- „კონსერვის დანა“ („L’Ouvre-Boîte“, 1972);
- „ადამიანი, რომელზეც საუბრობენ“ („L’Homme en question“, 1973).
პიესა „კვერცხი“ ყველაზე მნიშვნელოვანია ფელისიენ მარსოს შემოქმედებაში. პირველად იგი 1956 წელს დაიდგა ატელიეს თეატრში.
გამოცემები ქართულ ენაზე
- ორი ნოველა / ფელისიან მარსო; ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა, მხატვარი გეგა პაქსაშვილი. ჩვენი მწერლობა თბილისი, 2014. 1987-7730 11 ივლისი, N14(222), გვ.63-70, ახალი თარგმანები
- სამი ნოველა: (ციკლიდან: კარგი ბუნებისანი) / ფელისიან მარსი; ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა, მხატვარი ნოდარ ბადურაშვილი. ჩვენი მწერლობა თბილისი, 2015. 1987-7730 20 თებერვალი, N4(238), გვ.64-70, ახალი თარგმანები